ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილიმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვუში განაცხადა, რომ საქართველოში უცხოური ბიზნესების რელოკაცია დადებითი ტენდენციაა.
ამასთან აღნიშნა, რომ საქართველოში ხდება აბსოლუტურად ლეგალური ბიზნესების რეგისტრაცია.
„რაც შეეხება ბიზნესებს, რომელიც საქართველოში შემოდის, ეს არის აბსოლუტურად ლეგალური ბიზნესები. ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზეც, რომ საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც მოღვაწეობენ რუსეთში, თავიანთი სერვისებისა და ოფისების გადმოტანა და რელოკაცია მოეხდინათ.
ასევე, დარეგისტრირებული ბიზნესებიდან 1%-ზე ოდნავ მეტია, სადაც რუსული კაპიტალი მონაწილეობს. შესაბამისად, ესეც ძალიან მცირე რაოდენობაა საერთო ბიზნესებში და ეს ვერანაირ საფრთხეს, რა თქმა უნდა, ვერ უნდა წარმოადგენდეს.
აქაც შეიძლება აღინიშნოს, რომ უმრავლესობა, როდესაც ვსაუბრობთ რუსული კაპიტალით შექმნილ ბიზნესებზე, არის ეთნიკურად ქართველების მიერ დაარსებული ბიზნესები, რომლებიც რუსეთიდან საქართველოში გადმოდიან.
რაც შეეხება სტატისტიკას, დაახლოებით 900 ათასი რეგისტრირებული კომპანიიდან 10 ათასამდეა, სადაც რუსეთის მოქალაქეების გარკვეული მონაწილეობაა მთლიანად საქართველოში, არა მხოლოდ ამ პერიოდში.
ჩვენ რასაც ვუყურებთ, ან არის უცხოური კომპანიების ოფისები, რომლებიც, პირველ რიგში, ყველაზე მეტად იყვნენ დაინტერესებულები, რომ რუსეთიდან მოეხდინათ რელოკაცია, ან კომპანიები, რომლებიც შექმნილია, ძირითად, ეთნიკურად ქართველების მიერ, რომლებიც მოგვმართავენ ხოლმე საინვესტიციო ბინადრობაზეც“, - აღნიშნა დავითაშვილმა.