თეგი: ჩრდილოეთის ნაკადი2
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ჩვენ ძლიერი ბერკეტები გვაქვს და ეს ძალიან მტკივნეული იქნება რუსეთისთვის, თუ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას გაზრდის
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა არ გამორიცხა გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერება და რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვა, როდესაც საქმე რუსეთისთვის სანქციების დაწესებას შეეხება. მისი თქმით, „თუ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია განხორციელდება, მას რუსეთისთვის უზარმაზარი შედეგები მოჰყვება. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირი რუსეთის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. მან რუსეთს ასევე შეახსენა, რომ ევროკავშირი ასევე ყველაზე დიდი ინვესტორია რუსეთში და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 75% სწორედ ევროკავშირზე მოდის. „ჩვენ ძლიერი ბერკეტები გვაქვს და ეს ძალიან მტკივნეული იქნება რუსეთისთვის, თუ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას გაზრდის“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა
გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, კრიზისული პირობების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე Nord Stream 2-ი ვერ გაგრძელდება, რის გამოც, მისი დამტკიცების პროცესი შეჩერდა. ოლაფ შოლცმა ბერლინში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი მთავრობა იღებს ზომებს უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ. მილსადენის პროექტის მშენებლობა დასრულებულია, მაგრამ პროექტს ჯერ კიდევ სჭირდებოდა მარეგულირებლის სერტიფიკატი გერმანიის ხელისუფლებისგან. 7 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერას უმასპინძლა და ერთობლივ პრესკოფერენციაზე განაცხადა, რომ პროექტი ვერ განხორციელდება, თუ რუსული ტანკები და ჯარები გადაკვეთენ უკრაინის საზღვარს. ივლისში, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტთან დაკავშირებით, აშშ-სა და გერმანიას შორის შეთანხმების თანახმად, გერმანიამ ვალდებულება აიღო, ზომები, მათ შორის სანქციები მიიღოს (როგორც ეროვნულ, ისე ევროკავშირის დონეზე) იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება, ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას განახორციელებს. პროექტის შესახებ ამ გაზსადენით რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანია წელიწადში 100 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს, თუმცა გაზსადენის ბალტიის ზღვის სექტორის მშენებლობა 2020 წელს აშშ-ის სანქციების გამო შეჩერდა. აშშ და რამდენიმე ევროპული სახელმწიფო აცხადებდნენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ კიდევ უფრო გაზრდის რუსეთზე ევროპის ენერგეტიკულ დამოკიდებულებას და შემოსავლებს დააკარგვინებს უკრაინას, რომლის ტერიტორიაზე გამავალი ძველი გაზსადენითაც იღებს ევროპა ბუნებრივ აირს. რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ მიერ კონტროლირებადი გაზსადენის მშენებლობის დასრულებისათვის, საჭიროა მილების გაყვანა დანიისა და გერმანიის წყლებზე გამავალ 150 კილომეტრის მონაკვეთზე. ასევე წაიკითხეთ შოლცმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ზე ისაუბრა: გერმანიამ აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს გაზის ტრანსპორტირება ევროპაში გერმანიის გარემოს დაცვითმა ორგანიზაციამ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
დმიტრო კულება: გერმანიამ მორალურად, პოლიტიკურად და პრაქტიკულად სწორი ნაბიჯი გადადგა
გერმანიამ მორალურად, პოლიტიკურად და პრაქტიკულად სწორი ნაბიჯი გადადგა, - ამ სიტყვებით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გერმანიის მიერ „ჩრილოეთის ნაკადი 2-ის“ გაზსადენის სერტიფიცირების პროცესის შეჩერებას აფასებს. შესაბამისი ტექსტი მის Twitter გვერდზე განთავსდა. მივესალმები გერმანიის ნაბიჯს Nord Stream 2-ის სერტიფიცირების შეჩერების შესახებ. ეს არის მორალურად, პოლიტიკურად და პრაქტიკულად სწორი ნაბიჯი არსებულ ვითარებაში. ნამდვილი ლიდერობა ნიშნავს რთული გადაწყვეტილებების მიღებას რთულ დროს. გერმანიის ეს ნაბიჯი სწორედ ამას ადასტურებს. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. ასევე, 22 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. ამასთან, ევროკავშირის მხრიდან წინასწარ დაანონსდა, რომ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება.
აშშ „ჩრდილოეთის ნაკადი2“-ის ოპერატორ Nord Stream 2 AG-ს ახალ სანქციებს დაუწესებს
აშშ „ჩრდილოეთის ნაკადი2“-ის გაზსადენის პროექტის მხარდამჭერი კომპანიის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა. ჯო ბაიდენის თქმით, ეს ნაბიჯები სანქციების პირველი ტრანშის კიდევ ერთი ნაწილია, რომელიც უკრაინაში რუსეთის ბოლო ქმედებების საპასუხოდ მიიღეს. საუბარია გაზპრომის შვილობილ შვეიცარიულ კომპანია Nord Stream 2 AG-სა და მის ხელმძღვანელობაზე. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა, რასაც აშშ-ის პრეზიდენტი მიესალმა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. თავის მხრივ, დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.