თეგი: ფულის გათეთრება
თბილისში, პირი ყალბ 100-ლარიან კუპიურებს ამზადებდა და რეალიზაციას სავაჭრო ქსელში ახდენდა - საგამოძიებო სამსახური
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფინასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსხური ავრცელებს. მათივე ცნობით, ბრალდებული თბილისში, საცხოვრებელ სახლში ყალბ 100-ლარიან კუპიურებს ამზადებდა, რომლის შემდგომ რეალიზაციასაც თბილისის სავაჭრო ქსელში ახდენდა. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში, საცხოვრებელ სახლში ამზადებდა ყალბ 100-ლარიან კუპიურებს, რომლის შემდგომ რეალიზაციასაც ახდენდა თბილისის სავაჭრო ქსელში. დადგენილია არაერთი სავაჭრო ობიექტი, სადაც ბრალდებულის მიერ გასაღებულ იქნა ყალბი 100-ლარიანი კუპიურები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯამში ამოღებულია 800 ლარის ოდენობის ყალბი 100-ლარიანი კუპიურა, ასევე ამოღებულია ყალბი ფულის დასამზადებლად განკუთვნილი კომპიუტერული ტექნიკა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა - ევროპის საბჭოს ანგარიში საქართველოს შესახებ
ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ორგანოს, MONEYVAL-ის ანგარიშის მიხედვით, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, საქართველომ გააუმჯობესა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული ზომები. ამავე ანგარიშის მიხედვით, ქვეყანამ კარგი პროგრესი აჩვენა. როგორც Europetime-სთვის მიწოდებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, FATF-ის (Financial Action Task Force - ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფი) 29-ე რეკომენდაციის რეიტინგი, რომელიც ფინანსური დაზვერვის ერთეულს შეეხება, „ნაწილობრივ შესაბამისი“ (partially compliant) შეიცვალა რეიტინგით „ძირითადად შესაბამისი“ (largerly compliant). „ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (საქართველოს ფინანსური დაზვერვის ერთეულის) უფლებამოსილების გაძლიერებით, გადასცეს ინფორმაცია და ანალიზის შედეგები სამართალდამცავ ორგანოებს მათი მოთხოვნისა და სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, საქართველომ აღმოფხვრა ადრე გამოვლენილი მნიშვნელოვანი ხარვეზი. რჩება მხოლოდ მცირე ხარვეზები, რომელიც შეეხება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ოპერატიული და სტრატეგიული ანალიზის ჩატარების მკაფიო მოთხოვნასა და ფულის გათეთრების განმარტების ფარგლებს“, - წერია ანგარიშში. დოკუმენტში ასევე მიმოხილულია ისეთი საკანონმდებლო, მარეგულირებელ და ინსტიტუციური ღონისძიებები, როგორიცაა, ონლაინ კაზინოებისათვის ცენტრალური ელექტრონული ანგარიშგების შემოღება, კაზინოების ბენეფიციარი მფლობელებისთვის ნასამართლეობის არქონა, კაზინოებისათვის მოქმედი AML/CFT (ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის)მოთხოვნების დარღვევებისათვის სანქციების დაწესება, ასევე, საინვესტიციო ფონდების სექტორისთვის ფართო მარეგულირებელი ჩარჩოს შემოღება. „თუმცა, ეს ზომები არ იყო საკმარისი 22-ე, 28-ე ან 35-ე რეკომენდაციების რეიტინგების გასაუმჯობესებლად, რადგან რჩება გარკვეული ხარვეზები, რომლებიც შეეხება განსაზღვრულ არასაფინანსო საქმიანობებსა და პროფესიებს (Designated non-financial businesses and professions) და სანქციების რეჟიმს. საერთო ჯამში, საქართველომ მიაღწია სრულ შესაბამისობას (full compliance) FATF-ის 40 რეკომენდაციიდან, ექვს რეკომენდაციასთან რომლებიც AML/CFT საერთაშორისო სტანდარტებს წარმოადგენს და ინარჩუნებს მცირე ხარვეზებს 22 რეკომენდაციის განხორციელებაში, რომელიც მიესადაგება კატეგორიას - „ძირითადად შესაბამისი“ (largerly compliant). თერთმეტი რეკომენდაცია რჩება „ნაწილობრივ შესაბამისობაში“ (partially compliant) და ერთი რეკომენდაცია არის რეიტინგით „შეუსაბამო“ (non-compliant). (რეკომენდაცია მოითხოვს, რომ ქვეყნებმა გადახედონ თავიანთ კანონებსა და რეგულაციებს არაკომერციული ორგანიზაციების ტერორიზმის დაფინანსებისათვის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით). შესაბამისად, საქართველო AML/CFT ღონისძიებების იმპლემენტაციის გაძლიერების პროგრესის შესახებ ანგარიშს, MONEYVAL-ს ერთ წელიწადში წარუდგენს. ცნობისთვის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო ღონისძიებების შეფასების ექსპერტთა კომიტეტი - MONEYVAL ევროპის საბჭოს მუდმივი მონიტორინგის ორგანოს წარმოადგენს. ის უფლებამოსილია, შეაფასოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო ძირითადი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობა, მათი განხორციელების ეფექტიანობა, ასევე, ადგილობრივ ხელისუფლებას მიაწოდოს რეკომენდაციები ეროვნული სისტემების აუცილებელი გაუმჯობესების მიზნით.
აშშ-ში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც კრიპტობირჟის მეშვეობით, $700 მილიონის „გათეთრებაშია“ ეჭვმიტანილი
აშშ-ში, მაიამიში დააკავეს კრიპტოვალუტის ბირჟის Bitzlato-ს რუსი დამფუძნებელი ანატოლი ლეგკოდიმოვი, რომელიც კრიპტოვალუტის მეშვეობით, $700 მილიონის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ Bloomberg აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით იუწყება. ლეგკოდიმოვს, რომელსაც შეერთებულ შტატებში ასევე „განდალფს“ უწოდებენ, ბრალი ედება კრიპტოვალუტის ბირჟის მეშვეობით ფულის გათეთრებაში, რომელიც სავარაუდოდ $700 მილიონს შეადგენს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ „გენდალფი“ სამშაბათს მაიამში დააკავეს. სააგენტოს ცნობით, ჰონგ კონგში დაფუძნებული ბირჟა Bitzlato იყო „კრიტიკული ფინანსური რესურსი“ რუსეთის Hydra darknet ბაზრისთვის, როგორც ყველაზე დიდი და სტაბილური პლატფორმა, რომელიც არალეგალური საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობს.
გერმანელმა გამომძიებლებმა ფულის გათეთრების რუსულ-ევრაზიული დიდი ქსელი გამოავლინეს
გერმანიაში გამომძიებლებმა ფულის გათეთრების რუსულ-ევრაზიული დიდი ქსელის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს. ბერლინის შტატის გენერალურმა პროკურატურამ 20 თებერვალს გამოაცხადა, რომ 50-ზე მეტ ლოკაციაზე ჩაატარა ჩხრეკა, მათ შორის საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებში. კერძოდ, გამოძიება შევიდა ბერლინის, ბრანდენბურგის, ბადენ-ვიურტემბერგისა და საქსონიის ფედერალურ შტატებში. ამოღებულია საქმიანი დოკუმენტები, მობილური ტელეფონები. ერთი ეჭვმიტანილი, რომელიც 53 წლის არის, ბრანდენბურგში დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებები ასევე ჩატარდა ლატვიასა და მალტაში. ჯამში, საქმეში თერთმეტი - 31-დან 58 წლამდე ასაკის პირები ფიგურირებენ. მათ შესახებ დეტალები არ არის საჯარო. გამოძიების თანახმად, არაუგვიანეს 2021 წლის ივლისში, მალტაში ფინანსური ინსტიტუტის ბაზაზე საწარმოთა ქსელი შეიქმნა. ამ ქსელის მეშვეობით, ეჭვმიტანილები მართავდნენ უკანონო ფულადი ნაკადებს მათი ნამდვილი წარმოშობის დამალვის მიზნით. საუბარია რამდენიმე ათეული მილიონ ევროზე. გამომძიებლების თქმით, ჯგუფი ძირითადად რიგასა და ბერლინში მოქმედებდა. პარალელურად გამოძიება რიგაში მიმდინარეობს. გამოძიების წარმატებას ხელი შეუწყო ლატვიასა და გერმანიაში ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის (Joint Investigation Team - JIT) ჩამოყალიბებამ, რომელიც 2023 წლის დეკემბრიდან მოქმედებდა. გამომძიებლებმა ასევე მიიღეს მხარდაჭერა მალტის, ევროჯასტისა და ევროპოლის კოლეგებისგან.