ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ ომის მდივანს და მის თანმხლებ პირებს არლინგტონში, ვეტერანთა დღის აღსანიშნავი ცერემონიის შემდეგ, პატივისცემისა და სიჩუმისკენ მოუწოდა.
NBCnews-ის ცნობით, ჰეგსეთი, მისი მეუღლე და სხა პირები ფოტოებს იღებდნენ, საუბრობდნენ და იცინოდნენ.
„ყველა ვიზიტორმა ნებისმიერ დროს უნდა დაიცვას სიჩუმისა და პატივისცემის ატმოსფერო,“ - ხმამაღლა მიმართა ამერიკელმა ჯარისკაცმა ოფიციალურ პირებს.
ჰეგსეთს შენიშვნაზე რეაქცია არ ჰქონია; მან მხოლოდ მხრისკენ გაიხედა და კიბეებზე ასვლა განაგრძო.
- განახლება: ჰეგსეთმა მედლით დააჯილდოვა ჯარისკაცი, რომელმაც მას და მის თანაშემწეებს შენიშვნა მისცა
მომხდართან დაკავშირებით, პენტაგონის მთავარმა პრესსპიკერმა შონ პარნელმა განაცხადა, რომ ჰეგსეთი და თავდაცვის უწყება „ყოველთვის პატივს სცემდნენ“ სამხედრო მოსამსახურეების მიერ გაღებულ მსხვერპლს.
„ამ მნიშვნელოვანი და საზეიმო დღის აღნიშვნისას, ჯარისკაცმა ყველას სწორად და პატივისცემით შეახსენა, რომ საჭიროა სათანადო ქცევის წესების დაცვა,“ — აღნიშნა პარნელმა.
ჯარისკაცები საფლავს 24 საათის განმავლობაში დარაჯობენ; ყარაულის შეცვლის საზეიმო ცერემონია კი, სულ მცირე, საათში ერთხელ იმართება.
ცნობისთვის, 1921 წლის 11 ნოემბერს, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე დაკრძალეს პირველი მსოფლიო ომის დროს დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცი, რომლის ვინაობის დადგენაც ვერ მოხერხდა.
მას შემდეგ საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ ყოველი წლის 11 ნოემბერს, როცა შეერთებულ შტატებში ვეტერანთა დღეს აღნიშნავენ, დილის 11 საათზე, „უცნობი ჯარისკაცის საფლავთან“ პატივს მიაგებენ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეთა თაობებს.
შეგახსენებთ, კენტუკის შტატის რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა, თომას მასიმ — ირანთან ომის აქტიურმა კრიტიკოსმა, მიმდინარე კვირაში, ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მოთხოვნა წარადგინა. რესპუბლიკელების კონტროლის ქვეშ მყოფმა წარმომადგენელთა პალატამ 211 ხმით 204-ის წინააღმდეგ გადაწყვიტა, აღნიშნული რეზოლუციის განხილვა შეეჩერებინა. თუმცა უმცირესობის ლიდერმა, ნიუ-იორკელმა დემოკრატმა ჰაკიმ ჯეფრისმა რომელიც, სავარაუდოდ, იანვრიდან წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდება, მიანიშნა, რომ დემოკრატები არ შეწყვეტენ მცდელობებს, ჰეგსეთი თანამდებობიდან გადააყენონ.
ჰეგსეთის მიერ უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებული მთავარი ბრალდება, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ეხება. ხსენებული ოპერაცია კონგრესის ოფიციალური ნებართვის გარეშე 90 დღეზე მეტხანს გაგრძელდა.
პიტ ჰეგსეთმა იმპიჩმენტის მცდელობას „ფარსი“, „საბოტაჟი“ და „პოლიტიკური სპექტაკლი“ უწოდა. კონგრესმენი მასი ერთადერთი რესპუბლიკელია, რომელმაც დემოკრატებთან ერთად ხმა რეზოლუციის დაბლოკვის წინააღმდეგ მისცა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ პიტ ჰეგსეთს მხარდაჭერა გამოუცხადა ყველა რესპუბლიკელმა „მთავარი წაგებულის“, თომას მასის გარდა.