გერმანელმა გამომძიებლებმა ფულის გათეთრების რუსულ-ევრაზიული დიდი ქსელი გამოავლინეს

გერმანიაში გამომძიებლებმა ფულის გათეთრების რუსულ-ევრაზიული დიდი ქსელის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს. ბერლინის შტატის გენერალურმა პროკურატურამ 20 თებერვალს გამოაცხადა, რომ 50-ზე მეტ ლოკაციაზე ჩაატარა ჩხრეკა, მათ შორის საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებში. კერძოდ, გამოძიება შევიდა ბერლინის, ბრანდენბურგის, ბადენ-ვიურტემბერგისა და საქსონიის ფედერალურ შტატებში.


ამოღებულია საქმიანი დოკუმენტები, მობილური ტელეფონები. ერთი ეჭვმიტანილი, რომელიც 53 წლის არის, ბრანდენბურგში დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებები ასევე ჩატარდა ლატვიასა და მალტაში. ჯამში, საქმეში თერთმეტი - 31-დან 58 წლამდე ასაკის პირები ფიგურირებენ. მათ შესახებ დეტალები არ არის საჯარო.

გამოძიების თანახმად, არაუგვიანეს 2021 წლის ივლისში, მალტაში ფინანსური ინსტიტუტის ბაზაზე საწარმოთა ქსელი შეიქმნა. ამ ქსელის მეშვეობით, ეჭვმიტანილები მართავდნენ უკანონო ფულადი ნაკადებს მათი ნამდვილი წარმოშობის დამალვის მიზნით. საუბარია რამდენიმე ათეული მილიონ ევროზე.


გამომძიებლების თქმით, ჯგუფი ძირითადად რიგასა და ბერლინში მოქმედებდა. პარალელურად გამოძიება რიგაში მიმდინარეობს. გამოძიების წარმატებას ხელი შეუწყო ლატვიასა და გერმანიაში ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის (Joint Investigation Team - JIT) ჩამოყალიბებამ, რომელიც 2023 წლის დეკემბრიდან მოქმედებდა. გამომძიებლებმა ასევე მიიღეს მხარდაჭერა მალტის, ევროჯასტისა და ევროპოლის კოლეგებისგან.