თეგი: რასა იუკნევიჩიენე
2008 წელს, უკრაინისა და საქართველოს MAP-ის გარეშე დატოვება უზარმაზარი გეოპოლიტიკური შეცდომა იყო - რასა იუკნევიჩიენე NATO-ს გენმდივნის მოადგილეს
„2008 წელს, ბუქარესტში უზარმაზარი გეოპოლიტიკური შეცდომა დაუშვეს, როცა უკრაინასა და საქართველოს MAP-ი არ მისცეს“, - ასე მიმართა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეასთან ურთიერთობის დელეგაციის წევრმა, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანას NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე. მისივე თქმით, აშკარაა, რომ ეს მოხდა რუსეთის არასწორი ჩართულობის გამო, პოლიტიკის, რომელსაც NATO-ს ზოგიერთმა წევრმა შეუწყო ხელი. „ეს იყო პუტინისთვის მოქმედების ნიშანი - კრემლმა ეს გაიგო, როგორც ევროპის კონტინენტის [არაფორმალური] დაყოფა. ახლა, NATO-ში მიწვეული არ არის და უკრაინა ყველა ჩვენგანისთვის იბრძვის. მისი შეიარაღებული ძალები იქნება ერთ-ერთი უძლიერესი, ყველაზე ქმედუნარიანი ევროპულ კონტინენტზე მას შემდეგ, რაც რუსებს უკრაინის ტერიტორიიდან განდევნიან. ჩემი შეკითხვა ასეთია: როდის მოვა დრო, როცა NATO-ს წევრები მიხვდებიან, რომ ჩვენ, NATO-ს, ისევე გვჭირდება უკრაინა და საქართველო ალიანსში, როგორც მათ ჩვენ? აღიარა თუ არა NATO-მ მადრიდში ახალი სტრატეგიის მიღებამდე თავისი შეცდომები და ის აღარ განმეორდება? ხედავთ თუ არა შესაძლებლობას, რომ რუსული ფაქტორი ამიერიდან აღარ იყოს ნამდვილი მიზეზი უკრაინის, საქართველოსა და სხვა ქვეყნებისთვის, რომ მათ აგრესიული რუსეთისგან დაცვის გზები ეძიონ“, - მიმართა იუკნევიჩიენემ მირჩა ჯოანას. თავის მხრივ, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ალიანსის მიერ გადადგმულ საპასუხო ნაბიჯებსა და გაკვეთილის მიღების პროცესზე ისაუბრა. „რა თქმა უნდა, მყისიერი პასუხი იყო აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერება, NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების პირველად მობილიზება, რათა გაგვეაქტიურებინა რეაგირების გეგმები აღმოსავლეთის ფლანგის ქვეყნებისთვის, მათ შორის თურქეთისთვის პირველად და ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს გაკვეთილების პროცესია და ჩემთვის ეს პროცესი ალბათ მარტივი იქნება: ჩვენ ნამდვილად უნდა დავამტკიცოთ ის ფაქტი, რომ დემოკრატიაში ცხოვრება ბევრად უკეთესია ვიდრე - ავტოკრატიაში. მეორეც, მტკიცედ მჯერა... როგორც რუმინელმა, ჩემი ცხოვრების ნახევარი კომუნიზმში გავატარე. ზოგიერთი თქვენგანი ცხოვრობდა კომუნიზმში. მე ვერ ვიფიქრებ იმაზე, რომ უარვყო ევროპული სუვერენული ერის უფლება, წარმართონ თავისი ბედი, ოცნებები და მისწრაფებები. ეს ხან უფრო რთულია, ხან - ნაკლებად. მაგრამ მე ვიცი, რომ ერთ-ერთი გაკვეთილი ვისწავლეთ: უკრაინისადმი არამხოლოდ დღეს გვმართებს მხარდაჭერა. ეს იქნება მუდმივი მხარდაჭერა, არამხოლოდ ომის შემდეგ აღსადგენად, არამედ, იმისთვის, რომ ისინი გახდნენ აყვავებული, დემოკრატიული და ევროპული ერი ამ ტერმინის სრული გაგებით.ეს არის „გამოფხიზლების ზარი“ ყველა ჩვენგანისთვის და ვიცი, რომ ჩვენ, ყველა ერთად და ინდივიდუალურად, როგორც ლიდერები, მოვახერხეთ ამ დავალების შესრულებას. უკრაინა ასევე არის ქვეყანა, რომელიც ყველას გვაჩვენებს, თუ რას ნიშნავს სიმამაცე და თავგანწირვა საკუთარი ღირებულებებისა და სუვერენიტეტის დასაცავად. ასე რომ, ვფიქრობ, ეს შთაგონების წყარო იქნება მომავალში ჩვენი გადაწყვეტილებების მიღებისას“, - უპასუხა მირჩა ჯოანამ რასა იუკნევიჩიენეს.
ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე ქართველ ხალხს ღია წერილით მიმართავენ
Europetime გთავაზობთ ევროპარლამენტარების ანდრიუს კუბილიუსის (ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი) და რასა იუკნევიჩიენეს (EPP-ის ვიცე-თავმჯდომარე, ლიეტუვის თავდაცვის ყოფილი მინისტრი) ერთობლივ წერილს, რომელსაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის მოახლოებულ დასკვნას უძღვნიან. „ივნისის შუა რიცხვებში ევროკომისია უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ დიდი ხნის წინ ნანატრი რეკომენდაციებით გამოვა. შემდეგ, ივნისის ბოლოს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები ევროპულ საბჭოში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამ პროცესის შედეგის პროგნოზირება რთულია. ამ ღია წერილით გვინდა, გავამხნევოთ ქართული პოლიტიკური ძალები და ქართველი ხალხი, რომ იმედგაცრუებული არ დარჩნენ თუ შედეგები ნაკლებად ოპტიმისტური იქნება, სამაგიეროდ, საბოლოოდ გავაერთიანოთ ძალები საერთო სამუშაოსთვის, რათა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. დიდი ხნის განმავლობაში, საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, სათავებთან იდგა. რამდენიმე წლის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველო იყო ყველაზე მომზადებული ქვეყანა, არამარტო აღმოსავლეთ პარტნიორობის, არამედ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორის. შედეგად, გარე თვალით დაკვირებისას, ამ დროს სურათი საკმაოდ არასახარბიელოა. ოლიგარქიზაცია და, შესაბამისად, პოლარიზაცია საქართველოში რჩება მაღალი და კონცენტრირებულია ერთი ადამიანის ხელში, რომელიც დემოკრატიული არჩევნების შედეგად, ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული არ არის. მაგალითად, მოლდოვას ჰქონდა მსგავსი პრობლემები პლახოტნიუკთან და დოდონთან, მაგრამ მან შეძლო მათი მოგვარება დემოკრატიული არჩევნების გზით. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია. ალბათ ყველას გახსოვთ, როგორ იმოქმედა უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს დაპატიმრებამ და აქედან გამომდინარე, დასკვნის გაკეთება შეიძლება. სამწუხაროდ, ევროკავშირის უმაღლესი დონის უპრეცედენტო მცდელობის მიუხედავად, ხელი შეუწყოს საქართველოში პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას და პროევროპული დღის წესრიგის წინსვლას, „შარლ მიშელის შეთანხმება“ ამ დრომდე არ განხორციელებულა. უფრო მეტიც, როგორც კი კომისიამ დაიწყო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ რეკომენდაციის შემუშავება, სასჯელი გამოუტანეს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიის მფლობელს, რამაც სურათს კიდევ ერთი ბნელი ლაქა შესძინა. გარდა ამისა, ძნელი გასაგებია საქართველოს მმართველი პარტიის პოზიცია უკრაინის მიმართ და რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებით. უკრაინელები იცავენ არამხოლოდ საკუთარ ტერიტორიას და სახლებს, არამედ დემოკრატიას, თავისუფლებას და ევროპულ ღირებულებებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. და, მარტივია იმის გაგება, რომ უკრაინა, როგორც ყინულის გამლღობი, ასევე ხსნის კარს მოლდოვისა და საქართველოს კანდიდატის სტატუსისკენ. ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხიც ასე ფიქრობს. ხანდახან ვფიქრობთ, რომ საქართველოს მმართველ წრეშია ვიღაც, ვინც აქტიურად აკეთებს ყველაფერს, რათა საქართველო არ გაწევრიანდეს ევროკავშირში. თუ ისინი წარმატებას მიაღწევენ, ეს იქნება საშინელი დანაკარგი არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც და იქნება პუტინის რეჟიმისთვის დიდი გამარჯვება. ევროკომისია ყოველთვის ითვალისწინებს მთლიან სურათს განმცხადებელი ქვეყნის მზადყოფნის შეფასებისას. დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც სამართლებრივი და ეკონომიკური შესაბამისობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები ძალიან ყურადღებით განიხილება. არსებობს აშკარა ისტორიული მაგალითები, როდესაც არადემოკრატიული ტენდენციები განმცხადებელ ქვეყანაში არამხოლოდ მკაცრად გააკრიტიკეს ევროკავშირში, არამედ შეაჩერეს მისი გაწევრიანება. ეს მოხდა სლოვაკეთის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ მეჩიარის დროს. მეჩიარის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებამ, სლოვაკეთში ადამიანის უფლებების მხრივ ცუდმა მდგომარეობამ და დემოკრატიის დეფიციტმა განაპირობა ის, რომ 1997 წელს ქვეყანამ ვერ მიიღო მიწვევა, შეერთებოდა ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების ჯგუფს, რათა დაეწყო ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები. იმ დროს სლოვაკების აბსოლუტური უმრავლესობა მტკიცედ უჭერდა მხარს მათი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. თუმცა, მხოლოდ სახალხო მხარდაჭერა არ არის საკმარისი გაწევრიანებისთვის. დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა საკმარისად უნდა იყოს ფესვგადგმული აპლიკანტ ქვეყანაში მოლაპარაკების პროცესის დასაწყებად. ახალ მთავრობას სლოვაკეთში ძალიან რთული ამოცანა ჰქონდა, გამოესწორებინა სლოვაკეთის შელახული საერთაშორისო იმიჯი და დაემტკიცებინა, რომ მეჩიარის ეპოქის ყველა ხარვეზი გამოსწორებული იყო. მათ მიაღწიეს წარმატებას და სლოვაკეთი არის ევროკავშირის წარმატებული წევრი ქვეყანა 2004 წლიდან.ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის რეალური ვალდებულება და ერთიანი ძალისხმევა, რაც უნდა აჩვენონ მთავრობამ, პოლიტიკურმა ოპოზიციამ და ხალხმა. საქართველოს მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს პრობლემების გადაწყვეტის გასაღები თბილისშია და არა ბრიუსელში. თუ ეს გამოწვევა ძალიან დიდია ამ მთავრობისთვის, არსებობს სხვებისთვის მისი გადაცემის დემოკრატიული გზები, ყველაფრის ფასად სკამებზე ჩაჭიდების გარეშე. მეორე მხრივ, ოპოზიციურმა პარტიებმაც უნდა იპოვონ ძალა, რომ საქართველოს მოსახლეობას ევროინტეგრაციის სანდო სტრატეგია შესთავაზონ და გამოიჩინონ სანდო ლიდერობა, რაც საჭიროა ამ ამოცანის შესასრულებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, საქმე იქამდე მივიდეს, რომ საქართველოს მოსახლეობას არჩევანის გაკეთება მოუწიოს - დღევანდელი პოლიტიკური სტრუქტურა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ლიდერობით თუ საქართველოს ევროპული მომავალი“, - აღნიშნულია წერილში.
რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებში მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოს საკითხებში მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა. რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს მომავლისთვის გარდამტეხ მომენტში მზადაა, ყველა დაინტერესებულ მხარესთან ითანამშრომლოს. „ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებში მუდმივ მომხსენებლად დანიშვნა ჩემთვის დიდი პატივია. ეს საქართველოს მომავლისთვის გარდამტეხი მომენტია. მზად ვარ, ყველა დაინტერესებულ მხარესთან ვითანამშრომლო, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია და ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს,“ - წერს რასა იუკნევიჩიენე.