აშშ „ჩრდილოეთის ნაკადი2“-ის ოპერატორ Nord Stream 2 AG-ს ახალ სანქციებს დაუწესებს

აშშ „ჩრდილოეთის ნაკადი2“-ის გაზსადენის პროექტის მხარდამჭერი კომპანიის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა. ჯო ბაიდენის თქმით, ეს ნაბიჯები სანქციების პირველი ტრანშის კიდევ ერთი ნაწილია, რომელიც უკრაინაში რუსეთის ბოლო ქმედებების საპასუხოდ მიიღეს.

საუბარია გაზპრომის შვილობილ შვეიცარიულ კომპანია Nord Stream 2 AG-სა და მის ხელმძღვანელობაზე.


22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა, რასაც აშშ-ის პრეზიდენტი მიესალმა.

21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა.

საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.