თეგი: შიდსი
შორს არაა დრო, როცა აივ ინფექცია/შიდსი გახდება მთლიანად განკურნებადი - ცერცვაძე
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, შორს არაა დრო, როცა აივ ინფექცია/შიდსი გახდება მთლიანად განკურნებადი. ცერცვაძის განცხადებით, 2025 წლისთვის ყველა ინფიცირებული უნდა იყოს გამოვლენილი და ჩართული მკურნალობაში, რაც ნულამდე დაიყვანს გადაცემას. მისივე თქმით, მიდგომების, მეთოდების განვითარებამ შესაძლებელი გახადა, რომ აივ ინფექცია დღეს გადაიქცა კარგად მართვად, ჩვეულებრივ ქრონიკურ ინფექციურ დაავადებად. "შორს არ არის დრო, როდესაც აინვ ინფექცია/შიდსი გახდება მთლიანად განკურნებადი დაავადება. დღეს ის არის კარგად მართვადი ქრონიკული ინფექციური დაავადება. იმედს ვიტოვებთ, ახლო მომავალში ის გახდება მთლიანად განკურნებადი დაავადება. 2025 წელს ჩვენ გვაქვს სამიზნე, რომ დაძლეულ იქნას შიდსის ეპიდემია. რა იგულისხმება ამაში – სწორი, ეფექტური და დროული მკურნალობის შედეგად, თუ პაციენტი იმყოფება მკურნალობაზე, ის არ არის გადამდები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ დავისახეთ მიზნად 2025 წლისთვის და 2030 წლისთვის არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიზანი, რომ შიდსი აღარ იქნება, ან თითქმის აღარ იქნება ახალი შემთხვევები. ანუ, ყველა აივ ინფიცირებული უნდა იყოს გამოვლენილი 2025 წლისთვის, ყველა უნდა იყოს მკურნალობაზე, რაც ნულამდე ან თითქმის ნულამდე დაიყვანს შიდსის გადაცემას და აივ ინფექციის ახალ შემთხვევებს. ეს იგულისხმება, როდესაც ვამბობთ, დაძლეულ იქნას აივ ინფექციის ეპიდემია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
საქსტატი: 2022 წელს საქართველოში შიდსითა და ტუბერკულოზით დაავადებების შემთხვევებმა იმატა
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, ჯანმრთელობის დაცვის შესახებ 2022 წლის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 2022 წელს შიდსით დაავადების ახალი შემთხვევების რაოდენობამ 617 ერთეული შეადგინა, რაც 16.4 პროცენტით აღემატება 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ხოლო შიდსით დაავადებულთა მთლიანი (კუმულატიური) რიცხოვნობა 9 779 ერთეულით განისაზღვრა. 2022 წელს შიდსით გარდაცვალების 140 შემთხვევა დაფიქსირდა. 2022 წელს მოსახლეობის ავადობა ტუბერკულოზით 7 ერთეულით გაიზარდა და 1 654 ერთეული შეადგინა. ახალი შემთხვევების რაოდენობა 3.5 პროცენტით შემცირდა. ბოლო ათწლიანი პერიოდის განმავლობაში, ტუბერკულოზის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს დაფიქსირდა (4 318 კაცი).
მიმდინარე წელს, საქართველოში შიდსით ინფიცირების 560 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შარშანდელთან შედარებით 2%-ით მეტია
პირველ დეკემბერს შიდსის მსოფლიო დღე აღინიშნება. სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის პირველი დეკემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში 1989 წლიდან დღემდე სულ 10 338 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული. მათგან 7736 - მამაკაცი და 2602 - ქალია. რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, მათი რიცხვი 2185 პირს შეადგენს. მიმდინარე წელს აივ ინფექციის 560 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შარშან შესაბამის პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტია. ანტირეტროსულ თერაპიას 6362 პაციენტი იტარებს, მათ შორის 41- ბავშვია. რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით შემდეგია: * 32,2% - ნარკოტიკების ინექციური მოხმარება * 51,7% - ჰეტეროსექსუალური კონტაქტი; * 13,4 % - მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ სხვა მამაკაცთან * 1,2 % - ვერტიკალური (დედიდან შვილზე) გადაცემა; * 0,4 % - სისხლის გადასხმა * 1,2 % - გადაცემის გზა დაუდგენელია. რაც შეეხება აივ/შიდსის რეგისტრირებულ შემთხვევათა გეოგრაფიულ განაწილებას, შემთხვევის უმეტესობა თბილისში აღინიშნება (3889 შემთხვევა, მათგან 100 უცხოეთის მოქალაქეა); შემდეგ სამეგრელოში - 1315; იმერეთში - 1246; აჭარაში - 1236; აფხაზეთში - (559); კახეთში - (504); ქვემო ქართლში - 648; შიდა ქართლში (401); გურიაში (214); სამცხე-ჯავახეთში (148) და ა.შ.
თენგიზ ცერცვაძე: ივ/შიდსი რჩება განუკურნებელ დაავადებად, მაგრამ სწორი მკურნალობით შესაძლებელია, ვირუსის კონცენტრაცია სისხლში განულდეს
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ აივ ინფიცირების მაჩვენებელზე ისაუბრა. მისი თქმით, აივ/შიდსი რჩება განუკურნებელ დაავადებად, მაგრამ სწორი მკურნალობით შესაძლებელია, ვირუსის კონცენტრაცია სისხლში განულდეს და დაავადების პროგრესირება შეჩერდეს. „ზოგადად, ყოველ წელს ფიქსირდება 500-დან 600-მდე, ან ცოტა მეტი ახლად გამოვლენილი შემთხვევა. 2022 წლის ბოლოს გვქონდა 617 შემთხვევა, ხოლო 2023 წლის დეკემბრის ბოლოს იყო 613 შემთხვევა. ზოგადად, აივ/შიდსის მხრივ, ითვლება რომ ვითარება სტაბილურია. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შიდსთან ბრძოლის საუკეთესო მაჩვენებლები გვაქვს. საქართველოში, სავარაუდოდ, ამჟამად არის 8500 აივ ინფიცირებული პირი. მათგან 83% გამოვლენილია, ხოლო 17% არის გამოუვლენელი. გამოვლენილებიდან 86% ჩართულია მკურნალობის პროცესში, მუდმივად იღებს აივ ინფექციის საწინააღმდეგო ანტირეტროვირუსულ მედიკამენტებს. მკურნალობაზე მყოფი პირების 92%-ში კი მიღწეულია სისხლში ვირუსის კონცენტრაციის სუპრესია (განულება). აივ/შიდსი რჩება განუკურნებელ დაავადებად, მაგრამ დღეს სწორი მკურნალობით უკვე შესაძლებელია ვირუსის კონცენტრაცია სისხლში გავანულოთ და შევაჩეროთ დაავადების პროგრესირება. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი. ასეთ ავადმყოფები აღარ წარმოადგენენ ინფექციის გავრცელების წყაროს, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის, ისინი სრულად არიან ინტეგრირებულნი საზოგადოებაში ცხოვრების კარგი ხარისხით, სწავლობენ, მუშაობენ, ქორწინდებიან, ქმნიან ოჯახებს, აჩენენ ჯანმრთელ შვილებს და ა.შ. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსს ახასიათებს ერთი ძალიან ვერაგი თვისება, ორგანიზმში მოხვედრისას მისი გენეტიკური მასალა ჩაშენდება ადამიანის უჯრედის გენეტიკურ მასალაში, ადამიანი ხდება ვირუსის გენეტიკური მასალის მტარებელი. როდესაც ადამიანი მკურნალობს, მის სისხლში ვირუსი აღარ ცირკულირებს, მისი კონცენტრაცია განულებულია. მაგრამ ასეთმა პაციენტმა მთელი სიცოცხლე უწყვეტად უნდა იმკურნალოს. როგორც კი შეწყვეტს მკურნალობას, ვირუსის ის გენეტიკური მასალა, რომელიც მის უჯრედებშია, ახალი ვირუსების პროდუქციას იწყებს და სისხლში ისევ გაჩნდება ვირუსი. ამდენად ჩვენი ამოცანა ამ ეტაპზე არ არის აივ/შიდსისგან განკურნება, დღეს ეს ჯერ კიდევ შეუძლებელია, ჩვენი ამოცანაა სისხლში ვირუსის კონცენტრაცია ნული იყოს და პაციენტმა იცხოვროს სრულფასოვანი ცხოვრებით. დღეს საქართველოში აივ ინფექცია/შიდსი ყველაზე კარგად მოვლილი დაავადებაა. სადმე გსმენიათ, რომ აივ ინფიცირებულებს რაიმე პრობლემები ჰქონდეთ ან სხვას შეუქმნან პრობლემები? არა! და ეს ჩვენი დიდი მიღწევაა. 2025 წლისთვის საქართველოში დაგეგმილი გვაქვს შიდსის ეპიდემიის დაძლევა, რაც იმას ნიშნავს, რომ აივ ინფექციის ახალი შემთხვევები მინიმუმამდე იქნება შემცირებული. მთელი მსოფლიოს ინტელექტუალური და მატერიალური რესურსი ამჟამად მობილიზებულია შიდსის განმკურნებელი მედიკამენტების შექმნაზე და იმედი გვაქვს, რომ არც თუ შორეულ მომავალში ასეთი მედიკამენტები შეიქმნება და აივ/შიდსისგან სრული განკურნება შესაძლებელი იქნება. ჩვენ 2017 წელს პირველებმა აღმოსავლეთ ევროპაში დავიწყეთ აივ ინფექციის ე.წ. პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა (PREP). ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრევენციული ზომა. ახლა, აივ/შიდსის ყველაზე მეტი შემთხვევა გვაქვს მამაკაცებში, ვისაც მამაკაცებთან აქვთ სექსი. გავრცელების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ამ კატეგორიაშია. იცით, რომ მათთან კომუნიკაცია ადრე ძალიან გაძნელებული იყო. თუმცა, ცივილიზებული სახელმწიფო ვართ, იქით მივდივართ, რომ ყველა იყოს თანასწორუფლებიანი და სრულფასოვნად ინტეგრირებული საზოგადოებაში. მივაღწიეთ იმას, რომ აივ/შიდსი აღარ იწვევს სტიგმას და დისკრიმინაციას. პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკით (PREP) კი ამ ეტაპზე 1600-მდე ადამიანი სარგებლობს. პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკის (PREP) პროგრამით ხდება აივ ინფექციის პრევენცია ჯანმრთელ ადამიანებში. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს უკეთდებათ აივ ინფექციაზე ტესტი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი ინფიცირებულები ჯერ არ არიან. თუ დადასტურდება, რომ ის ინფიცირებული არ არის, მას მედიკამენტები უფასოდ ეძლევა. დღეში მხოლოდ ერთი ტაბლეტი უნდა დალიოს. შედეგად პროგრამაში მონაწილეები არ ინფიცირდებიან სქესობრივი ან სხვა კონტაქტების დროს, მაშინაც კი თუ მათ პარტნიორი აივ ინფიცირებულია. ამასთან, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პროგრამის გაფართოებაზე. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ, ვისაც სქესობრივი კონტაქტი აქვს, გამოიყენოს დამცავი საშუალება, ან ჩაერთონ ამ პროგრამაში. ის უფასოდ მიიღებს მედიკამენტს, რომელიც დაიცავს ინფიცირებისგან, მაშინაც კი, თუ სქესობრივი პარტნიორი შიდსით იქნება ინფიცირებული. ჩვენ ამ პროგრამაში 200-მდე მიგრანტიც გვყავს ჩართული,“ - აღნიშნა ცერცვაძემ.