გერმანიამ მორალურად, პოლიტიკურად და პრაქტიკულად სწორი ნაბიჯი გადადგა, - ამ სიტყვებით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გერმანიის მიერ „ჩრილოეთის ნაკადი 2-ის“ გაზსადენის სერტიფიცირების პროცესის შეჩერებას აფასებს. შესაბამისი ტექსტი მის Twitter გვერდზე განთავსდა.
- მივესალმები გერმანიის ნაბიჯს Nord Stream 2-ის სერტიფიცირების შეჩერების შესახებ. ეს არის მორალურად, პოლიტიკურად და პრაქტიკულად სწორი ნაბიჯი არსებულ ვითარებაში. ნამდვილი ლიდერობა ნიშნავს რთული გადაწყვეტილებების მიღებას რთულ დროს. გერმანიის ეს ნაბიჯი სწორედ ამას ადასტურებს.
21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.
22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. ასევე, 22 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. ამასთან, ევროკავშირის მხრიდან წინასწარ დაანონსდა, რომ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება.