თეგი: სუროგაცია
სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული - კანონპროექტი
პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, აღნიშნული საკითხის რეგულირებისთვის პარლამენტში კანონპროექტი უკვე გაგზავნილია. „საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს და ეს უფრო კომპლექსური საკითხია, ვინაიდან უკავშირდება ზოგადად ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და ქვეყნის იმიჯს და ა.შ. ეს არის სუროგაციის საკითხი. რამდენიმე ხნის წინ, ჩვენ დემოგრაფიის საკითხებზე მომუშავე საბჭო შევქმენთ. ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად, რაც გამოიკვეთა, ეს არის სუროგაცია და ზოგადად, ამასთან დაკავშირებული პრობლემები. იცით, რომ უცხოეთის მოქალაქეებს ბიზნესად აქვთ ქცეული ეს საკითხი და ბოლო წლებია, საერთოდ არავითარი რეგულაცია არ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ შევისწავლეთ ევროპის მაგალითები. ამ თემაზე დიდი ხანი მუშაობდა ზურაბ აზარაშვილის უწყება. მინდა მაგალითები მოგიყვანოთ, ისეთი განვითარებული ქვეყნები, როგორც არის საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, შვედეთი, ფინეთი, იტალია, ლიტვა, ესტონეთი, აღარ გავაგრძელებ, სუროგაცია მთლიანად, სრულად არის აკრძალული. არსებობენ ქვეყნები, სადაც ეს ჰიბრიდული მოდელი ნაწილობრივ არსებობს, დაშვებულია ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ბელგია, გაერთიანებული სამეფო, დანია, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია. ჩვენ ამის თაობაზე მსჯელობა გვქონდა. ახალი კანონპროექტის მიხედვით, ჩვენი სურვილია, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული ანუ უცხოეთის მოქალაქე ვეღარ შეუკვეთს, უხეშად არ მინდა ვთქვა, მაგრამ ხდება პირდაპირ შეკვეთის განთავსება. ეს ონლაინაც ხდება, ძალიან ბევრი რეკლამაც ვრცელდება და ვფიქრობთ, ძალიან შემაშფოთებელია ამ საკითხის რეგულირების გარეშე დატოვება. ამას წინათ, ჩვენ მთავრობის სხდომაზე გვქონდა მსჯელობა ამასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი რეკლამა ვრცელდება და ჩვენ მოქალაქეებს, ქალბატონებს სთავაზობენ ე.წ. სარფიან ბიზნესს. შემდეგ არავინ იცის, აქ დაბადებული ბავშვი ვის გაჰყავს, საერთოდ რომელ წყვილს... არსებობს ინფორმაციები, რომ შეიძლება ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ აქ დაბადებული ბავშვები და უამრავი პრობლემა შეიძლება იყოს. სხვა სირთულეებსაც გადააწყდა ჩვენი უწყება, ჯანდაცვის სამინისტრო. ამიტომ, ამას სჭირდება რეგულირება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე განმარტებით,აღნიშნულის თაობაზე დამატებით ინფორმაცია საზოგადოებას ჯანდაცვის სამინისტრო მოახსენებს. „შესაბამისი კანონპროექტი გაიგზავნა პარლამენტში და იმედი მაქვს, პარლამენტი მხარს დაუჭერს ჩვენ ამ ინიციატივას. აუცილებელია დარეგულირდეს. ვიმეორებ, ეს მხოლოდ დაშვებული იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის. მე ვიცი, ბევრი მსურველია, ვისაც შვილი არ უჩნდება, ამიტომ მიმართავენ სუროგაციის მეთოდს და რა თქმა უნდა, მათთვის ეს უნდა იყოს დაშვებული, საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს დაეხმარება დემოგრაფიას და ზოგადად, ვფიქრობ, ეს შესაძლებლობა უნდა დავუტოვოთ ჩვენ მოქალაქეებს“.
უცხოეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში, სუროგაციის გარდა, ინ ვიტრო განაყოფიერების აკრძალვაც იგეგმება
მთავრობის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული, ინ ვიტრო განაყოფიერებასაც შეეხება. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, შესაძლოა, აღნიშნული ინიციატივა იყოს ერთ-ერთი შესაძლებლობა ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების კუთხითაც. სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული - კანონპროექტი „2024 წლის პირველი იანვრიდან არასაქართველოს მოქალაქეებისთვის იზღუდება სხვადასხვა რეპროდუქტიული მეთოდით როგორც ინ ვიტრო განაყოფიერება, ისე სუროგაცია. მოგეხსენებათ, დემოგრაფიულ პრობლემასთან დაკავშირებით, ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებას მივმართავთ. ეს შეიძლება, იყოს ერთ-ერთი შესაძლებლობა, საშუალება დემოგრაფიული მიმართულებით. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვტოვებთ როგორც ინ ვიტრო განაყოფიერებას, ისე, სუროგაციას. კანონპროექტი პარლამენტს მიმდინარე კვირაში გაეგზავნება, ვფიქრობთ, შემოდგომაზე უკვე დამტკიცდება, ხოლო 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში და პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
სურაგატობის ან დონორობის მსურველი საქართველოს მოქალაქე ვალდებული იქნება, „უანგარობის პრინციპით“ იმოქმედოს - ჯანდაცვის მინისტრი
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, სუროგატობის და დონორობის მსურველებს კომპენსაციის მხოლოდ იმ ოდენობის აღება შეეძლებათ, რომელიც ორსულობასა და მშობიარობასთან აუცილებელ ხარჯებთანაა დაკავშირებული. სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული - კანონპროექტი მისივე თმით, კანონში შესატანი ცვლილებები „უანგარობის პრინციპის“ დარეგულირებასაც მოიცავს. „მნიშვნელოვანი და პრინციპული, რაც ამ კანონით რეგულირდება, არის უანგარობის პრინციპი. საქართველოს მოქალაქე, ვისაც სურს იყოს დონორი ან სუროგატი, უნდა მოქმედებდეს უანგარობის პრინციპიდან გამომდინარე და მხოლოდ და მხოლოდ ის კომპენსაცია მიიღოს, რაც ამ პროცესთან დაკავშირებით უხერხულობას შეიძლება ახლდეს თან, ან სამედიცინო გამოკვლევებს, ან მშობიარობასთან დაკავშირებულ ხარჯებს“, - განაცხადა მინისტრმა.
თამარ გაბუნია: სუროგაცია, დონაცია უნდა იყოს მხოლოდ უანგარო
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოში, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სწრაფი განვითარების ფონზე, ამ დარგს შესაბამისი რეგულაციები არ მოჰყოლია, რაც თამარ გაბუნიას შეფასებით, გარკვეული რისკებს მოიცავს. მისივე თანახმად, ეს სერვისი დანერგვის ადრეული ეტაპებიდან, მედიცინაში, ყველაზე კომერციალიზებულ მიმართულებად იქცა, რაც ადამიანის უფლებების დარღვევის, მის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენისა და სხვა რისკებს შეიცავს. თამარ გაბუნია ხაზს უსვამს, რომ საქართველოში, მედიცინის დახმარებით რეპროდუქცია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სხვა ფაქტორებთან ერთად, რეგულაციების არარსებობის გამო აღმოჩნდა მიმზიდველი ქვეყანა, მაშინ, როდესაც, ევროპის ბევრი ქვეყანა სუროგაციას საერთოდ კრძალავს. „ზოგ ქვეყანას აქვს მთელი რიგი მოთხოვნები, უანგარო, ალტრუისტული დონაცია, ალტრუისტული სუროგაცია. ამასთან, ევროდირექტივა ითვალისწინებს მხოლოდ უხერხულობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვას. ჩვენ, ევროასოცირების შეთანხმებით, პირდაპირ გვაქვს ვალდებულება, რომ დარგი იყოს რეგულირებული. რეგულაციების არ არსებობის შემთხვევაში, ძალიან დიდი რისკები ჩნდება, როგორც ეთიკური, ისე - სამართლებრივი და სამედიცინო მომსახურების ხარისხის კუთხით", - განაცხადა თამარ გაბუნიამ, რომლის კომენტარს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციით დაბადებული ბავშვი საქართველოს ტოვებს, ქვეყანა მასზე პასუხისმგებლობას ვეღარ იღებს, რაც საერთაშორისო დონეზე, შესაძლოა, გარკვეულ რეპუტაციულ რისკებსაც აჩენდეს. თამარ გაბუნიამ იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რასაც ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს. „დღეს, სოციალურ ქსელში, უამრავ პოსტს ვნახავთ, რომ სუროგატის მომსახურებაში გადაიხდიან, მაგალითად, 25 000$-ს. არც დონაცია და არც სუროგაცია არ შეიძლება, ანაზღაურებადი იყოს. გარდა ამისა, დაწესებულებები დაექვემდებარება ლიცენზირებას, შესაბამისი სერვისის მიწოდებისთვის. მოწესრიგდება კლინიკური საკითხებიც. ცალსახად აიკრძალება რეკლამა, სამინისტრო იღებს ცენტრალური მაკოორდინებელი ორგანოს ფუნქციას, რომ ინფორმაცია მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სერვისების შესახებ გავრცელდება სამინისტროს მიერ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, როდესაც მოთხოვნა არის, სფერო ვითარდება, შესაბამისად არ გაქრება, მისი შავ ბაზარზე გადანაცვლების რისკს კი სჭირდება კონტროლი, როგორც ამას ევროპის ქვეყნები ახორციელებენ. „სწორედ ამიტომ არის მკაცრი სასჯელი გათვალისწინებული იმ შემთხვევაში, თუ ეს არალეგალურ სახეს მიიღებს. სახელმწიფო, რეგულირების გაუმჯობესებით, ხარისხის უზრუნველყოფით და მთელი რიგი, მეტად ეთიკურად გამართული პრაქტიკის განვითარებით, საქართველოს მეტ მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, აღნიშნული სერვისი უსაფრთხოდ მიიღოს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. პრემიერ-მინისტრმა 12 ივნისს განაცხადა, რომ 2024 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში აიკრძალება უცხოელი წყვილებისთვის სუროგაცია და ამ მომსახურეობის მიღება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული. კანონპროექტის მიხედვით, კანონით დარეგულირდება სუროგატი დედის ანაზღაურების საკითხიც, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, „მხოლოდ უანგარობის პრინციპს“ დაეფუძნება. მისი თქმით, სუროგატ დედას საშუალება ექნება მიიღოს „ის კომპენსაცია, რაც ამ პროცესთან დაკავშირებით უხერხულობას შეიძლება ახლდეს თან, ან სამედიცინო გამოკვლევებს, ან მერე მშობიარობას და აი, ამ ხარჯებთან დაკავშირებულს“. ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ასოციაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. ასოციაციის განცხადებით, პრემიერის მიერ დაანონსებული აკრძალვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების, მათ შორის, სუროგაციისა და დონაციის სერვისის მიღებასთან დაკავშირებით, საფრთხის შემცველია როგორც დარგის, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის არსებობისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. სფეროში მომუშავე 20-მდე კლინიკის წარმომადგენლები ითხოვენ მოლაპარაკებების დაწყებას ხელისუფლებასთან, რათა აკრძალვის ნაცვლად შემუშავდეს რეგულაციები, რომლებიც ქვეყანაში დონაცია-სიროგაციის საკითხებს დაარეგულირებს. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის აგვისტოში, მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გამოსცა ბრძანება და ამ ბრძანებით ცვლილება შევიდა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ კანონში. ცვლილების თანახმად, ექსტრაკორპორული (რაც ინ ვიტროს ნიშნავს) გზით დაბადებული ბავშვის აღზრდა შეუძლია ქალსა და კაცს, თუკი ისინი იმყოფებიან ქორწინებაში და ქორწინებიდან გასულია, სულ მცირე, ერთი წელი. ან იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში, ასევე სულ მცირე, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში. სუროგაციას საქართველოში 1997 წლიდან არეგულირებს კანონმდებლობა. ის რამდენიმე ნორმატიული აქტისა და ბრძანების საშუალებით რეგულირდება. მაგალითად, კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“, კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“, ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“. სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გაყვანის პროცედურებს არეგულირებს საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის ერთობლივი ბრძანება. თუკი ირკვევა, რომ ბავშვი, რომელიც პირველად ტოვებს საქართველოს ტერიტორიას, არის საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული და მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ორივე მშობელი მითითებული არ არის, ან მის სახელზე არ არის რეგისტრირებული დაბადების სამოქალაქო აქტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია, მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის საქართველოდან გაყვანაზე (საზღვრის გადაკვეთაზე) უარის თქმის შესახებ.
შევეცდებით, რომ სუროგაციასა და ინ ვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული ტემპით განიხილოს - აზარაშვილი
შევეცდებით, რომ სუროგაციასა და ინ ვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული ტემპით განიხილოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული - კანონპროექტი „კანონი მხოლოდ სუროგაციას არ ეხება. ის მოიცავს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, მათ შორის, ინ ვიტრო განაყოფიერებასაც. მოგეხსენებათ, მთავრობის გადაწყვეტილებით, კანონი მომზადებულია ისე, რომ ინ ვიტრო განაყოფიერებისა და სუროგაციის შესაძლებლობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დემოგრაფიული პრობლემები გადაიჭრას. ის მანკიერი პრაქტიკა, რაც ქვეყანაში სამწუხაროდ გვქონდა, უნდა შეიცვალოს. მიუხედავად ყველაფრისა, არსებობს არაერთი შესაძლებლობა იმის, რომ ბავშვი დაბადებამდე ქვეყნის გარეთ მოხვდეს და დაიბადოს სხვა ქვეყანაში, სადაც ამ ბავშვის გასხვისების პოტენციური მოლოდინი აქვთ. აქედან გამომდინარე, მომდევნო წლის პირველი იანვრიდან ეს შეიზღუდება და დაშვებული მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი მითქმა-მოთქმაა, შევეცდებით, რომ კანონი პარლამენტში დაჩქარებული ტემპით განიხილონ. ამ სფეროს წარმომადგენლებთან მრავალთვიანი განხილვები გვქონდა და ის კრიტერიუმები, რომლითაც პარლამენტში ამ კანონს განიხილავენ, ჩვენს რეალობაზე მორგებულია. ამ კანონის მიხედვით, ყველა რისკი, რაც შეიძლება არსებობდეს, დაზღვეულია“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა. სურაგატობის ან დონორობის მსურველი საქართველოს მოქალაქე ვალდებული იქნება, „უანგარობის პრინციპით“ იმოქმედოს - ჯანდაცვის მინისტრი
სამინისტრო: სუროგაციის, ინ ვიტრო განაყოფიერებისა და ინსემინაციის მონაცემები ერთიან რეესტრში იანვრიდან აისახება
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2024 წლის იანვრიდან, სუროგაციასთან, ინვიტრო განაყოფიერებასა და ინსემინაციასთან დაკავშირებული მონაცემები ერთიან რეესტრში აისახება. ახალი წლიდან ყველა სამედიცინო დაწესებულება, სადაც რეპროდუქციული პროცედურები ტარდება, ვალდებული ხდება, გამოყენებული ქსოვილების, უჯრედების, ემბრიონების, ასევე კონტაქტში მყოფი მასალების თუ პირების შესახებ, ინფორმაცია, ერთიან ეროვნულ რეესტრში განათავსოს. „ცვლილების მიზანი მომსახურების ხარისხის, პროცესის ზედამხედველობა, ასევე - აღნიშნული მასალებისა და მათთან კავშირში მყოფი პირების მიკვლევადობაა. რეესტრში ყველა ინფორმაცია განთავსდება პირადი მონაცემების დაცვით და იქნება კონფიდენციალური. დღეის მდგომარეობით, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისს 19 დაწესებულება ახორციელებს," - წერია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 2023 წლის ივნისში პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობის ინიციატივით, 2024 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში აიკრძალება უცხოელი წყვილებისთვის სუროგაცია და ამ მომსახურების მიღება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული. მათივე ინიციატივით, კანონით უნდა დარეგულირებულიყო სუროგატი დედის ანაზღაურების საკითხიც, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, „მხოლოდ უანგარობის პრინციპს“ დაეფუძნება. მისი თქმით, სუროგატ დედას საშუალება ექნება მიიღოს „ის კომპენსაცია, რაც ამ პროცესთან დაკავშირებით უხერხულობას შეიძლება ახლდეს თან - ან სამედიცინო გამოკვლევებს, ან მერე მშობიარობას და აი, ამ ხარჯებთან დაკავშირებულს.“
ირაკლი კირცხალია: სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ
საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ - აღნიშნულ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება, - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გააკეთა. კირცხალიამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები. „მინდა, საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ. აღნიშნულ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება. გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები, განსაკუთრებით ადამიანით ვაჭრობის - ტრეფიკინგის, ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით. კარგად გვესმის, რომ სუროგაციის აკრძალვას შესაძლოა, გარკვეული ეკონომიკური გავლენა ჰქონდეს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური სარგებელი ვერ იქნება აღნიშნული რისკებისა და ეთიკური საკითხების საპირწონე," - განაცხადა კირცხალიამ.
რომელ ქვეყნებში იკრძალება სუროგაცია
არიან ქვეყნები, სადაც სუროგაცია სრულად აკრძალულია, მათ შორის - ჩინეთი და ევროპული ქვეყნების უმრავლესობა. სუროგაცია ნაწილობრივ აკრძალულია კანადასა და დიდ ბრიტანეთში. კერძოდ, დაშვებულია მხოლოდ არაკომერციული [ალტრუისტული] ფორმით. ევროპარლამენტის მონაცემებით, ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების დიდ ნაწილში სუროგაცია აკრძალულია. ზოგიერთ ქვეყანაში ეს აკრძალვა პირდაპირ კრძალავს პროცედურას, ზოგან კი დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების რეგულირება ისეა მოწყობილი, რომ სუროგაცია ირიბად იკრძალება. 2014 წლიდან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სუროგაციასთან დაკავშირებით არაერთი გადაწყვეტილება მიიღო, განსაკუთრებით იმ შემთხვევებზე, როდესაც მშობლობა საზღვარგარეთ სუროგაციის გზით არის დადგენილი. სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, თუ სახელმწიფო არ აღიარებს საზღვარგარეთ სუროგაციის შედეგად დადგენილ მშობლობას, მან უნდა უზრუნველყოს სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც ამგვარი არასრულყოფილი სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების შესაძლებლობას მისცემს. 2022 წელს ევროკომისიამ წარადგინა რეგულაციის პროექტი მშობლობასთან დაკავშირებული საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმების შესახებ, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში განხორციელებული სუროგაციის შემთხვევებზეც გავრცელდებოდა. საკითხის გადაწყვეტის გზებზე ევროკავშირის საბჭოში განხილვები კვლავ მიმდინარეობს. 2026 წლის ნოემბერში საკითხი პოლიტიკური შეთანხმების მისაღწევად მომზადების ეტაპზე გადავიდა. 2024 წელს მიღებული დირექტივით, რომელიც ადამიანით ვაჭრობის პრევენციას, მასთან ბრძოლასა და მსხვერპლთა დაცვას ეხება, სუროგაციის ექსპლუატაცია პირველად განისაზღვრა ადამიანით ვაჭრობის ერთ-ერთ ფორმად. ევროპარლამენტის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის 14 ქვეყანაში სუროგაცია აკრძალულია. პირდაპირი კანონით აკრძალულია ცხრა ქვეყენაში: ბულგარეთი2. ხორვატია3. საფრანგეთი4. გერმანია5. იტალია6. ლიეტუვა7. მალტა8. სლოვენია9. ესპანეთი კანონმდებლობით ფაქტობრივად აკრძალულია ხუთ ქვეყანაში - სუროგაცია პირდაპირი კანონით ან სამედიცინო რეგულაციებით აკრძალულია. 10. ავსტრია11. ესტონეთი12. ფინეთი13. უნგრეთი14. შვედეთი სუროგაციის სფერო საკანონმდებლო რეგულირების გარეშეა დარჩენილი კენიაში, ნიგერიაში, ფილიპინებში. სომხეთში სუროგაცია დაშვებულია და რეგულირდება კანონით. აზერბაიჯანში სუროგაცია პირდაპირ აკრძალული არ არის, მაგრამ სპეციალური რეგულაციები არ არსებობს. ამ ქვეყანში სუროგაციის სპეციალური რეგულირება არასრულყოფილია. სრულად ლეგალურია და კომერციულ ხასიათს ატარებს სუროგაცია აშშ-ში. საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასეებები 2025 წლის 14 ივლისს გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის საკითხებში, რიმ ალ-სალემმა გამოაქვეყნა ანგარიში [The different manifestations of violence against women and girls in the context of surrogacy (A/80/158]. ანგარიშის ძირითადი მიგნებები:- სუროგაცია შესაძლოა, ქალებისა და ბავშვების ექსპლუატაციასა და ადამიანის უფლებების დარღვევას უკავშირდებოდეს.- კომერციული სუროგაცია ქალის სხეულისა და რეპროდუქციული შესაძლებლობების კომერციალიზაციის რისკს ქმნის.- ეკონომიკურად დაუცველი ქალები ექსპლუატაციის განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არიან.- არსებობს ჯანმრთელობის, ფსიქოლოგიური ზეწოლისა და რეპროდუქციული უფლებების დარღვევის რისკები.- ბავშვებთან დაკავშირებით წამოჭრილია იდენტობის, მოქალაქეობის, მიტოვებისა და ტრეფიკინგის საფრთხეები. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მოუწოდა ორგანიზაციის მინისტრთა კომიტეტს, განეხილა სუროგაციის შედეგად დაბადებული ბავშვების უფლებების დაცვის ევროპული სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავების შესაძლებლობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა:- ბავშვის უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების დაცვაზე;- ბავშვის სამართლებრივი მშობლობის აღიარებაზე;- საერთაშორისო სუროგაციის შედეგად წარმოშობილ სამართლებრივ პრობლემებზე;- ბავშვების მოქალაქეობისა და იურიდიული სტატუსის დაცვაზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პოზიცია სასამართლოს პრაქტიკაში მნიშვნელოვანი პრინციპებია:- სახელმწიფოებს აქვთ უფლება, თავად განსაზღვრონ სუროგაციის დაშვების ან აკრძალვის პოლიტიკა.- თუმცა სუროგაციით დაბადებული ბავშვების უფლებები დაცული უნდა იყოს.- უცხოეთში სუროგაციით დაბადებული ბავშვის სამართლებრივი მშობლობის საკითხი არ უნდა დარჩეს გადაუჭრელი.- ბავშვის საუკეთესო ინტერესები გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ცნობისთვის, საქართველოში სუროგაციის სრულად აკრძალვა იგეგმება. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „პრინციპულ გადაწყვეტილებას“ უწოდებს საქართველოში სუროგაციის სრულად აკრძალვის ინიციატივას. კობახიძის თქმით, როგორც არ უნდა დაარეგულირო სუროგაციის საკითხი, ექსპლუატაციის პრობლემა არ იხსნება. „არის სხვადასხვა ტიპის პრობლემა დაკავშირებული სუროგაციასთან. ზოგადად, სულ 7 ქვეყანა იყო, ახლა 6 დარჩება, სადაც დაშვებულია კომერციული სუროგაცია. ეთიკური თვალსაზრისით არის უამრავი პრობლემა, მთავარი პრობლემა არის ქალების ექსპლუატაცია, რაც არის პირდაპირ დაკავშირებული სუროგაციასთან. ძალიან მძიმეა ის მოვლენა, რასაც სუროგაცია ჰქვია, პირველ რიგში, სწორედ ქალბატონების ექსპლუატაციის კუთხით. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ეს პრინციპული გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ თავისი წილი ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკაში ამ სექტორს, ჩვენ მაინც მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება სწორედ ამ ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. სუროგაციის აუცილებელი ელემენტია ქალის ექსპლუატაცია, შესაბამისად, როგორც არ უნდა დაარეგულირო ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად, აქედან გამომდინარე რეგულაცია არ წყვეტს ძირეულ პრობლემას,“ - განაცხადა კობახიძემ. „ჩვენ საპატრიარქოსთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია... რა თქმა უნდა, სუროგაციაზეც გვქონდა კონსულტაციები. მათი პოზიცია იყო ის, რომ სუროგაცია, უმჯობესი იყო, აკრძალულიყო. ჩვენ გვაქვს ხოლმე კონსულტაციები, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ყველა საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო იღებს თავის დამოუკიდებელ, სუვერენულ გადაწყვეტილებას, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, საპატრიარქოს, ეკლესიის მოსმენა, მათი აზრის გათვალისწინება, ასეთ რეჟიმში წარიმართა კონსულტაციები სუროგაციის საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ. პატრიარქმა ხსენებულ ინიციატივასთან დაკავშირებით 23 ნოემბერს განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა საპატრიარქოსა და ხელისუფლების წარმომადგენლების საუბარი. „დიდი კმაყოფილებით მინდა, გამოვეხმაურო იმ ახალ ინიციატივას, რომელიც ჩვენ ყველამ გუშინ მოვისმინეთ. ეს ეხება სუროგაციის აკრძალვას საქართველოში. ძვირფასო ძმებო და დებო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მე ახლა არ ჩავუღრმავდები, უბრალოდ მოკლედ ვიტყვი, რომ სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ჩვენს ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით. დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი მოხარულები ვართ ამ გადაწყვეტილების გამო და ვლოცულობთ, რომ ღმერთმა, წმინდა გიორგიმ და წმინდა ნინომ შეგაძლებინოთ, რომ ეს განახორციელოთ და ბოლომდე მიიყვანოთ. რა თქმა უნდა, ამას წინ უსწრებდა, ჩვენი ურთიერთობაც ერთმანეთთან, საუბარიც ამ პრობლემისა და მიმდინარე პრობლემების თაობაზე. ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენი ეს გადაწყვეტილება მომდინარეობს, თქვენი ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან და იქიდან, რომ გული შეგტკივათ ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანული და ტრადიციული ღირებულებების გაძლიერებისა და დანერგვის თვალსაზრისით,“ - აღნიშნა პატრიარქმა. ინფორმაციისთვის, არსებობს ტრადიციული სუროგაცია - როდესაც სუროგატი დედა ბავშვის ბიოლოგიური დედაცაა, რადგან მისი კვერცხუჯრედი გამოიყენება. ასევე - გესტაციური სუროგაცია - როდესაც სუროგატი დედა ბავშვის გენეტიკური დედა არ არის; ემბრიონი სხვა ქალის კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის გამოყენებით იქმნება ან გამოიყენება დონორის უჯრედები.