თეგი: ფინანსთა მინისტრი
მინისტრის საათის ფორმატში დღეს საკანონმდებლო ორგანოს ფინანსთა მინისტრი ეწვევა
მინისტრის საათის ფორმატში დღეს საკანონმდებლო ორგანოს ფინანსთა მინისტრი ეწვევა. ლაშა ხუციშვილი კანონმდებლებს უწყების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს წარუდგენს. მინისტრის მოსმენას საპარლამენტო ოპოზიციაც დაესწრება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მთავარი კითხვები მათ ინფლაციასა და სესხებთან დაკავშირებით ექნებათ.
ფინანსთა მინისტრი: საქართველოში პანდემიამდე რუსეთის უფრო მეტი მოქალაქე შემოდიოდა
"საქართველოში პანდემიამდე რუსეთის უფრო მეტი მოქალაქე შემოდიოდა - აბსოლუტურად გაუგებარია ის შიში, რომელიც ამ მიმართულებით არის გამოთქმული", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. „რიცხვებს თუ შევხედავთ, ეს უნდა შევადაროთ იმ პერიოდს, რომელი პერიოდიც არის შესადარისი. ვერ შევადარებთ პანდემიის პერიოდს, როდესაც საზღვრები იყო ჩაკეტილი და სასაზღვრო გამშვები პუნქტები ფაქტობრივად არ ფუნქციონირებდნენ და ვერ შეადარებთ ისეთ პერიოდს, როდესაც გარკვეული შეფერხებები არსებობდა მიმოსვლასთან დაკავშირებით. უნდა შევადაროთ ბუნებრივია პანდემიამდე პერიოდს და თუ შევადარებთ რიცხვებს, ეს არათუ გაზრდილი, არამედ განახევრებულია რაოდენობაში. შესაბამისად, აბსოლუტურად გაუგებარია ის შიში, რომელიც ამ მიმართულებით იქნა გამოთქმული. ეს ინფორმაცია არის საჯარო, ეს ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი და შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანს ინფორმაციაზე შეუძლია წვდომა ჰქონდეს, ამ ინფორმაციის ანალიზი გააკეთოს და შესაბამისად, ვერანაირ რისკებს ამ მიმართულებით ვერ ვხედავთ, რომ რაიმე ტიპის პრობლემა არსებობდეს ქვეყანაში“, - განაცხადა მინისტრმა.
ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, ჯეიმს ჯონსა და მისიის წევრებს შეხვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. "შეხვედრაზე მიმდინარე პერიოდში ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, 2022 წლის ძირითადი ფისკალური და მაკროეკონომიკური პარამეტრები განიხილეს, ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას რეგიონსა და მსოფლიოში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ 9.7% შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3%-ით განისაზღვრა. გაზრდილია ექსპორტი, ინვესტიციებისა და ტურიზმის მაჩვენებლები, რაც ქვეყანაში მაღალ ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს. საუბარი შეეხო ფონდთან მიმდინარე პროგრამითა და მთავრობის მიერ განსაზღვრულ, ისეთ რეფორმებს, როგორიცაა: საჯარო ფინანსების მართვა და სახელმწიფო საწარმოთა რეფორმა. შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები - ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი და სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში 14 სექტემბრამდე იმუშავებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ფინანსთა მინისტრი: 2022 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი დაახლოებით 700 მილიონი ლარით იზრდება
2022 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი დაახლოებით 700 მილიონი ლარით, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები კი მილიარდ 266 მილიონით იზრდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ხუციშვილის თქმით, პანდემიის შემდგომ საქართველოს ეკონომიკამ გასული წლის მეორე კვარტლიდან მნიშვნელოვანი აღდგენა დაიწყო და საბოლოოდ, 2021 წელს ორნიშნა 10.4%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. „6%-იანი ზრდის შემთხვევაში, პროგნოზირებული იყო, რომ საქონლის ექსპორტის მაჩვენებელი გაიზრდებოდა დაახლოებით, 13%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით, ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი იქნებოდა 70%-ის ფარგლებში. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებამ, პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, რისკები შექმნა და რომ არა ჩვენი სწორი პოლიტიკა, შესაძლებელია, დღეს არა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, არამედ ეკონომიკური ვარდნაც გვქონოდა“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. ამავდროულად, მინისტრმა ისაუბრა განვლილ პერიოდში არსებულ პარამეტრებზე. „საქონლის ექსპორტის მაჩვენებელი 3,1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 36,4%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს, მათ შორის, ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელი 2,2 მლრდ აშშ დოლარია, რაც 34%-ით მეტია 2021 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ქვეყნის ეკონომიკაში შეადგენს 1,6 მლრდ აშშ დოლარს, რაც 3,2-ჯერ მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე. თუ 2019 წელთან მიმართებით გავაანალიზებთ, ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის მაჩვენებელი შვიდ თვეში 87%-ს აღემატება, მათ შორის, იანვარ-აპრილში აღდგენის საშუალო მაჩვენებელი 68% იყო, ხოლო მაისი-ივლისის პერიოდში საშუალო მაჩვენებელმა 100%-ს გადააჭარბა. პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა წლის პირველ კვარტალში 922,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება, ხოლო 2019 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს 62,4%-ით აჭარბებს. დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვები იანვარ-ივლისის პერიოდში გაზრდილია 21%-ზე მეტით. სწორედ ამ მაჩვენებლების შედეგია, რომ პირველ შვიდ თვეში გვაქვს კვლავ ორნიშნა – 10.3%-იანი ეკონომიკური ზრდა“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. ლაშა ხუციშვილის განმარტებით, აღნიშნული მაჩვენებლების გათვალისწინებით, შეიცვალა ძირითადი ეკონომიკური პარამეტრების წლიური პროგნოზებიც. „განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზები ითვალისწინებს: რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელს 8,5%-ის ოდენობით, ნაცვლად მანამდე არსებული 6%-ისა, ფაქტობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით, მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი შეადგენს 10,5%-ს, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი განსაზღვრულია 72,2 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 6 500 დოლარს აჭარბებს, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები იზრდება 1 266,0 მლნ ლარის ოდენობით და განისაზღვრება 16 824,0 მლნ ლარის ოდენობით“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა. მინისტრის თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების მომზადება, რომელიც ორიენტირებულია ორი ძირითადი მიზნის მიღწევაზე. „პირველი არის ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის შემცირება. 2022 წლის ნაერთი ბიუჯეტი დაიგეგმა მშპ-სთან მიმართებით 4,4%-იანი დეფიციტის, ხოლო მთავრობის ვალის 51%-იანი ნიშნულის ოდენობით. წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, 2022 წელს ჩვენ ვიღებთ 710 მილიონი ლარით ნაკლებ ვალს, ვიდრე ბიუჯეტით გვქონდა დაგეგმილი და წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის მოცულობა შემცირდება მშპ-ის 40%-მდე. ამასთანავე, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა, მშპ-ის 4,4%-დან მცირდება მშპ-ის 3,2%-მდე. დეფიციტისა და ვალის შემცირების პარალელურად, დამატებით მიიმართება ერთი მხრივ, აღებული ვალდებულებების დასაფინანსებლად და მეორე მხრივ, ქვეყნის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, სოციალური და სხვა მიმართულებებით. ამ კუთხით დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს დამატებითი თანხების მიმართვას შემდეგი მიმართულებებით: წელს სოციალურად დაუცველი ბავშვების ყოველთვიური დახმარება მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან გავზარდეთ 50 ლარით და განისაზღვრა ყოველთვიურად 150 ლარით, რისი დაფინანსებისთვისაც გამოიყოფა 86 მლნ ლარზე მეტი; მიმდინარე წელს დაიწყო საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა, რომლისთვისაც გამოიყოფა 40,0 მლნ ლარამდე; ჯანდაცვის პროგრამებზე დამატებით გამოიყოფა 80,0 მლნ ლარი, მათ შორის, ახალი კორონავირუსის (COVID-19) მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის დამატებით გამოიყოფა 45,0 მლნ ლარი; მცირემიწიან ფერმერთა სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერებით დახმარებისთვის გამოიყოფა 40,0 მლნ ლარი; რთველის დასაფინანსებლად დამატებით – 40,0 მლნ ლარი გამოიყოფა; სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის სხვა პროგრამების დასაფინანსებლად დამატებით – 70,0 მლნ ლარი, მათ შორის, 55,0 მლნ ლარი გათვალისწინებულია შეღავათიანი აგროკრედიტების დასაფინანსებლად; თავდაცვის სამინისტროს დასაფინანსებლად დამატებით გამოიყოფა 80,0 მლნ ლარი, რომლითაც გაგრძელდება ჯარისკაცების ბინების მშენებლობა, ასევე, გაგრძელდება თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესება; ვიწყებთ თბილისში პოლიციის ქალაქის მშენებლობას, რომლის ფარგლებშიც 1100-ზე მეტი ბინის მშენებლობა განხორციელდება; სამაშველო ვერტმფრენების შესყიდვის მიზნით, გამოიყოფა 50,0 მლნ ლარი; სპორტის ხელშეწყობის და მიღწეული შედეგების შესაბამისად, სპორტსმენთა დაჯილდოების მიზნით, დამატებით გამოიყოფა 43,0 მლნ ლარი; ქ. თბილისსა და მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსფერი იზრდება 65,0 მლნ ლარით, ხოლო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის დამატებით გამოიყოფა 130,0 მლნ ლარი. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტების საგადასახადო შემოსავლები თავდაპირველ გეგმასთან შედარებით, გაზრდილია 160,0 მლნ ლარამდე, რომლის დიდი ნაწილი, ასევე, მიიმართება ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 80,0 მლნ ლარით, რაც მოხმარდება 2023 წელს საქართველოში დაგეგმილი, ფეხბურთში ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის მასპინძლობისთვის, საფეხბურთო სტადიონების მშენებლობა-რეაბილიტაციას. ჯამში, წელს, ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად გამოვყოფთ თითქმის, 6 მლრდ ლარს“, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა. მინისტრის ინფორმაციით, ჯამში ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იზრდება დაახლოებით 700 მილიონი ლარით, გარდა ამისა, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები იზრდება მილიარდ 266 მილიონი ლარით.
ლაშა ხუციშვილი: მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში, 3.9 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა მსოფლიო ბანკის წევრი, მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში 3.9 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა. „დღეს აღინიშნება 30 წლის იუბილე მას შემდეგ, რას საქართველო გახდა მსოფლიო ბანკის წევრი. ამ 30 წლის განმავლობაში მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში განხორციელდა ინვესტიცია 3.9 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით, ასევე განხორციელებულია ასობით პროექტი, რომელიც დაეხმარა ჩვენს ქვეყანას წინსვლასა და განვითარებაში. მსოფლიო ბანკის პორტფელი მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების პროექტებს და სხვა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანს“ – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. ამასთან, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში მსოფლიო ბანკისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ფინანსთა მინისტრი ევროკავშირის ელჩს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა, რომელმაც ქვეყანაში დიპლომატიური საქმიანობა ცოტა ხნის წინ დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დადებითი შეფასება მიეცა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობის დინამიკას. "ფინანსთა მინისტრმა სტუმარს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ელჩობის პერიოდში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო განმტკიცდება. ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის როლს ქვეყნის განვითარებაში, როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური და ტექნიკური დახმარების პროგრამების მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა ევროპული საბჭოს 12 პრიორიტეტის შესრულების მნიშვნელობაზე ევროინტეგრაციის პროცესში. ლაშა ხუციშვილმა ევროკავშირის ელჩს გააცნო ეკონომიკაში მიმდინარე ვითარება, 2022 წლის განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრები. საუბარი, ასევე, შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას რეგიონსა და მსოფლიოში. ასევე საუბარი შეეხო EU სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში იდენტიფიცირებულ საფლაგმანო პროექტებს და საჯარო ფინანსების მართვის სტრატეგიის განახლების პროგრესს. შეხვედრის დასასრულს, პაველ ჰერჩინსკიმ აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ლაშა ხუციშვილი: მთავარ გამოწვევად რჩება ინფლაცია
მიუხედავად რეგიონში მკვეთრად გაზრდილი რისკებისა, საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს სწრაფ აღდგენას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას. როგორც მან აღნიშნა, პირველ სამ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 10.2 პროცენტი შეადგინა, გასული წლის 10.5 პროცენტიანი ზრდის შემდეგ. „2022 წელს არსებული პროგნოზით, რეალური ეკონომიკური ზრდა 8.5 პროცენტია, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე გადააჭარბებს 6,500 აშშ დოლარს, თუმცა აღნიშნულ მაჩვენებელს ჩვენ მომდევნო კვირაში ზრდის მიმართულებით გადავხედავთ. პანდემიის დროინდელი შენელების შემდეგ, აღდგენა დაიწყო ინვესტიციების მოცულობამაც, რაც საშუალო და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. 2022 წლის მეორე კვარტალში ინვესტიციების მოცულობამ მშპ-სთან მიმართებით 26,6 პროცენტი შეადგინა, რაც აღემატება 2019 წლის საშუალო მაჩვენებელს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, მნიშვნელოვნად უმჯობესდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და უბრუნდება პანდემიამდე არსებულ დონეს. მინისტრის თქმით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 7 პროცენტზე მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება. „მთავარ გამოწვევად რჩება ინფლაცია, რაც ბოლო წლებში ჯერ პანდემიის, ხოლო შემდეგ უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებული მოვლენების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ბოლო თვეებში ინფლაციამ დაიწყო შემცირება და ველოდებით, რომ საბაზისო ეფექტის ამოწურვასთან ერთად, 2023 წლის მეორე ნახევარში უფრო დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვანი რისკები შეუქმნა რუსეთ-უკრაინის ომმა და რუსეთისა და ბელორუსისთვის დაწესებულმა სანქციებმა. თუმცა, როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, ამის მიუხედავად, ტურიზმისა და ექსპორტის აღდგენის მაღალმა ტემპებმა, გადაწონა აღნიშნული რისკები და საგარეო სექტორმა იმაზე მნიშვნელოვნად მაღალი კონტრიბუცია შეიტანა ეკონომიკურ აღდგენაში, ვიდრე 6-პროცენტიანი ზრდის სცენარში იყო ნავარაუდევი. „ტურიზმი ეკონომიკური აღდგენის უმთავრესი კონტრიბუტორია. წლის დასაწყისში ჩვენ ველოდით ტურიზმის 70 პროცენტიან აღდგენას, თუმცა ჩვენ 9 თვეში უკვე, პრაქტიკულად, 100-პროცენტიანი აღდგენა გვაქვს ნომინალურ გამოსახულებაში. რაც შეეხება ვიზიტორების სტატისტიკას, აღდგენის მაჩვენებელი რაოდენობაში, საშუალოდ, 60 პროცენტამდეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურიზმს კვლავ რჩება პოტენციალი, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს შემდგომი წლების ეკონომიკურ ზრდაში“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. როგორც გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, 2023 წლის პირველ 9 თვეში ექსპორტი 37.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 34.3 პროცენტით გაიზარდა. „საერთო ჯამში, ექსპორტის საკმაოდ დივერსიფიცირებული ზრდა ფიქსირდება, თუმცა, უმნიშვნელო კლებაა ტრადიციულ საექსპორტო პროდუქტებში, როგორიცაა ღვინო და მინერალური წყლები და ეს კლება რუსეთის სანქცირებითაა გამოწვეული. პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა წლის პირველ ნახევარში 923 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ის 8.8 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი მცირედით აჭარბებს 2018-2019 წლების საშუალო მაჩვენებელს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, მზარდი ჯამური ინვესტიციების ფონზე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაღალ დონეზე შენარჩუნება მნიშვნელოვანია საშუალოვადიანი პერიოდისთვის.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებას მხარი დაუჭირა
2022 წლის ქვეყნის ძირითად ფინანსურ დოკუმენტში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე. მომხსენებლის ინფორმაციით, 10 თვის მონაცემების საფუძველზე, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იზრდება და ნაცვლად 8.5%-სა და 10 %-ით განისაზღვრა. მისივე თქმით, ცვლილებები შეეხება ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებს, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე სახელმწიფო უწყების დაფინანსება ჯამში 507 მლნ. ლარით იზრდება. გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს დამატებითი ფინანსური რესურსის განკარგვაზე ინფორმაცია გააცნო და აღნიშნა, რომ 330 მლნ. ლარით იზრდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსება, საიდანაც ბუნებრივი აირის მომარაგების მიზნით, 230 მლნ. ლარი „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ სესხის სახით გადაეცემა. 95 მლნ. ლარით იზრდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები, ხოლო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებას დამატებით 70 მლნ. ლარი დაემატება. საბიუჯეტო ცვლილებების თანახმად, დამატებით 2.4 მლნ. ლარი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გამოეყოფა, რომელიც საწვრთნელი ინფრასტრუქტურის მშენებლობის ხარჯების დაფინანსებას მოხმარდება.
შავი ზღვის კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დასაფინანსებლად, მსოფლიო ბანკი $75 მილიონს გამოყოფს - ფინანსათა მინისტრი
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტრო მსოფლიო ბანკს „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის” ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელების მიზნით, $75 მილიონის დაფინანსების მოზიდვისთვის მიმართავს. ბანკთან წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია, როგორც თანხის ოდენობაზე ასევე კონკრეტულ მიმართულებებზე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შესახებ გამართულ ბრიფნგზე განაცხადა. აშშ შავი ზღვის კაბელის პროექტს მხარს უჭერს NATO შავი ზღვის კაბელის პროექტზე: ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს მივესალმებით მინისტრმა ასევე ისაუბრა, რა მიმართულებით დაიხარჯება მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი ფული. „$75 მლიონის დაფინანსება სამი მიმართულებით დაიხარჯება. დაფინანსება მოიცავს შავი ზღვის ფსკერის გეოტექნიკური და გეოფიზიკურ შესწავლას, რომელზეც დაახლოებით $20 მილიონი დაიხარჯება. ასევე თანხა გამოიყოფა სახმელეთო გადამცემი ხაზის გაძლიერებისთვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. პროექტის საკონსულტაციო მიმართულებაზე 5 მილიონი ევრო გამოიყოფა. ეს მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოსთვის, რომელშიც პირველი ინვესტიცია უკვე განხორციელებულია“, - აღნიშნა ხუციშვილმა. რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო როდის დასრულდება შავი ზღვის კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს მისივე თქით, ამ პროექტში საქართველოს პარტნიორები მაშინ ჩაერთვებიან, როცა მზად ინება ტექნიკური კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი. „ტექნიკური კვლევა უკვე მიმდინარეობს, რომლისთვისაც 2.5 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებაა გამოყოფილი და მიმდინარე წელს დასრულდება“, - აღნიშნა ხუციშვილმა. ინფორმაციისთვის, 17 დეკემბერს ხელმოწერილი დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომლებიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან. ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის. რუმინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით, ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილია ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში. რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა. 19 დეკემბერს დღეს გახდა ცნობილი, რომ საუდის არაბეთმა გამოთქვა სურვილი, აზერბაიჯანიდან ევროპაში „მწვანე“ ელექტროენერგიის ექსპორტის პროცესს შეუერთდეს. ამ დრომდე ოფიციალურად არ თქმულა, საქართველოს რომელი რეგიონიდან უნდა დაწყებულიყო ელექტროგადამცემი კაბელის შავი ზღვის ფსკერზე განთავსება, თუმცა უკრაინულმა მედიამ გარკვეული ვერსია უკვე განიხილა. კერძოდ, delo.ua-ს ცნობით, არის მოლოდინი, რომ ელექტროგადამცემი კაბელი (რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტი იქნება), შავი ზღვის ფსკერზე, სოფელ ანაკლიიდან რუმინეთის პორტ კონსტანცამდე გადაიჭიმება.
ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის თბილისში ჩატარება არის მნიშვნელოვანი აღიარება - ხუციშვილი
2024 წლის მაისში ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის თბილისში ჩატარება არის მნიშვნელოვანი აღიარება იმ პროექტებისა და რეფორმების, რომელსაც ქვეყანა აზიის განვითარების ბანკთან ერთად ახორციელებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. „აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა კორეის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, სადაც მიმოვიხილეთ ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები. ასევე, მოხდა შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან მიმართებით, რომ მაქსიმალურად მხარეები დააჩქარებენ პოზიციებს და პროცესებს, იმისათვის, რომ დროზე დასრულდეს აღნიშნული შეთანხმების გაფორმება”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. ცნობისთვის, დღეიდან, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი ერთი წლის ვადით აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა.