თეგი: სამხედრო აღლუმი
დიმიტრი პესკოვი: მოსკოვში, 9 მაისის სამხედრო აღლუმს არცერთი უცხოელი ლიდერი, მათ შორის, არც ბელორუსის პრეზიდენტი არ დაესწრება
"მოსკოვში 9 მაისის სამხედრო აღლუმს არცერთი უცხოელი ლიდერი არ დაესწრება. მოსკოვში დაგეგმილ აღლუმს არც ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დაესწრება", - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა. „გამარჯვების დღის 77-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმზე უცხოელი ლიდერები არ მოგვიწვევია. საქმე ისაა, რომ ეს საიუბილეო თარიღი არაა. ეს ჩვენი დღესასწაულია, რომელიც წმინდაა მთელი რუსეთისა და რუსი ხალხისთვის. მოსკოვში დაგეგმილ აღლუმს არც ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დაესწრება", - განაცხადა პესკოვმა.
მოსკოვში აღლუმის საჰაერო ნაწილი გაუქმდა
მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმის საჰაერო ნაწილი გაუქმდა, განაცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-სთან. პესკოვმა მიზეზად ამინდი დაასახელა. რუსეთში ნაციზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავს აღნიშნავენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ცივი ომის შემდეგ, პოლონეთში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი ჩატარდა
ცივი ომის შემდეგ, ვარშავაში პოლონეთის ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი ჩატარდა. გამოფენილ აღჭურვილობას შორის იყო შეერთებული შტატებისგან შეძენილი M1A1 Abrams-ის ტიპის ტანკებსი, სამხრეთ კორეული K2-ის ტიპის ტანკები და K9-ს თვითმავალი ჰაუბიცები, ასევე, HIMARS-ის ტიპის სარაკეტო გამშვებები, Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები და პოლონური წარმოების Borsuk-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები და სხვა აღჭურვილობა. „15 აგვისტო არ არის მხოლოდ შესაძლებლობა, რომ პატივი მივაგოთ ვარშავის ბრძოლაში გამარჯვებულ გმირებს და მადლობა გადავუხადოთ ჯარისკაცებს, რომლებიც ჩვენს სამშობლოს იცავენ. ეს შესანიშნავი დღეა ჩვენი ძალის დემონსტრირებისთვის, იმის დასანახად, რომ ჩვენ შევქმენით ძლიერი შეიარაღებული ძალები, რომელიც ეფექტიანად დაიცავს ჩვენს საზღვრებს,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა. პოლონეთმა პირობა დადო, რომ გააორმაგებს არმიის ზომას და წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 4%-ს დახარჯავს თავდაცვაზე.