ბრიტანულმა ნავთობისა და გაზის კომპანიამ, „ბრითიშ პეტროლიუმმა“ განაცხადა, რომ ბრაზილიის სანაპიროსთან, ბოლო 25 წლის განმავლობაში ნავთობისა და გაზის უდიდესი საბადო აღმოაჩინა. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ამჟამად კომპანია საბადოს პოტენციალის დასადგენად დამატებით ლაბორატორიულ კვლევებს ატარებს.
ახალაღმოჩენილი საბადო ატლანტის ოკეანეში, მარილის შრის ქვეშ მდებარეობს. ამ ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია ბრიტანულმა კომპანიამ 2022 წლის დეკემბერში მიიღო.
საბადო, რომელსაც „ბუმერანგი“ უწოდეს, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რიო დე ჟანეიროდან 404 კილომეტრში მდებარეობს.
„ბრითიშ პეტროლიუმის“ სპეციალისტები აცხადებენ, რომ საბადოს დამუშავებისას უკვე აღმოჩენილია 300 კვადრატული კილომეტრის ფართობის სასარგებლო წიაღისეული მარაგი.
ინფორმაციისთვის, „ბუმერანგი“ რიგით მეათე საბადოა, რომელიც „ბრითიშ პეტროლიუმმა“ აღმოაჩინა. მანამდე სასარგებლო წიაღისეულის მარაგები ნაპოვნია ტრინიდადში, ეგვიპტეში, მექსიკის ყურეში, ლიბიაში, ნამიბიაში, ანგოლაში.
„ბუმერანგამდე“ ბრიტანული კომპანიის მიერ ბოლო 25 წლის განმავლობაში აღმოჩენილ საბადოებს შორის, აზერბაიჯანში მდებარე „შაჰ-დენიზი“ იყო უდიდესი და მისი ფართობი 140 კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა.