თეგი: პიტ ჰეგსეთი
ჰეგსეთი აცხადებს, რომ აშშ ირანში სკოლაზე დარტყმების შემთხვევას იძიებს
ირანში სკოლაზე დარტყმის შემთხვევას ვიძიებთ, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა. მისი თქმით, აშშ „სამოქალაქო ობიექტებს არასდროს ურტყამს.“ „მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ ამას ვიძიებთ,“ - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, დარტყმების შედეგად, სულ მცირე 168 ადამიანი დაიღუპა.
გენერალმა რენდი ჯორჯმა აშშ-ის არმიის შტაბის უფროსის თანამდებობა დატოვა
გენერალმა რენდი ჯორჯმა აშშ-ის არმიის შტაბის უფროსის თანამდებობა დატოვა. 61 წლის რენდი ჯორჯმა არმიის შტაბის უფროსის თანამდებობა დატოვა იმ დროს, როცა აშშ სამხედრო ოპერაციას ატარებს ირანის წინააღმდეგ. პენტაგონმა დაადასტურა, რომ რენდი ჯორჯი, რომელსაც უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთ წელზე მეტი ჰქონდა დარჩენილი, „არმიის 41-ე შტაბის უფროსის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადადგებოდა.“ გენერალ რენდი ჯორჯის გადადგომის შემდეგ არმიის შტაბის უფროსის მოვალეობას შეასრულებს გენერალი ქრისტოფერ ლა ნივი, რომელიც მანამდე მინისტრ პიტ ჰეგსეთის უფროსი თანაშემწე იყო. Reuters-ის წყაროების ცნობით, აშშ-ის არმიის შტაბის უფროსი პიტ ჰეგსეთმა გაათავისუფლა. სააგენტო წერს, რომ ომის დროს გენერლის გათავისუფლება თითქმის უპრეცედენტოა. დეპარტამენტმა ჯორჯის წასვლის მიზეზი არ დააკონკრეტა. შეერთებული შტატების არმიის შტაბის უფროსი ოთხი წლის ვადით ინიშნება პრეზიდენტის წარდგინებით და სენატის თანხმობით. რენდი ჯორჯი შტაბის უფროსად 2023 წელს წარადგინა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. გენერალმა ჯორჯმა თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა 2023 წლის სექტემბერში. 2 აპრილს ღამით პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ პარნელმა სოციალურ ქსელ X-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ გენერალი რენდი ჯორჯი ტოვებს არმიის შტაბის 41-ე უფროსის თანამდებობას და მას მადლობას უხდიან ქვეყნის სამსახურისთვის. CBS news-ის ინფორმაციით, ჰეგსეთს სურს შტაბის ისეთი უფროსი, რომელიც პრაქტიკულად განახორციელებს ტრამპის ადმინისტრაციის ხედვებს არმიასთან დაკავშირებით. ცნობისთვის, აშშ-ის არმიის შტაბის უფროსის პოსტი პენტაგონის სტრუქტურაში არსებული ადმინისტრაციული თანამდებობაა. შტაბის უფროსი მეთვალყურეობას უწევს არმიის ქვედანაყოფებს და არ ახორციელებს შეიარაღებული ძალების ოპერატიულ ხელმძღვანელობას. ამერიკულ არმიას შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტი მართავს. რენდი ჯორჯი ყველაზე პრესტიჟული ამერიკული სამხედრო აკადემიის უესტ-პოინტის კურსდამთავრებულია. შეერთებული შტატების არმიაში 1980-იანი წლებიდან მსახურობს. მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში, ერაყსა და ავღანეთში.
უცნობი ჯარისკაცის საფლავის მცველმა პიტ ჰეგსეთს და მის მრჩევლებს შენიშვნა მისცა
ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ ომის მდივანს და მის თანმხლებ პირებს არლინგტონში, ვეტერანთა დღის აღსანიშნავი ცერემონიის შემდეგ, პატივისცემისა და სიჩუმისკენ მოუწოდა. NBCnews-ის ცნობით, ჰეგსეთი, მისი მეუღლე და სხა პირები ფოტოებს იღებდნენ, საუბრობდნენ და იცინოდნენ. „ყველა ვიზიტორმა ნებისმიერ დროს უნდა დაიცვას სიჩუმისა და პატივისცემის ატმოსფერო,“ - ხმამაღლა მიმართა ამერიკელმა ჯარისკაცმა ოფიციალურ პირებს. ჰეგსეთს შენიშვნაზე რეაქცია არ ჰქონია; მან მხოლოდ მხრისკენ გაიხედა და კიბეებზე ასვლა განაგრძო. განახლება: ჰეგსეთმა მედლით დააჯილდოვა ჯარისკაცი, რომელმაც მას და მის თანაშემწეებს შენიშვნა მისცა მომხდართან დაკავშირებით, პენტაგონის მთავარმა პრესსპიკერმა შონ პარნელმა განაცხადა, რომ ჰეგსეთი და თავდაცვის უწყება „ყოველთვის პატივს სცემდნენ“ სამხედრო მოსამსახურეების მიერ გაღებულ მსხვერპლს. „ამ მნიშვნელოვანი და საზეიმო დღის აღნიშვნისას, ჯარისკაცმა ყველას სწორად და პატივისცემით შეახსენა, რომ საჭიროა სათანადო ქცევის წესების დაცვა,“ — აღნიშნა პარნელმა. ჯარისკაცები საფლავს 24 საათის განმავლობაში დარაჯობენ; ყარაულის შეცვლის საზეიმო ცერემონია კი, სულ მცირე, საათში ერთხელ იმართება. ცნობისთვის, 1921 წლის 11 ნოემბერს, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე დაკრძალეს პირველი მსოფლიო ომის დროს დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცი, რომლის ვინაობის დადგენაც ვერ მოხერხდა. მას შემდეგ საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ ყოველი წლის 11 ნოემბერს, როცა შეერთებულ შტატებში ვეტერანთა დღეს აღნიშნავენ, დილის 11 საათზე, „უცნობი ჯარისკაცის საფლავთან“ პატივს მიაგებენ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეთა თაობებს. შეგახსენებთ, კენტუკის შტატის რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა, თომას მასიმ — ირანთან ომის აქტიურმა კრიტიკოსმა, მიმდინარე კვირაში, ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მოთხოვნა წარადგინა. რესპუბლიკელების კონტროლის ქვეშ მყოფმა წარმომადგენელთა პალატამ 211 ხმით 204-ის წინააღმდეგ გადაწყვიტა, აღნიშნული რეზოლუციის განხილვა შეეჩერებინა. თუმცა უმცირესობის ლიდერმა, ნიუ-იორკელმა დემოკრატმა ჰაკიმ ჯეფრისმა რომელიც, სავარაუდოდ, იანვრიდან წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდება, მიანიშნა, რომ დემოკრატები არ შეწყვეტენ მცდელობებს, ჰეგსეთი თანამდებობიდან გადააყენონ. ჰეგსეთის მიერ უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებული მთავარი ბრალდება, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ეხება. ხსენებული ოპერაცია კონგრესის ოფიციალური ნებართვის გარეშე 90 დღეზე მეტხანს გაგრძელდა. პიტ ჰეგსეთმა იმპიჩმენტის მცდელობას „ფარსი“, „საბოტაჟი“ და „პოლიტიკური სპექტაკლი“ უწოდა. კონგრესმენი მასი ერთადერთი რესპუბლიკელია, რომელმაც დემოკრატებთან ერთად ხმა რეზოლუციის დაბლოკვის წინააღმდეგ მისცა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ პიტ ჰეგსეთს მხარდაჭერა გამოუცხადა ყველა რესპუბლიკელმა „მთავარი წაგებულის“, თომას მასის გარდა.