თეგი: Sipri

უკრაინაში ომის ფონზე, მსოფლიოში ბირთვული იარაღის გამოყენების რისკმა ცივი ომის შემდეგ, მაქსიმუმს მიაღწია - SIPRI

სტოკჰოლმის მშვიდობის საკითხების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში ბირთვული იარაღის გამოყენების რისკმა მაქსიმუმს მიაღწია. ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, მსოფლიოში დაახლოებით 2000 ქობინი იყო მაღალ მზადყოფნაში, თითქმის ყველა მათგანი ეკუთვნოდა რუსეთის ფედერაციას ან შეერთებულ შტატებს. თუმცა ექსპერტები იმასაც აცხადებენ, რომ 2021 წელს ბირთვული ქობინების რაოდენობა ოდნავ შემცირდა. SIPRI-ის ცნობით, „ბირთვული კლუბის“ ყველა ძალა - რუსეთი, შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ისრაელი და ჩრდილოეთ კორეა აპირებენ, გაზარდონ ქობინების რაოდენობა უახლოეს წლებში. „უკრაინაში ომმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დიქტატორულმა რეჟიმმა გააჩაღა, ბირთვულ ძალებს შორის დაძაბულობა გაამძაფრა. ამრიგად, დღეს მსოფლიოში ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი უმაღლეს დონეს მიაღწია ცივი ომის შემდეგ“, - წერია ანგარიშში. ვილფრედ ვანგმა, SIPRI-ის მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამის დირექტორმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ყველა ბირთვული ძალა შექმნის ან განაახლებს არსენალს.

ბირთვული არსენალები გაფართოვდა - SIPRI

მსოფლიოს გეოპოლიტიკური ვითარების გაუარესების ფონზე, ბირთვული შეიარაღების მქონე სახელმწიფოებმა თავიანთი არსენალების გაფართოება და მოდერნიზაცია განაგრძეს. Reuters-ის თანახმად, სტოკჰოლმში განთავსებული მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) ანგარიშიდან ირკვევა, რომ ბირთვული არსენალის მქონე ცხრა სახელმწიფოს - აშშ-ის, რუსეთს, ბრიტანეთს, საფრანგეთს, ჩინეთს, ინდოეთს, პაკისტანს, ჩრდილოეთ კორეასა და ისრაელს - შორის რამდენიმემ შარშან ახალი ტიპის იარაღი შეიტანა არსენალში. ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით, ბირთვული ქობინების მთლიანი რიცხვი შემცირდა 12 710-დან 12 512-მდე, თუმცა გამოყენებისთვის მზადყოფნაში არსებული იარაღის რაოდენობა გასულ წელს გაიზარდა და შეადგინა 9 576, ანუ მთელი რაოდენობის დაახლოებით ორი მესამედი, ამბობს სტოკჰოლმში განთავსებული მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტი (SIPRI). ოფიციალური პოლიტიკის ფარგლებში, ისრაელმა უარი განაცხადა გაესაჯაროებინა, აქვს თუ არა ბირთვული იარაღი. 12 ივნისის ანგარიშში ატომური იარაღის გაუქმების საერთაშორისო კამპანია (ICAN) წერს, რომ ატომური იარაღის მქონე ცხრა სახელმწიფომ, საერთო ანგარიშით, ბირთვულ იარაღზე გასულ წელს დახარჯა $82,9 მილიარდი დოლარი - ამ თანხის ნახევარზე მეტი, 43,7 მილიარდი დოლარი, მოდის აშშ-ზე, მსხვილი მხარჯველები არიან ასევე რუსეთი და ჩინეთი, რომლებმაც, შესაბამისად, გაიღეს $11,7 მილიარდი და $9,6 მილიარდი.  

SIPRI: მსოფლიოში იარაღის წარმოება მზარდ მოთხოვნას ვერ ეწევა

სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის(SIPRI) ანგარიში გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, იარაღის გაყიდვითა და სამხედრო მომსახურებით მსოფლიოს 100-მა უმსხვილესმა კომპანიამ 2022 წელს, საერთო ჯამში, 597 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის მონაცემებზე 3,5%-ით ნაკლებია.  შემოსავლები შემცირდა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ იარაღზე მოთხოვნის მკვეთრად გაზრდის მიუხედავად. ანგარიშის თანახმად, შემოსავლების კლება დიდწილად მოდის ამერიკულ კომპანიებზე(-7,9%). ევროპული ფირმების შემოსავალი მხოლოდ 0,9%-ით გაიზარდა. დაკვეთების გაზრდის მიუხედავად, ამერიკულმა და ევროპულმა კომპანიებმა ვერ შეძლეს წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდა პერსონალის დეფიციტის, გაზრდილი ხარჯების და მიწოდების ჯაჭვში შეფერხებების გამო. სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, საერთო ჯამში, 3,1%-ით გაიზარდა აზიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მწარმოებელთა შემოსავლები. ერთ წელიწადში 94%-იანი მატებით რეკორდსმენია თურქული კომპანია Baykar-ი, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს, Bayraktar-ს აწარმოებს. ეს ფირმა პირველად შევიდა მსოფლიოში იარაღის მწარმოებელი 100 ყველაზე დიდი კომპანიის სიაში. 2022 წელს 18%-იანი ზრდა ჰქონდათ ჩინეთის კომპანიებს. SIPRI-ს ანგარიშში მოხვდა მხოლოდ 2 რუსული კომპანია, „როსტეხი“ და „გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაცია“, რომელთა შემოსავალი, საერთი ჯამში, 12%-ით შემცირდა. რუსეთის სამხედრო მრეწველობის სხვა კომპანიების მონაცემები საჯარო სივრცეში არ არის ხელმისაწვდომი.  

უკრაინა ევროპაში იარაღის ყველაზე დიდი იმპორტიორი გახდა - SIPRI

ბოლო წლებში რუსეთის იარაღის ექსპორტი თითქმის განახევრდა და საფრანგეთმა მას გადაუსწრო იარაღის მიმწოდებლების რეიტინგში. ამავდროულად, უკრაინა ევროპაში იარაღის უმსხვილესი იმპორტიორი გახდა. ამას მოწმობს სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) მონაცემები, რომლებსაც უკრაინული მედია ასაჯაროებს. თავის წლიურ ანგარიშში SIPRI 2019-2023 და 2014-2018 წლებს ადარებს და დრამატულ ცვლილებაზე მიუთითებს. კერძოდ, აშშ-ის იარაღის ექსპორტი 17%-ით გაიზარდა 2014-18 და 2019-23 წლებში, ხოლო მისი წილი შეიარაღების მთლიან გლობალურ ექსპორტში 34%-დან 42%-მდე გაიზარდა. 2019-დან 2023 წლამდე შეერთებულმა შტატებმა ძირითადი იარაღი 107 ქვეყანას მიაწოდა, მეტი ვიდრე ნებისმიერ წინა პერიოდში. 2019-2023 წლებში ევროპის ქვეყნების მიერ შემოტანილი იარაღის დაახლოებით 55% შეერთებულ შტატებზე მოდის, რაც 20%-ით მეტია 2014-2018 წლებთან შედარებით. ექსპორტიორებს შორის მეორე ადგილი საფრანგეთმა დაიკავა და რუსეთი ჩაანაცვლა. მისი იარაღის ექსპორტი გაიზარდა 47%-ით, ხოლო მისი წილი გლობალურ მიწოდებაში 11%-მდე გაიზარდა (7.2% 2014-2018 წლებში). ფრანგული იარაღის ექსპორტის ზრდა დიდწილად განპირობებული იყო ინდოეთში, ყატარსა და ეგვიპტეში საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებით. რუსეთმა იარაღის გლობალური მიმწოდებლების რეიტინგში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. 2019-2023 წლებში რუსეთიდან იარაღის ექსპორტი თითქმის (53%-ით) განახევრდა. რუსეთის წილი გლობალურ მარაგებში 10%-ით შემცირდა, რითაც საფრანგეთს გაუტოლდა. ანგარიშის მიხედვით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რუსული სამხედრო ექსპორტის კლება სწრაფად მიმდინარეობდა. მაშინ, როცა 2019 წელს რუსეთი იარაღს 31 სახელმწიფოს აწვდიდა, 2023 წელს კი, ეს რიცხვი მხოლოდ 12-ს შეადგენდა. ამავდროულად, რუსეთის იარაღის ექსპორტის მხოლოდ ორი მესამედი სამ ქვეყანაში გადიოდა: ინდოეთი (34%), ჩინეთი (21%) და ეგვიპტე (7,5%). „უკრაინა 2019–23 წლებში იარაღის უმსხვილესი ევროპული იმპორტიორი და მსოფლიოში მეოთხე ასეთი ქვეყანა გახდა, მას შემდეგ, რაც სულ მცირე 30-მა სახელმწიფომ 2022 წლის თებერვლიდან უკრაინას სამხედრო დახმარების სახით ძირითადი იარაღი მიაწოდა,“ - ნათქვამია მოხსენებაში. უკრაინის წილი გლობალური იარაღის იმპორტში 4,9% იყო, 2014-2018 წლებში 0,1%-თან შედარებით. ამასთან, სამხედრო იმპორტის მთლიანმა ზრდამ ამ პერიოდში რეკორდულ 6633%-ს მიაღწია. SIPRI-ის მონაცემებით, კიევისთვის იარაღის მთავარი მომწოდებლები იყვნენ შეერთებული შტატები (39%), გერმანია და პოლონეთი (14% და 13%, შესაბამისად). მანამდე SIPRI-მ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ფონზე, იარაღის შეკვეთების გაზრდის მიუხედავად, 2022 წელს იარაღის უმსხვილესი მწარმოებლების მთლიანი შემოსავალი წინა წელთან შედარებით შემცირდა.  

SIPRI: მსოფლიოში სამხედრო ხარჯებმა რეკორდულ ნიშნულს, თითქმის 2,5 ტრილიონ დოლარს მიაღწია

გლობალურმა სამხედრო ხარჯებმა 2023 წელს 2,443 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 6,8%-ით მეტია წინა წელთან შედარებით და 2009 წლის შემდეგ ყველაზე სწრაფი ზრდის ტემპია. ამის შესახებ სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) კვლევაშია ნათქვამი. მსოფლიოში სამხედრო ხარჯები უკვე მეცხრე წელია, იზრდება. პირველად 2009 წლის შემდეგ, სამხედრო ხარჯები SIPRI-ის მიერ განსაზღვრულ ხუთივე გეოგრაფიულ რეგიონში გაიზარდა, განსაკუთრებით, ძლიერი ზრდა დაფიქსირდა ევროპაში, აზიასა და ოკეანიასა და ახლო აღმოსავლეთში. „სამხედრო ხარჯების უპრეცედენტო ზრდა პირდაპირი პასუხია მშვიდობისა და უსაფრთხოების გლობალურ გაუარესებაზე,” - აღნიშნა ნან ტიანმა, SIPRI-ის სამხედრო ხარჯებისა და იარაღის წარმოების პროგრამის უფროსმა თანამშრომელმა. 2023 წლის 10 უმსხვილესმა მოთამაშემ – შეერთებული შტატების, ჩინეთისა და რუსეთის ხელმძღვანელობით – სამხედრო ხარჯები გაზარდა. რუსეთის სამხედრო ხარჯები 2023 წელს 24%-ით გაიზარდა და მან 109 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 57%-ით მეტია 2014 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. 2023 წელს რუსეთის სამხედრო ხარჯები მთლიანი სახელმწიფო ხარჯების 16%-ს შეადგენდა, ხოლო სამხედრო ტვირთი (სამხედრო დანახარჯები მთლიან შიდა პროდუქტში, მშპ) 5,9%-ს შეადგენდა. 2023 წელს უკრაინამ მერვე ადგილი დაიკავა, ხარჯების მკვეთრი ზრდის შემდეგ 51%-ით 64,8 მილიარდ დოლარამდე. ეს მთლიანი სახელმწიფო ხარჯების 58%-ს შეადგენს.  აშშ-ის სამხედრო ხარჯები 2023 წელს 2,3%-ით გაიზარდა და მან 916 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც NATO-ს მთლიანი სამხედრო ხარჯების 68%-ს წარმოადგენს. 2 2023 წელს NATO-ს ევროპელმა წევრებმა სამხედრო ხარჯები გაზარდეს. მათი ერთობლივი წილი NATO-ში 28% იყო, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ათწლეულების განმავლობაში.