თეგი: ნაძვის ხე
კახა კალაძის თქმით, წელს ახალი ნაძვის ხის შეძენა არ იგეგმება
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, წელს დედაქალაქისთვის ახალი ნაძვის ხის შეძენა არ იგეგმება. ამასთან, კალაძე აცხადებს, რომ თბილსიში მასშტაბური საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. „წელს თბილისში მასშტაბური ღონისძიებები გვექნება. ძალიან ლამაზი იქნება ქალაქი საახალწლოდ. რაც შეეხება ნაძვის ხეს, დიზაინერები გადაწყვეტენ როგორ მოირთვება. უშუალოდ ღონისძიებებზე - ქალაქის განათება, ნაძვის ხის ანთება, საახალწლო სოფლის გახსნა, კონცერტები - მოგვიანებით მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას“, - თქვა თბილისის მერმა.
თბილისში, მთავარი ნაძვის ხე 9 დეკემბერს აინთება
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები 9 დეკემბერს აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, მოგვიანებით გაიხსნება საახალწლო სოფელიც. „საახალწლო ილუმინაციებისა და დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება 9 დეკემბერს, იმის გათვალისწინებით, თუ როგორი ამინდი იქნება. ამასაც ვაკვირდებით. თუ რაიმე ცვლილება იქნება, ამის შესახებაც მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას, თუმცა, გადაწყვეტილი გვაქვს, რომ 9 დეკემბერს განათდეს დედაქალაქი საახალწლო ილუმინაციებით. მოგვიანებით გაიხსნება საახალწლო სოფელი, სადაც ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები. ამასთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მოგვიანებით მივაწვდით საზოგადოებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ხვალ, ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება. მობრძანდით და ერთად ჩავიფიქროთ სურვილები - კახა კალაძე
მობრძანდით და ერთად ჩავიფიქროთ სურვილები, ერთად ჩავიფიქროთ მშვიდობა, - თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხვალ, 9 დეკემბერს, 20:00 საათზე საახალწლო ილუმინაციები აინთება და ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება. „ახალი წელი და შობის დღეები არის დღესასწაული, რომელსაც განსაკუთრებით ელოდება ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანი, ბავშვები, ყველა თაობის ადამიანი, ყველასთვის არის მნიშვნელოვანი. მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ხვალ, 9 დეკემბერს, საღამოს რვა საათზე მოხდება ქალაქის განათება და ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება. მინდა, დავპატიჟო ყველა, ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდით და ერთად ჩავიფიქროთ სურვილები, ერთად ჩავიფიქროთ მშვიდობა, რაც დღევანდელ რეალობაში, დღევანდელ მოცემულობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ყველას, მთელ მსოფლიოს გვინდა, ვუსურვოთ მშვიდობა და სიმშვიდე. ნაძვის ხის ანთების შემდეგ გაიმართება კონცერტი. ჩემი თხოვნა იქნება, თბილად ჩავიცვათ, რადგან ძალიან ცივა. წამოიყვანეთ თქვენი პატარები, შვილები, შვილიშვილები და მობრძანდით, გელოდებით რუსთაველის გამზირზე. ხვალ, საღამოს რვა საათზე მოხდება ქალაქის განათება და ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთება. საახალწლო სურვილები უცვლელია – სიკეთე, სიყვარული, სიცოცხლე, სოლიდარობა და, რა თქმა უნდა, მშვიდობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 14 დეკემბერს აინთება
დედაქალაქის მერის განცხადებით, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე შაბათს, 14 დეკემბერს აინთება. კახა კალაძის ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ შაბათს მთელ ქალაქში ეტაპობრივად ჩაირთვება სადღესასწაულო განათებები. „როგორც იცით, დედაქალაქში დაწყებულია სადღესასწაულო სამზადისი, რომელიც ფაქტობრივად, დასკვნით ეტაპზეა. ყველა ცენტრალურ გამზირზე, გარდა რუსთველის, დამონტაჟებულია საახალწლო განათებები. რაც შეეხება უშუალოდ რუსთაველის გამზირს, ილუმინაციებით მორთვის სამუშაოები ცოტა მოგვიანებით დაიწყება. მინდა მივაწოდო ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე შაბათს, 14 დეკემბერს აინთება და მთელ ქალაქში ეტაპობრივად ჩაირთვება სადღესასწაულო განათებები,“ - აღნიშნა კალაძემ. თბილისის მერის განცხადებით, ქვეყანაში აუცილებლად იქნება მშვიდობა, განვითარება და ყველა ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე გადაიდგმება. „მინდა გითხრათ, რომ თბილისი კვლავ იქნება ყველაზე ჯადოსნური, ლამაზი, საახალწლოდ მორთული ქალაქი, სადაც ადამიანებს, ჩვენს პატარებს ექნებათ ბედნიერების, სიხარულის განცდა. რა თქმა უნდა, პატარები ნახავენ ნამდვილ დღესასწაულს და გაერთობიან, ამისთვის ყველა პირობა შექმნილი იქნება. სამწუხაროდ, არიან გარკვეული ძალები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში არეულობის შემოტანას ცდილობდნენ. თუმცა მინდა მოგმართოთ თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და გითხრათ, რომ ქვეყანაში აუცილებლად იქნება მშვიდობა, განვითარება და გადაიდგმება ყველა ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. ასე რომ, ერთად ავანთოთ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და ერთად ჩავიფიქროთ ჩვენი სამშობლოს გამარჯვებები. ყველას გელოდებით შაბათს, 14 დეკემბერს საღამოს 19:00 საათზე. შეგიძლიათ მობრძანდეთ თქვენი შვილებით, შვილიშვილებით და რაც მთავარია აუცილებლად თბილად ჩაიცვით,“ - აღნიშნა კალაძემ.
თბილისის მერიამ პარლამენტთან ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების ღონისძიება გადადო
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო ღონისძიება გადაიდო. შესაბამისი განცხადება კახა კალაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. „რადიკალურმა ოპოზიციამ აქაც კი იკადრა უკადრებელი და ნაძვის ხის წინ ბავშვების ადგილი დაიკავა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი არიან აგრესიული მომიტინგეები, რომლებმაც უკვე მოაწყვეს რამდენიმე პროვოკაცია, მათ შორის, შუშის ბოთლები ისროლეს სცენის მიმართულებით. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ ისინი ემზადებოდნენ პროვოკაციების მოწყობისთვის და არ მისცემდნენ პატარებს საახალწლო ზეიმის გამართვის შესაძლებლობას. ამ ფონზე ჩვენ გვინდა, მოვუწოდოთ, ვინც მოდიოდა, აღნიშნულ თანამოქალაქეებს, რომლებიც ახლა შეკრებილები არიან პატარებთან ერთად საკრებულოს შენობასთან, არ მივცემთ საშუალებას წავიდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით და მინდა მათ მოვუწოდო დაშლისკენ. ბავშვების ინტერესები რადიკალურ ოპოზიციას რომ არაფრად მიაჩნია, ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როცა სკოლებში პოლიტიკური კამპანია წამოიწყვეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება გადავდოთ ნაძვის ხის ანთება, საახალწლო ზეიმი. საზეიმო ღონისძიება გაიმართება მაშინ, როცა რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს და მათ ნაძვის ხის ანთების შესაძლებლობას მისცემს. „ჩვენ მოვისმინეთ მუქარები ამასთან დაკავშირებით, რომ იქნებოდა პროვოკაციები და არ მისცემდნენ შესაძლებლობას ბავშვებს, ეზეიმათ. გუშინ მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელიც იყო ამაზრზენი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის წინაშე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების წინაშე და არ გვინდა, ეს პროცესები ვიღაცებმა სათავისოდ გამოიყენონ, შესაბამისად, მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება, დღეს ზეიმი არ გაიმართება და მომდევნო დღეების განმავლობაში მოგაწვდით ამასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას," - განაცხადა კალაძემ. ნაძვის ხე დღეს, 14 დეკემბერს, 19:00 საათზე უნდა ანთებულიყო. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მოპირდაპირედ, რუსთაველის გამზირზე საპოლიციო ძალები განლაგდნენ და ტერიტორია ერთგვარად შუაზე გაყვეს - ერთ მხარეს აქციის მონაწილეები იდგნენ, მეორე მხარეს კი, ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე მისული ადამიანები. „აქ ცუდი რაღაც მოხდება და არ გვინდა რა, დავიშალოთ“, - ასე მიმართა მათ პარლამენტიდან გამოსულმა მამუკა მდინარაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა. პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე, ნათელა მაჭავარიანთან ერთად მივიდა. „ჭირშიც და ლხინშიც ერთად ვართ. აქ თუ რაღაცას ვზეიმობთ, ვიზეიმებთ და ყველაფერში ერთად ვართ და ყველა წყნარად იყოს, არაფერი მოხდება ამ საღამოს, ყველანი ერთად ვიქნებით.“ ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა პროვოკაცია პარლამენტის წინ ნაძვის ხის ანთების ღონისძიების დაგეგმვა, ზურაბიშვილმა უპასუხა: „არაფერი პროვოკაცია არ იქნება, მე ვარ დედა და ბებია, ნათელა არის დედა და ბებია და არანაირი პროვოკაცია არ იქნება.“ შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. 28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის, სისხლის სამართლის წესით - 30-ზე მეტი ადამიანი.