გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2022-24 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღეს 2022-24 წლების სამოქმედო გეგმის თაობაზე იმსჯელა და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

მომხსენებელმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ხატია წილოსანმა განაცხადა, რომ გეგმა ოთხი ძირითადი მიმართულებისგან შედგება. ეს არის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობა, გამჭვირვალობა და კომუნიკაცია და ასევე, კომიტეტის ორგანიზაციული საქმიანობა. გარდა ამისა, მან იმ ძირითადი კანონპროექტების შესახებ ისაუბრა, რომლებზეც კომიტეტი 2022 წლის განმავლობაში იმუშავებს.

„ყველაზე მნიშვნელოვანია კლიმატის მიმართულებით საკანონმდებლო საქმიანობის დახვეწა და გაუმჯობესება, ასევე კლიმატის საბჭოს შექმნა, რომელიც კლიმატის პოლიტიკისა და მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობასა და ამ კუთხით პარლამენტის როლის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. ასევე მნიშვნელოვანი კანონპროექტია სამრეწველო მისიების შესახებ ახალი კანონის ინიციირება, წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონპროექტი, რომელიც წყლის რესურსების ინტეგრირებულ მართვას გულისხმობს. მოვამზადებთ შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ ახალ კანონპროექტს, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში მიმდინარე ცვლილებებს და ვიმსჯელებთ იმ საკითხებზე, რომლებიც ახლებურად მოაწესრიგებს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) დაქვემდებარებული ობიექტების რეგულირებას“, - განაცხადა წილოსანმა.