მიუხედავად რეგიონში მკვეთრად გაზრდილი რისკებისა, საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს სწრაფ აღდგენას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას.
როგორც მან აღნიშნა, პირველ სამ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 10.2 პროცენტი შეადგინა, გასული წლის 10.5 პროცენტიანი ზრდის შემდეგ.
„2022 წელს არსებული პროგნოზით, რეალური ეკონომიკური ზრდა 8.5 პროცენტია, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე გადააჭარბებს 6,500 აშშ დოლარს, თუმცა აღნიშნულ მაჩვენებელს ჩვენ მომდევნო კვირაში ზრდის მიმართულებით გადავხედავთ. პანდემიის დროინდელი შენელების შემდეგ, აღდგენა დაიწყო ინვესტიციების მოცულობამაც, რაც საშუალო და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. 2022 წლის მეორე კვარტალში ინვესტიციების მოცულობამ მშპ-სთან მიმართებით 26,6 პროცენტი შეადგინა, რაც აღემატება 2019 წლის საშუალო მაჩვენებელს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვნად უმჯობესდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და უბრუნდება პანდემიამდე არსებულ დონეს. მინისტრის თქმით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 7 პროცენტზე მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება.
„მთავარ გამოწვევად რჩება ინფლაცია, რაც ბოლო წლებში ჯერ პანდემიის, ხოლო შემდეგ უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებული მოვლენების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ბოლო თვეებში ინფლაციამ დაიწყო შემცირება და ველოდებით, რომ საბაზისო ეფექტის ამოწურვასთან ერთად, 2023 წლის მეორე ნახევარში უფრო დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვანი რისკები შეუქმნა რუსეთ-უკრაინის ომმა და რუსეთისა და ბელორუსისთვის დაწესებულმა სანქციებმა.
თუმცა, როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, ამის მიუხედავად, ტურიზმისა და ექსპორტის აღდგენის მაღალმა ტემპებმა, გადაწონა აღნიშნული რისკები და საგარეო სექტორმა იმაზე მნიშვნელოვნად მაღალი კონტრიბუცია შეიტანა ეკონომიკურ აღდგენაში, ვიდრე 6-პროცენტიანი ზრდის სცენარში იყო ნავარაუდევი.
„ტურიზმი ეკონომიკური აღდგენის უმთავრესი კონტრიბუტორია. წლის დასაწყისში ჩვენ ველოდით ტურიზმის 70 პროცენტიან აღდგენას, თუმცა ჩვენ 9 თვეში უკვე, პრაქტიკულად, 100-პროცენტიანი აღდგენა გვაქვს ნომინალურ გამოსახულებაში. რაც შეეხება ვიზიტორების სტატისტიკას, აღდგენის მაჩვენებელი რაოდენობაში, საშუალოდ, 60 პროცენტამდეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურიზმს კვლავ რჩება პოტენციალი, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს შემდგომი წლების ეკონომიკურ ზრდაში“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
როგორც გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, 2023 წლის პირველ 9 თვეში ექსპორტი 37.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 34.3 პროცენტით გაიზარდა.
„საერთო ჯამში, ექსპორტის საკმაოდ დივერსიფიცირებული ზრდა ფიქსირდება, თუმცა, უმნიშვნელო კლებაა ტრადიციულ საექსპორტო პროდუქტებში, როგორიცაა ღვინო და მინერალური წყლები და ეს კლება რუსეთის სანქცირებითაა გამოწვეული.
პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა წლის პირველ ნახევარში 923 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ის 8.8 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი მცირედით აჭარბებს 2018-2019 წლების საშუალო მაჩვენებელს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, მზარდი ჯამური ინვესტიციების ფონზე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაღალ დონეზე შენარჩუნება მნიშვნელოვანია საშუალოვადიანი პერიოდისთვის.