გენერალმა რენდი ჯორჯმა აშშ-ის არმიის შტაბის უფროსის თანამდებობა დატოვა

გენერალმა რენდი ჯორჯმა აშშ-ის არმიის შტაბის უფროსის თანამდებობა დატოვა. 61 წლის რენდი ჯორჯმა არმიის შტაბის უფროსის თანამდებობა დატოვა იმ დროს, როცა აშშ სამხედრო ოპერაციას ატარებს ირანის წინააღმდეგ. პენტაგონმა დაადასტურა, რომ რენდი ჯორჯი, რომელსაც უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთ წელზე მეტი ჰქონდა დარჩენილი, „არმიის 41-ე შტაბის უფროსის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადადგებოდა.“


გენერალ რენდი ჯორჯის გადადგომის შემდეგ არმიის შტაბის უფროსის მოვალეობას შეასრულებს გენერალი ქრისტოფერ ლა ნივი, რომელიც მანამდე მინისტრ პიტ ჰეგსეთის უფროსი თანაშემწე იყო.


Reuters-ის წყაროების ცნობით, აშშ-ის არმიის შტაბის უფროსი პიტ ჰეგსეთმა გაათავისუფლა. სააგენტო წერს, რომ ომის დროს გენერლის გათავისუფლება თითქმის უპრეცედენტოა.


დეპარტამენტმა ჯორჯის წასვლის მიზეზი არ დააკონკრეტა.


  • შეერთებული შტატების არმიის შტაბის უფროსი ოთხი წლის ვადით ინიშნება პრეზიდენტის წარდგინებით და სენატის თანხმობით.
  • რენდი ჯორჯი შტაბის უფროსად 2023 წელს წარადგინა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. გენერალმა ჯორჯმა თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა 2023 წლის სექტემბერში.

2 აპრილს ღამით პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ პარნელმა სოციალურ ქსელ X-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ გენერალი რენდი ჯორჯი ტოვებს არმიის შტაბის 41-ე უფროსის თანამდებობას და მას მადლობას უხდიან ქვეყნის სამსახურისთვის.

CBS news-ის ინფორმაციით, ჰეგსეთს სურს შტაბის ისეთი უფროსი, რომელიც პრაქტიკულად განახორციელებს ტრამპის ადმინისტრაციის ხედვებს არმიასთან დაკავშირებით.


ცნობისთვის, აშშ-ის არმიის შტაბის უფროსის პოსტი პენტაგონის სტრუქტურაში არსებული ადმინისტრაციული თანამდებობაა. შტაბის უფროსი მეთვალყურეობას უწევს არმიის ქვედანაყოფებს და არ ახორციელებს შეიარაღებული ძალების ოპერატიულ ხელმძღვანელობას. ამერიკულ არმიას შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტი მართავს.


რენდი ჯორჯი ყველაზე პრესტიჟული ამერიკული სამხედრო აკადემიის უესტ-პოინტის კურსდამთავრებულია. შეერთებული შტატების არმიაში 1980-იანი წლებიდან მსახურობს. მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში, ერაყსა და ავღანეთში.