ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, ჯეიმს ჯონსა და მისიის წევრებს შეხვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.

"შეხვედრაზე მიმდინარე პერიოდში ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, 2022 წლის ძირითადი ფისკალური და მაკროეკონომიკური პარამეტრები განიხილეს, ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას რეგიონსა და მსოფლიოში.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ 9.7% შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3%-ით განისაზღვრა. გაზრდილია ექსპორტი, ინვესტიციებისა და ტურიზმის მაჩვენებლები, რაც ქვეყანაში მაღალ ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს.

საუბარი შეეხო ფონდთან მიმდინარე პროგრამითა და მთავრობის მიერ განსაზღვრულ, ისეთ რეფორმებს, როგორიცაა: საჯარო ფინანსების მართვა და სახელმწიფო საწარმოთა რეფორმა.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები - ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი და სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში 14 სექტემბრამდე იმუშავებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.