თეგი: 5 ივლისის საქმე

საია 5 ივლისს დაზარალებული რეპორტიორების სახელით, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2021 წლის 5 ივლისს დაზარალებული რეპორტიორების სახელით, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს. საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რომ 5 ივლისის მოვლენების დროს დაზარალებული 16 რეპორტიორის სახელით სტრასბურგის სასამართლოს მიმართავის თაობაზე პრესკონფერენციას ხვალ გამართავს. ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივი ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საერთო ჯამში ამ საქმეზე 31 ბრალდებული და 57 დაზარალებულია.

ნიკა სიმონიშვილი: 5 ივლისის საქმეებზე გამოძიება არაეფექტურია, ამიტომ სტრასბურგის სასამართლოს მივმართეთ

საიამ ადამიანის ევროპულ სასამართლოში 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს დაზარალებული 16 მედია წარმომადგენლის (ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფი) სახელით საჩივარი გააგზავნა - სტრასბურგის სასამართლოს მივმართეთ იქიდან გამომდინარე, რომ 5 ივლისის საქმეებზე გამოძიება არაეფექტურია, - ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა, ნიკა სიმონიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. საია 5 ივლისს დაზარალებული რეპორტიორების სახელით, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს „მივმართეთ იქიდან გამომდინარე, რომ ამ დრომდე ჩვენ ვხედავთ, რომ გამოძიება 5 ივლისის საქმეებზე არის არაეფექტური. არაეფექტური არის უშუალოდ ძალადობის ნაწილში. ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ არც ერთი ორგანიზატორი ამ დრომდე არ არის მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში მაშინ, როდესაც არაერთი საჯარო და ღია მტკიცებულება არსებობს მათი მხრიდან შესაბამისი დანაშაულების ჩადენის. პროკურატურა უბრალოდ არაფერს აკეთებს," - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა. ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს, მათგან ერთი იურიდიული პირია.  

5 ივლისის ძალადობის საქმეზე მსჯავრდებულები სააპელაციომაც დამნაშავედ ცნო, თუმცა ძალადობის ორგანიზებაში უდანაშაულოდ მიიჩნია და სასჯელი შეუმცირა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 5 ივლისს, ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, ასევე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ ძალადობაში მსჯვარდებულები პატიმრობაში დატოვა.  მოსამართლე მაია თეთრაულმა მსჯავრდებულებს: დავით კუტალაძეს, აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძესა და გია გიგუაშვილს სასჯელი 1 წლით შეუმცირა და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლომ დაცვის მხარის საჩივრები ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოძალადე ჯგუფების წევრები ძალადობის ჯგუფურად ორგანიზების მუხლში გაამართლა. პირველი ინსტაციით მათ სასჯელის სახედ 5 წლით პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. დაკავებულებიდან ბრალს არცერთი აღიარებს.  ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით 27 პირი დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 156-ე მუხლით (დევნა), 225-ეს მე-2 ნაწილი (ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) მუხლებით წაუყენეს.  

5 ივლისის საქმესთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ განაჩენს პროკურატურა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს

ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულების მიმართ სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ განაჩენს პროკურატურა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „პროკურატურა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენს, რომლითაც 5 ივლისს, TV პირველის ოპერატორისა და ჟურნალისტის, ასევე პირველი არხის ოპერატორის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, მსჯავრდებულები ნაწილობრივ გამართლდნენ და აღნიშნულ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით და პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე გასამართი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე დ.კ.-მ, თ.დ.-მ, ა.ნ.-მ, ო.გ.-მ, ც.ჩ.-მ, და გ.გ.-მ, ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ასევე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე ჯგუფური ძალადობა განახორციელეს, რა დროსაც დაზარალებულებს სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, დააზიანეს და გაანადგურეს მათი ტექნიკა და პირადი ნივთები. ასევე, დაარბიეს „თბილისი პრაიდის“ წევრების და მათი მხარდამჭერების სხვადასხვა სავარაუდო ადგილსამყოფელი. ექვსივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებებში მონაწილეობა); 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), და 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამიწვია) და 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი მსხვერპლის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით; ჯგუფურად) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ექვსივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სააპელაციო სასამართლომ 225-ე მუხლის ნაწილში (ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) მსჯავრდებულები გაამართლა და დამნაშავედ ცნო ბრალად წარდგენილ სხვა ქმედებებში, ამასთან, დანიშნული სასჯელი შეუმცირა და თითოეულ მათგანს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საქართველოს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე ექვსი მსჯავრდებული დამნაშავედ ცნო, თუმცა ძალადობის ორგანიზებაში ყველა მათგანი უდანაშაულოდ მიიჩნია და სასჯელი შეუმცირა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოსამართლე მაია თეთრაულმა 5 ივლისის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა და მსჯავრდებულებს სასჯელიც შეუმცირა. კერძოდ, მოსამართლემ მსჯავრდებულები სსკ-ის 225-ე მუხლით, რაც ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს, გაამართლა, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დამნაშავედ ცნო. შესაბამისად, აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძესა და გია გიგუაშვილს ოთხ-ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

5 ივლისის საქმეზე, სააპელაციო სასამართლომ ორ პირს მსჯავრი დაუმძიმა

5 ივლისის საქმეზე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულებს - გიორგი წარუაშვილსა და გიორგი მაღრაძეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრი დაუმძიმა და 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გიორგი მაღრაძესა და გიორგი წარუაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ერთი წლითა და 3 თვის ვადით ჰქონდათ თავისუფლების აღკვეთა მისჯილი, რომელიც მათ მოიხადეს. თუმცა, მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისინი სასჯელს კიდევ ერთი წელი და 9 თვე მოიხდიან. გიორგი მაღრაძე სხდომათა დარბაზში დააკავეს, რაც შეეხება გიორგი წარუაშვილს, მის მიმართ ძებნა გამოცხადდება. ამ გადაწყვეტილებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, პროკურატურა სწორედ აღნიშნული ორი პირის მიმართ სასჯელის დამძიმებას ითხოვდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 პირს, რომლებიც ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის სხვა ეპიზოდზე არიან მსჯავრდებულები, მათ მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა. კერძოდ, ზაზა ჭაავასთვის, მურად დევლარიშვილითვის შეფარდებული პატიმრობა ერთი წლის ვადით, ძალაში დარჩა, რომელიც მათ უკვე მოხდილი აქვთ. რაც შეეხებათ გენო გერმანიშვილს, გიორგი ხეჩუაშვილს და თედო ბურდულს, მათ 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი, რაც ასევე ძალაში დარჩა, ისინი სასჯელს ამ დრომდე იხდიან. მსჯავრდებული 7 პირიდან ნაწილი „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის - თამარ თათარაშვილის, „ნიუ პოსტის" ფოტოგრაფის - ზურაბ ცერცვაძის, „ფორმულას" ფოტოგრაფის ვახტანგ ქარელისა და ნაწილი, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორის ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში არიან მსჯავრდებულები.