თეგი: მასწავლებლები
გამოცდების ეროვნული ცენტრი: უფროსი და წამყვანი მასწავლებლები გამოცდას ერთი ტესტით ჩააბარებენ
უფროსი და წამყვანი მასწავლებლები გამოცდას ერთი ტესტით ჩააბარებენ. საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, - ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, იგი ეყრდნობა მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს, რომელშიც წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისათვის განსაზღვრულია დამატებითი მოთხოვნები და კომპეტენციები (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №67/ნ 2020 წლის 30 ივნისი ქ. თბილისი, თავი IV). „ტესტის მოკლე აღწერა: უფროსი და წამყვანი მასწავლებლები გამოცდას ერთი ტესტით ჩააბარებენ. საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. წამყვანი და მენტორი მასწავლებლებლობის მსურველთათვის განისაზღვრა მინიმალური კომპეტენციის ზღვრები: წამყვანობის მსურველმა უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი, ანუ 43 ქულა; მენტორობის მსურველმა უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 75 % -ზე მეტი, 53 ქულა. საგამოცდო ტესტში სულ 32 სხვადასხვა ტიპის დავალებაა გამოყენებული, მათგან: 22 არჩევით პასუხებიანი დავალებაა; 2 - შესაბამისობის დავალება; 8 - ღია დავალებები; ფუნქციური/ანალიტიკური წერა. გამოცდის ხანგრძლივობაა 4 საათი. საგამოცდო პროგრამა და ტესტურ დავალებათა ნიმუშები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
არის პრობლემები, რომლებიც მასწავლებლებს აწუხებთ, გვინდა მოსმენა - ამილახვარი
ხვალ მასწავლებლებთან დაგეგმილ შეხვედრაზე ის საკითხები განიხილება, რომელიც მათ აწუხებთ, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა. „მოგვმართეს უკვე, პირადად მეც მომმართეს, შესაბამისად ამ საკითხებთან დაკავშირებით გვინდა მათთან გასაუბრება, მათი მოსმენა, როგორ ხედავენ ისინი სასკოლო საკითხებთან და მათი კარიერული განვითარების საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას. მოვიწვიე მრჩევლად და კონსულტანტად გია მურღულია და შევქმენით სამუშაო ჯგუფი ზოგადი განათლების მიმართულებით, რომელიც სწორედ ყველა იმ საკითხზე და გამოწვევაზე იმუშავებს, რომელიც დღეს აწუხებს და ადარდებს მასწავლებელს, მშობელს და ბავშვს. სწორედ ეს არის მთავარი მიზანი ხვალინდელი შეხვედრის. ეს შეხვედრები გაგრძელდება და მომდევნო კვირებშიც იქნება, გახდება უფრო ინტენსიური, რომ მოვიცვათ, რაც შეიძლება ფართო მასები მასწავლებლების“, – განაცხადა ამილახვარმა.
გამოცდები 2023-ის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დაიწყო
აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა. „ბარათზე მოცემულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. ცენტრი ყველა მონაწილეს სთხოვს, ყურადღებით გაეცნოს ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და გაითვალისწინოს, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვება. საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია: გამოსაცდელი ვებგვერდზე online.naec.ge გამოყოფილ სპეციალურ ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ ხუთნიშნა კოდს და შედის საკუთარ გვერდზე, რომელზეც გაიარა რეგისტრაცია. გამოსაცდელი მიჰყვება ბმულს - „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“. ბარათი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და ამობეჭდოთ ნებისმიერ დროს მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა გამოსაცდელებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4)", - ნათქვამია ინფორმაციაში. წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. გთავაზობთ საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალს.
განათლების მინისტრი მასწავლებელთა პროტესტს გამოეხმაურა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა მასწავლებლების პროტესტს. მინისტრის განცხადებით, ის პედაგოგებს შეხვდა. „ჩვენ ყველას ვხვდებით. კონკრეტულად ამ ადამიანებს ადრეც არაერთხელ შევხვდი. თითოეულის გულისწუხილი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ვთვლი, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს რაიმე პრობლემა, მოსმენას აუცილებლად იმსახურებს. ჩვენ არ მივეკუთვნებით იმ კატეგორიას, რომელიც არ ითვალისწინებს საზოგადოების აზრს. ვიცით როგორია უმრავლესობის განწყობა, ვიცით, რომ ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა ერთი ადამიანიც თუ აპროტესტებს რაღაცას მას აუცილებლად შევხვდებით და მოვუსმენთ. მინდა აღვნიშნო, რომ თავად სასკოლო საზოგადოება მასწავლებლები და მშობლები სცემს პასუხს დირექტორობის მსურველთა კონკურსის ირგვლივ დასმულ კითხვებს, რომ არსად არ გამოკვეთილა არანაირი სამართალდარღვევა და ამ პროცესს უკმაყოფილება არ გამოუწვევია. თუ კონკრეტული პირები თვლიან, რომ დაირღვა მათი უფლებები ამისთვის არსებობს სასამართლო, ასე ხდება ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში. პირველები ვართ, ვინც დავიწყეთ სკოლების ავტონომიის ზრდაზე მუშაობა, ასე რომ მათი არგუმენტები ამ კუთხით მიუღებელია,” - განაცხადა ამილახვარმა. შეხვედრის შემდეგ ცნობიილი გახდა, რომ პროტესტი გაგრძელდება. „არ სურთ იმის აღიარება, რომ გასაუბრებაზე ხდებოდა დანაშაული. მოთხოვნა არის, აღიარონ დანაშაული კონკრეტულად ჩვენ წინაშე, ჩვენი დისკრიმინაცია არ არის სწორი. სამუშაო დღის დასრულებამდე დაველოდები და მერე ჩვენ არ გავალთ არსად. გაგრძელდება შიმშილით აქცია, თუ ვერ მივიღებთ პასუხს," - განაცხადა დირექტორთა კონკურსის მონაწილემ მაია ეკალაძემ. ის განათლების სამინისტროსთან შიმშილობის დაწყებას გეგმავს. პროტესტის მონაწილეები დირექტორთა სერტიფიცირების შედეგებს არ ეთანხმებიან. მასწავლებლების ინტერესებს სასამართლოში „სამართლიანი არჩევნები” იცავს.