თეგი: ნინო წილოსანი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2022-24 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღეს 2022-24 წლების სამოქმედო გეგმის თაობაზე იმსჯელა და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. მომხსენებელმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ხატია წილოსანმა განაცხადა, რომ გეგმა ოთხი ძირითადი მიმართულებისგან შედგება. ეს არის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობა, გამჭვირვალობა და კომუნიკაცია და ასევე, კომიტეტის ორგანიზაციული საქმიანობა. გარდა ამისა, მან იმ ძირითადი კანონპროექტების შესახებ ისაუბრა, რომლებზეც კომიტეტი 2022 წლის განმავლობაში იმუშავებს. „ყველაზე მნიშვნელოვანია კლიმატის მიმართულებით საკანონმდებლო საქმიანობის დახვეწა და გაუმჯობესება, ასევე კლიმატის საბჭოს შექმნა, რომელიც კლიმატის პოლიტიკისა და მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობასა და ამ კუთხით პარლამენტის როლის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. ასევე მნიშვნელოვანი კანონპროექტია სამრეწველო მისიების შესახებ ახალი კანონის ინიციირება, წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონპროექტი, რომელიც წყლის რესურსების ინტეგრირებულ მართვას გულისხმობს. მოვამზადებთ შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ ახალ კანონპროექტს, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში მიმდინარე ცვლილებებს და ვიმსჯელებთ იმ საკითხებზე, რომლებიც ახლებურად მოაწესრიგებს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) დაქვემდებარებული ობიექტების რეგულირებას“, - განაცხადა წილოსანმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „ხალხის ძალის“ კანონპროექტის დასახელების შეცვლის ინიციატივით გამოდის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი გამოდის ინიციატივით, რომ „ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში დასახელება შეიცვალოს. წილოსანმა საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, რომ დასახელება მისთვისაც დისკომფორტს წარმოადგენს. „მინდა, რომ შემოგთავაზოთ და გთხოვოთ, ვიმსჯელოთ დასახელებაზე, კანონპროექტი მივიღოთ იმ დათქმით, რომ ეს დასახელება იყოს ისეთი, რომ არ მოახდინოს სექტორში, ამ სფეროში მომუშავე უამრავი კეთილსინდისიერი ორგანიზაციის, ადამიანის დისკრედიტირება. დასახელება, რომელიც ჩემთვისაც დისკომფორტს და შფოთვის საგანს წარმოადგენს, იყოს კონსენსუსით მიღწეული“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
ნინო წილოსანმა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეობიდან მისი გადადგომის მოთხოვნას უპასუხა
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის პოსტის დატოვებაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას უპასუხა. წილოსანის თქმით, „რიგი არასამთავრობოები“ ამას ითხოვენ მაშინ, როცა „ევროკომისიამ 12 რეკომენდაციიდან გენდერული თანასწორობის მიმართულება სრულად შესრულებულად შეაფასა“. „ვიცი, შეიძლება, არ გაგიხარდათ რეკომენდაცია რომ სრულად შესრულდა, მაგრამ ცოტა რომ დაფაროთ, არა?“, - წერს ნინო წილოსანი. ნინო წილოსანი გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე 2021 წელს გახდა. მანამდე საბჭოს წევრი იყო. ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე 23-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს, 30 ივნისს, ნინო წილოსანის გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნით ერთობლივი განცხადება გაავრცელა. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მათთვის მიუღებელია ნინო წილოსანის ბოლოდროინდელი პოლიტიკური ქმედებები და განცხადებები, რომლებიც, მათი თქმით, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს, დისკრიმინაციულია და აღვივებს ძალადობას.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნის შესახებ ცნობებს ჭორს უწოდებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი გამოეხმაურა პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ხელმძღვანელის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ თბილისში რუსეთი რუსულ-ქართული უნივერსიტეტის დაფუძნებას გეგმავს და შესაფერის ადგილს უკვე ეძებენ. „თუ ეს რაღაც ფორმით დაემსგავსება ფაქტს, რა თქმა უნდა, მზად ვარ, გავაკეთო კომენტარი. ამ ეტაპზე არასერიოზული მგონია დიმიტრი ლორთქიფანიძის მოსაზრებებზე კომენტარის კეთება. მესმის, რომ ზაფხულია და უფრო მეტად მსუბუქ თემებზე გსურთ საუბარი, თეორიულად, ჭორაობის დონეზე რა და როგორ შეიძლებოდა, მომხდარიყო, შეგვიძლია, სხვა ფორმატში ვისაუბროთ. არ მგონია, რომ სატელევიზიო კომენტარი უნდა კეთდებოდეს იმაზე, რა რეაქცია უნდა გვქონდეს იმაზე, რაც შეიძლება, არასდროს მოხდეს,“ - ამბობს წილოსანი. ინტერნეტგამოცემა SOVA-მ დიმიტრი ლორთქიფანიძეზე დაყრდნობით დაწერა, რომ თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტი შეიქმნება. „ზოგადად საკანონმდებლო დონეზე საქართველოში მოწესრიგებულია ჩარჩო, რომელიც უნივერსიტეტის დაფუძნებას, აკრედიტაციას კარგად არეგულირებს, მათ შორის, ეს კანონმდებლობა შემუშავებულ იქნა ევროპული სტანდარტის შესაბამისად. თუ რომელიმე კანონის მუხლზე გაქვთ პრობლემა, რომელიც აძლევს ვინმეს საშუალებას, რომ არასწორი ღირებულებების უნივერსიტეტი ან საგანმანათლებლო დაწესებულებები დააარსონ, მზად ვართ, განვიხილოთ ეს საკანონმდებლო ორგანოში. არსებობს კანონები, კანონქვემდებარე აქტები, აკრედიტაციის მიღების წესები, სახელმწიფო ფუნქციონირებს მყარად განსაზღვრულო ჩარჩოთი და ვერ იფუნქციონირებს ემოციებით. ემოციებით შეიძლება ვიღაცებმა აკეთონ კომენტარი, მე ვარ პარლამენტის წევრი და შევეცდები ის პოლიტიკა, რაც ჩვენი მმართველობის ფარგლებშია და ეფუძნება ევროპულ ღირებულებებს და მის საკანონმდებლო ჩარჩოს, იყოს დაცული," - განაცხადა ნინო წილოსანმა. რაც შეეხება კითხვას, უწყობს თუ არა „ქართული ოცნება" ხელს რუსულ ექსპანსიას, როცა შეზღუდვებს არ უწესებს რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში ჩამოდიან, წილოსანმა აღნიშნა, რომ სურვილი არ აქვს ქსენოფობიური განცხადებები აკეთოს. ცნობისთვის, პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე რუსეთიდან შესრულებული პირდაპირი ავიარეისის ერთ-ერთი პირველი მგზავრი იყო მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 10 მაისს ხელი მოაწერა განკარგულებას საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ.
წილოსანი ოდიშარიაზე: ბოდიშს ვიხდი ჩემი კოლეგის ნაცვლად
საპარლამენტი უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა მისი კოლეგის შეურაცხმყოფელი ეპითეტების გამო ბოდიში მოიხადა. „ძალიან სამწუხაროა და წარმოუდგენელი ფორმულირება არის. მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი. ბოდიშს ვიხდი ჩემი კოლეგის ნაცვლად.“ [ჟურნალისტი: ეთიკის საბჭოს რამდენად ექნება რეაგირება ამასთან დაკავშირებით] პასუხი: „არ არის ეს ჩემი კომპეტენცია ეთიკის საბჭოსთან დაკავშირებით.„ „რეაგირების მექანიზმები ყველა დეპუტატს შეუძლია თავისით გამოიყენოს, ამიტომ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, რომ გამოიყენონ. კიდევ ერთხელ ძალიან ვწუხვარ ამ ძალიან უხამსი კომენტარის გამო,“ განუცხადა წილოსანმა „მთავარ არხს.“ „თუ ამ გამონათქვამმა ვინმე შეურაცხყო მე, რა თქმა უნდა, ბოდიშს ვუხდი. განსაკუთრებით საზოგადოებას,“ განაცხადა მოგვიანებით, ჟურნალისტებთან საუბარში ოდიშარიამ. მან მედიის შეკითხვების საპასუხოდ აღნიშნა, რომ მისი აღშფოთება „არცერთი კონკრეტული ფიზიკური პირის, არც ქალის და არც კაცის მისამართით არ იყო გამოთქმული.“ ამასთან, როგორც ოდიშარია ამბობს, მისთვის ნებისმიერი უხამსი გამონათქვამი, მით უმეტეს, პარლამენტის დარბაზში მიუღებელია. „რა თქმა უნდა, საზოგადოების წინაშე ვწუხვარ, რა თქმა უნდა, ეს არ არის მისაღები და მოსასმენად კიდევ უფრო მიზანშეუწონელია, წარმოსათქმელად მიზანშეუწონელია და მოსასმენად, რა თქმა უნდა, უკიდურესად არასასიამოვნოა. ვწუხვარ, რომ საზოგადოების ყურადღება მივიპყარი ამ მხრივ, რადგან მე არ გამოვირჩევი ასეთი ლექსიკით. ამაში ჩემი კოლეგები დამეთანხმებიან, მათ შორის, ყველაზე მტრულად განწყობილებიც. მე არასდროს, არამც თუ ქალბატონი და ქალი კოლეგა, არამედ მამაკაციც არ შემირაცხყვია 8 წლის განმავლობაში. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ჩემი აღშფოთება არ იყო დამისამართებული, არც ერთი კონკრეტული ფიზიკური პირის მიმართ, არც ქალის, არც კაცის და მათ შორის, თქვენ ვერსად ნახავთ, რომ კონკრეტული სახელი და გვარი ვახსენე. რა თქმა უნდა, ნებისმიერი უხამსი გამონათქვამი, მით უმეტეს, პარლამენტის დარბაზში არის მიუღებელი. ამისათვის მე საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს იმიტომ, რომ ის ჩემგან არ არის ამგვარ გამონათქვამებს მიჩვეული, მაგრამ სწორედ ამიტომ მინდა, მივანიშნო საზოგადოება თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როდესაც გვიწოდებენ პრორუსებს, ერის მოღალატეებს, ფლიდებს და კიდევ მრავალ სხვას. ჩვენც გვყავს ოჯახები, შვილები, მშობლები, რომელთაც ეს ჯანმრთელობას ურყევს. თუ ამ გამონათქვამმა ვინმე შეურაცხყო მე, რა თქმა უნდა, ბოდიშს ვუხდი. განსაკუთრებით საზოგადოებას,“ - განაცხადა ოდიშარიამ. ჟურნალისტების კითხვას, ეხებოდა თუ არა მის მიერ მიერ გამოთქმული შეურაცხმყოფელი ეპითეტები ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს, ოდიშარია პასუხობს, რომ მის გამონათქვამს ქალთა კვოტირების კანონთან კავშირი არ აქვს და კადრები დამონტაჟებულია. „სულ ორ ადამიანთან მქონდა შეხება ჩემი გამონათქვამის შემდეგ, რის გამოც ვწუხვარ. რომ ვწუხვარ და ბოდიშს ვიხდი ეს ცხადია. მაგრამ ის, რომ ადამიანები ბედავენ და ჩვენს ოჯახებს ატერორებენ, ეს დედის გინებაზე უარესია. ვიმეორებ, რომ პარლამენტი არ არის ის ადგილი, სადაც შენს თავს შეგიძლია, მისცე უფლება ასეთი გამონათქვამებისთვის, მაგრამ ადამიანები ვართ ჩვენც და ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი. ახლა არ დამიწყოს ვინმე, რომ ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება. თმენის ვალდებულება ეს არის ადამიანის კეთილი ნება და ამ ნებას ვიჩენთ 8-წელიწადია. ერთი წამოცდენა, ჯაშუშურად ჩაიწერეს და გაასაჯაროვეს და მონათლეს რაღაც თავდასხმად ქალ დეპუტატებზე, ტყუილია, ამ გამონათქვამს ქალთა კვოტირების კანონთან კავშირი არ აქვს. საკმაოდ დამონტაჟებულია, ტექსტებია გადადებული”, - განაცხადა ოდიშარიამ. ინფორმაციისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა. მომხდარი დაგმო სახალხო დამცველმაც.