ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ აივ ინფიცირების მაჩვენებელზე ისაუბრა.
მისი თქმით, აივ/შიდსი რჩება განუკურნებელ დაავადებად, მაგრამ სწორი მკურნალობით შესაძლებელია, ვირუსის კონცენტრაცია სისხლში განულდეს და დაავადების პროგრესირება შეჩერდეს.
„ზოგადად, ყოველ წელს ფიქსირდება 500-დან 600-მდე, ან ცოტა მეტი ახლად გამოვლენილი შემთხვევა. 2022 წლის ბოლოს გვქონდა 617 შემთხვევა, ხოლო 2023 წლის დეკემბრის ბოლოს იყო 613 შემთხვევა. ზოგადად, აივ/შიდსის მხრივ, ითვლება რომ ვითარება სტაბილურია. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შიდსთან ბრძოლის საუკეთესო მაჩვენებლები გვაქვს.
საქართველოში, სავარაუდოდ, ამჟამად არის 8500 აივ ინფიცირებული პირი. მათგან 83% გამოვლენილია, ხოლო 17% არის გამოუვლენელი. გამოვლენილებიდან 86% ჩართულია მკურნალობის პროცესში, მუდმივად იღებს აივ ინფექციის საწინააღმდეგო ანტირეტროვირუსულ მედიკამენტებს. მკურნალობაზე მყოფი პირების 92%-ში კი მიღწეულია სისხლში ვირუსის კონცენტრაციის სუპრესია (განულება). აივ/შიდსი რჩება განუკურნებელ დაავადებად, მაგრამ დღეს სწორი მკურნალობით უკვე შესაძლებელია ვირუსის კონცენტრაცია სისხლში გავანულოთ და შევაჩეროთ დაავადების პროგრესირება. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი. ასეთ ავადმყოფები აღარ წარმოადგენენ ინფექციის გავრცელების წყაროს, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის, ისინი სრულად არიან ინტეგრირებულნი საზოგადოებაში ცხოვრების კარგი ხარისხით, სწავლობენ, მუშაობენ, ქორწინდებიან, ქმნიან ოჯახებს, აჩენენ ჯანმრთელ შვილებს და ა.შ.
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსს ახასიათებს ერთი ძალიან ვერაგი თვისება, ორგანიზმში მოხვედრისას მისი გენეტიკური მასალა ჩაშენდება ადამიანის უჯრედის გენეტიკურ მასალაში, ადამიანი ხდება ვირუსის გენეტიკური მასალის მტარებელი. როდესაც ადამიანი მკურნალობს, მის სისხლში ვირუსი აღარ ცირკულირებს, მისი კონცენტრაცია განულებულია. მაგრამ ასეთმა პაციენტმა მთელი სიცოცხლე უწყვეტად უნდა იმკურნალოს.
როგორც კი შეწყვეტს მკურნალობას, ვირუსის ის გენეტიკური მასალა, რომელიც მის უჯრედებშია, ახალი ვირუსების პროდუქციას იწყებს და სისხლში ისევ გაჩნდება ვირუსი. ამდენად ჩვენი ამოცანა ამ ეტაპზე არ არის აივ/შიდსისგან განკურნება, დღეს ეს ჯერ კიდევ შეუძლებელია, ჩვენი ამოცანაა სისხლში ვირუსის კონცენტრაცია ნული იყოს და პაციენტმა იცხოვროს სრულფასოვანი ცხოვრებით. დღეს საქართველოში აივ ინფექცია/შიდსი ყველაზე კარგად მოვლილი დაავადებაა.
სადმე გსმენიათ, რომ აივ ინფიცირებულებს რაიმე პრობლემები ჰქონდეთ ან სხვას შეუქმნან პრობლემები? არა! და ეს ჩვენი დიდი მიღწევაა. 2025 წლისთვის საქართველოში დაგეგმილი გვაქვს შიდსის ეპიდემიის დაძლევა, რაც იმას ნიშნავს, რომ აივ ინფექციის ახალი შემთხვევები მინიმუმამდე იქნება შემცირებული. მთელი მსოფლიოს ინტელექტუალური და მატერიალური რესურსი ამჟამად მობილიზებულია შიდსის განმკურნებელი მედიკამენტების შექმნაზე და იმედი გვაქვს, რომ არც თუ შორეულ მომავალში ასეთი მედიკამენტები შეიქმნება და აივ/შიდსისგან სრული განკურნება შესაძლებელი იქნება.
ჩვენ 2017 წელს პირველებმა აღმოსავლეთ ევროპაში დავიწყეთ აივ ინფექციის ე.წ. პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა (PREP). ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრევენციული ზომა. ახლა, აივ/შიდსის ყველაზე მეტი შემთხვევა გვაქვს მამაკაცებში, ვისაც მამაკაცებთან აქვთ სექსი. გავრცელების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ამ კატეგორიაშია. იცით, რომ მათთან კომუნიკაცია ადრე ძალიან გაძნელებული იყო. თუმცა, ცივილიზებული სახელმწიფო ვართ, იქით მივდივართ, რომ ყველა იყოს თანასწორუფლებიანი და სრულფასოვნად ინტეგრირებული საზოგადოებაში. მივაღწიეთ იმას, რომ აივ/შიდსი აღარ იწვევს სტიგმას და დისკრიმინაციას. პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკით (PREP) კი ამ ეტაპზე 1600-მდე ადამიანი სარგებლობს.
პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკის (PREP) პროგრამით ხდება აივ ინფექციის პრევენცია ჯანმრთელ ადამიანებში. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს უკეთდებათ აივ ინფექციაზე ტესტი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი ინფიცირებულები ჯერ არ არიან. თუ დადასტურდება, რომ ის ინფიცირებული არ არის, მას მედიკამენტები უფასოდ ეძლევა. დღეში მხოლოდ ერთი ტაბლეტი უნდა დალიოს. შედეგად პროგრამაში მონაწილეები არ ინფიცირდებიან სქესობრივი ან სხვა კონტაქტების დროს, მაშინაც კი თუ მათ პარტნიორი აივ ინფიცირებულია. ამასთან, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პროგრამის გაფართოებაზე.
მნიშვნელოვანია, რომ ყველამ, ვისაც სქესობრივი კონტაქტი აქვს, გამოიყენოს დამცავი საშუალება, ან ჩაერთონ ამ პროგრამაში. ის უფასოდ მიიღებს მედიკამენტს, რომელიც დაიცავს ინფიცირებისგან, მაშინაც კი, თუ სქესობრივი პარტნიორი შიდსით იქნება ინფიცირებული. ჩვენ ამ პროგრამაში 200-მდე მიგრანტიც გვყავს ჩართული,“ - აღნიშნა ცერცვაძემ.