თეგი: გაზსაცავი

ავსტრიამ „გაზპრომს“ ქვეყანაში ყველაზე დიდი გაზსაცავის მართვის უფლება ჩამოართვა

ავსტრიის უმსხვილესმა ოპერატორმა RAG Austria AG-მა რუსულ „გაზპრომს“, ქვეყანაში ყველაზე მსხვილი გაზსაცავის მართვის უფლება საბოლოოდ ჩამოართვა.   ევროპაში ბუნებრივი გაზის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა ავსტრიის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში ბუნებრივი გაზის დეფიციტის გამო მიიღო. ავსტრიის კანონმდებლობის თანახმად, ქვეყანაში გაზის დეფიციტის დროს, ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, გაზსაცავების მართვა ადგილობრივ ოპერატორებს გადასცეს. ამასთან, „გაზპრომის“ მიერ ობიექტის მართვისას გაზსაცავი ცარიელი იყო. ავსტრიის უმსხვილესი ოპერატორის მართვაში გადასვლის შემდეგ, გაზსაცავის შევსება 1-ელი აგვისტოდან დაიწყება.  11 ივლისიდან, რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეაჩერა. რის შემდეგაც, ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მოხმარების 15%-ით შემცირების გეგმა წარმოადგინა.  21 ივლისს, რუსეთმა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი1“-ით ბუნებრივი გაზის მიწოდება განაახლა, თუმცა გაზსადენი მხოლოდ 40%-იანი დატვირთვით მუშაობს. 25 ივლისს კი, „გაზპრომმა“ Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ განაცხადა, შედეგად ევროპისთვის გაზის მიწოდება კიდევ 20%-ით შემცირდა.     

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი: „სილივრის“ გაზსაცავი ევროპაში უმსხვილესი გახდება

მიწისქვეშა გაზსაცავის შესაძლებლობების გასაფართოებლად, თურქეთში მუშაობა გრძელდება, - ამის შესახებ Anadolu წერს. თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ფათიჰ დონმეზის განცხადებით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე „სილივრის“ ბუნებრივი აირის მიწისქვეშა საწყობის სიმძლავრის გაფართოების პროექტი ამ ობიექტს ევროპაში უმსხვილეს გაზსაცავად გადააქცევს. „დღეს „სილივრს“ შეუძლია 3,2 მილიარდი კუბური მეტრის დაგროვება, მაგრამ მალე ეს მაჩვენებელი 4,6 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. ჩვენ ასევე გავზრდით გაზმომარაგების მოცულობას 28 მილიონი კუბური მეტრიდან 75 მილიონ კუბურ მეტრამდე დღეში“, - განაცხადა ფათიჰ დონმეზმა. მისივე თქმით, პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.  

თურქეთში, ევროპის უდიდესი მიწისქვეშა გაზსაცავი გახსნეს

თურქეთში ექსპლუატაციაში შევიდა ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი გაზსაცავის - სილივრის მეორე ფაზა, რომელიც სახელმწიფო კომპანიის BOTAŞ-ის ბალანსზეა. ენერგეტიკული ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის ცერემონია 16 დეკემბერს, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით გაიმართა. სილივრი თურქეთის პირველი მიწისქვეშა გაზის კომპლექსია, რომლის ტევადობაც 3,2 მილიარდი კუბური მეტრია, ხოლო  საწარმოო სიმძლავრე დღეში 28 მილიონ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს.  გაზის საცავის ტევადობის გაზრდის მიზნით, სამუშაოები ჩატარდა 18 ჭაბურღილის გაფართოებაზე, ხოლო ზღვაზე ორი დამატებითი პლატფორმა დამონტაჟდა. ამრიგად, მეორე ფაზის ამოქმედების შემდეგ, ობიექტის სიმძლავრე გაიზრდება 4,6 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო დღიური წარმოება 75 მილიონ კუბურ მეტრამდე. ამ ტემპით, გიგანტურ ობიექტს შეუძლია დააკმაყოფილოს თურქეთის ბუნებრივი აირის წლიური მოთხოვნილების დაახლოებით რვა პროცენტი. ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვებით თურქეთის ბუნებრივი აირის საწყობების სიმძლავრე 10 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.  

რატომ შეიძლება თქვას საქართველოს მთავრობამ გაზსაცავის პროექტზე უარი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ პარლამენტში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა დიდი ზომის გაზსაცავის პროექტის განხორციელებაზე სავარაუდოდ, უარს იტყვის. მისივე თქმით, ამ პროექტის ნაცვლად, მთავრობა მცირე ზომის გაზსაცავის მშენებლობის შესაძლებლობაზე მსჯელობს და გაზსაცავის პარალელურად, განიხილება გათხევადებული გაზის (LNG) ტერმინალის მშენებლობის საკითხიც. Europetime-ს საქართველოს ენერგეტიკული აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, ექსპერტმა მურმან მარგველაშვილმა განუცხადა, რომ შესაძლოა, ეკონომიკის სამინისტროს ამ განცხადების საფუძველი შესაბამისი კვლევებია. „რადგან ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ეს შეფასება გააკეთა, ალბათ, შესაბამისი კვლევა აქვს. თუმცა მე მივიჩნევდი, რომ საქართველოსთვის გაზსაცავს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა და ახლაც აქვს. თუ ხარ სრულად დამოკიდებული გარე ფაქტორებზე, სუსტი ხარ. თუ გინდა დამოუკიდებელი ქვეყანა, შესაბამისი დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების მექანიზმები უნდა შექმნა. რადგან მთავრობა უარს ამბობს დიდი გაზსაცავის პროექტზე, იმედია, რომ აქვთ შესაბამისი დასაბუთება“, -  ამბობს მურმან მარგველაშვილი. ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ  გაზსაცავის პროექტის მშენებლობის დაფინანსებას საქართველოს მთავრობა რამდენიმე დონორისგან, მოზიდული ფულით აპირებდა.  ცნობილია, რომ 2018 წელს გაფორმდა €150 მილიონი ევროს ღირებულების საკრედიტო შეთანხმება KFW-სთან. თუმცა, პანდემიის პერიოდში ამ თანხიდან €120 მილიონი მთავრობამ მიმდინარე ხარჯებზე გადაამისამართა და პროექტისთვის მხოლოდ €30 მილიონი დატოვა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, €30 მილიონი სეისმური კვლევებისა და დასაბუთებისთვის საკმარისი იყო, თუმცა ახალ რეალობაში [უკრაინის ომის ფონზე] ამხელა გაზსაცავი შესაძლოა, საქართველოსთვის აღარ იყოს საჭირო. „იმისთვის, რომ ქვეყნის გაზმომარაგება მოხდეს ორი თვის ვადით, ეს შესაძლოა, უფრო მცირე გაზსაცავით და LNG ტერმინალით განხორციელდეს, რომლის პროექტმაც მნიშვნელობა უკვე შეიძინა. რუმინეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, თურქმენეთი - ეს დერეფანი ამ კუთხით შეიძლება, საინტერესო იყოს. ჩვენ ამ ალტერნატივებიდან გამომდინარე დონორ ორგანიზაციებსა და მათ საკონსულტაციო კომპანიებს ვკითხეთ, იქნებ, რამე ალტერნატივა იყოს. ეს უფრო მოქნილი, სწორი და იაფიც იქნება“, - აცხადებს მიქაუტაძე. მისივე თქმით, საქართველოს არ აქვს იმხელა რესურსი, რომ ნახევარი მილიარდი ევრო გაზსაცავში მშენებლობაში დახარჯოს.  საქართველოს მთავრობა რომ აზერბაიჯათან პარტნიორობით, თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობის პროექტზე მუშაობს, ამის შესახებ 2022 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი.  „ცნობილია, რომ საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი, 2015 წელს განიხილავდნენ, ერთობლივ პროექტს, რომლის თანახმადაც, კასპიის ზღვიდან მოპოვებული გაზი, ევროპას საქართველოს გავლით უნდა მიეღო. ჩვენს ტერიტორიაზე უნდა მომხდარიყო გაზის გათხევადება და განხორციელებულიყო ექსპორტი რუმინეთში. სამწუხაროდ, ეს პროექტი ვერ განხორციელდა“, - აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. მისივე თქმით, არსებულ ვითარებაში, ევროპა დაინტერესებულია მიწოდების ალტერნატიული წყაროებით. „ამიტომ, ეს პროექტი, 2022 წელს უფრო მეტად აქტუალური გახდა“. შეგახსენებთ, რომ პროექტ AGRI-ს თანახმად, რომლის განხორციელებაც 2015 წელს იგეგმებოდა, აზერბაიჯანული გაზი გაზსადენის მეშვეობით, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ყულევის ტერმინალს უნდა მიეღო, სადაც მისი გათხევადება უნდა მომხდარიყო. კონსტანცაში ტრანსპორტირების შემდეგ, გათხევადებული გაზს კვლავ ბუნებრივ აირად გარდაქმნიდნენ, რის შემდეგაც, არსებული გაზსადენებით, მისი ევროპაში ექსპორტი მოხდებოდა. პროექტის რეალიზაცია ორ ეტაპად უნდა მომხდარიყო, რაც ითვალისწინებდა 2 მილიარდი კუბური მეტრიდან 8 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდებას. წინასწარი მონაცემებით, პროექტის ღირებულება 1,2 მილიარდიდან 4,5 მილიარდ ევრომდე შეადგენდა. კონკრეტულად, ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე რა ბერკეტებს დაკარგავს საქართველო გაზსაცავის გარეშე და რა ეფექტს მოიტანს გათხევადებული გაზის (LNG) ტერმინალის მშენებლობა? Europetime-ს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გია არაბიძემ განუცხადა, რომ დღეს გაზსაცავის მშენებლობის ფასები, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საკმაოდაა გაზრდილი, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს პროექტი ხელს უწყობს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.  „გაზსაცავი სჭირდება ყველას. ძალიან მნიშვნელოვანია და სტრატეგიულია, განსაკუთრებით მოხმარების გრაფიკებისათვის. თვითონ გაზსაცავის იდეა ხელს უწყობს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. რომ გადავიდეთ ეკონომიკურ მხარეზე, აქ უკვე გათვლებია - რა ჯდება ამ პროექტის განხორციელება. ალტერნატივად გაზის გათხევადებული ტერმინალის მოწყობა საკმაოდ კარგი პროექტია. ვფიქრობ, ამასაც შეუძლია გაზსაცავის ჩანაცვლება. აქ მთავარია ეკონომიკური გათვლები“, - ამბობს არაბიძე.  ამ დრომდე არსებული გათვლებით, გაზსაცავის პროექტის საინვესტიციო ღირებულება $250 მლნ-ს აღემატებოდა, რაც ევროპის საინვესტიციო ბანკისა (EIB) და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) კრედიტებით უნდა დაფინანსებულიყო. სამშენებლო სამუშაო სამგორის სამხრეთ თაღის საბადოზე იყო დაგეგმილი. არსებული პროექტის მიხედვით, გაზსაცავში 300 მლნ კუბური მეტრი გაზის შენახვაა შესაძლებელი.  

ევროკავშირმა გაზის საცავების 90% შეავსო - ლაიენი

ევროკავშირმა გაზის საცავების 90% დაგეგმილ ვადაზე ადრე შეავსო. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა. „ეს დაგვეხმარება უსაფრთხოდ ვიყოთ ამ ზამთარში რუსული გაზის გარეშე. ჩვენ ვაგრძელებთ პარალელურად მუშაობას უფრო მრავალფეროვან ენერგომომარაგებაზე მომავლისთვის,“ წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე. 2022 წელს ქვეყნები შეთანხმდნენ, 15%-ით შეამცირონ გაზის მოხმარება 2022-2023 წლების ზამთრის გადასატანად. ამ მცდელობებმა შეამცირა გაზის მოთხოვნა თითქმის 18%-ით, დანაზოგის ნახევარი კი შინამეურნეობებზე მოდიოდა. რუსეთის ფედერაციის გაზზე უარის კომპენსაციის მიზნით, ამ ზაფხულს გერმანიამ LNG ტერმინალების მშენებლობის დაჩქარება დაამტკიცა. 2022 წლის 30 მაისს ევროკავშირმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტი აკრძალა. გარდა ამისა, ევროკავშირის ოპერატორებს აეკრძალათ მესამე ქვეყნებში რუსული ნავთობის ზღვით ტრანსპორტირების დაზღვევა და დაფინანსება. ევროკავშირმა ასევე აკრძალა ნავთობგადამამუშავებელ წარმოებაში გამოყენებული კონკრეტული საქონლის და ტექნოლოგიების რუსეთისთვის მიყიდვა, მიწოდება, გადაზიდვა ან ექსპორტი. მან, ამასთან, შესაბამისი მომსახურებების მიწოდებაც შეზღუდა. ექსპორტზე ამგვარი აკრძალვის დაწესებით, ევროკავშირი აზარალებს რუსეთის ნავთობის სექტორს და არ აძლევს მას ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების განახლების საშუალებას. 2022 წლის 15 მარტს კი, ევროკავშირმა რუსეთის ენერგეტიკის სექტორში ახალი ინვესტიციების ჩადება აკრძალა. მან, ამასთან, დააწესა ექსპორტის კომპლექსური შეზღუდვები ენერგეტიკის სფეროში გამოყენებულ აღჭურვილობაზე, ტექნოლოგიებსა და მომსახურებაზე.  სანქციების 2022 წლის 8 აპრილს დაწესებული  მეხუთე პაკეტით აიკრძალა ყველა ფორმის რუსული ქვანახშირის იმპორტი. ეს აკრძალვა რუსული ქვანახშირის ექსპორტის მეოთხედს შეეხება, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ყოველწლიური შემოსავლის სახით 8 მილიარდ ევროს დაკარგავს.  2022 წლის 6 ოქტომბერს მიღებული სანქციების მერვე პაკეტმა ევროკავშირის კანონმდებლობაში იმის საფუძველი შემოიტანა, რომ დაწესდეს ზღვრული ფასი რუსული ნავთობის მესამე ქვეყნებში ზღვით ტრანსპორტირებაზე და დამატებითი შეზღუდვები ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტების მესამე ქვეყნებში ზღვით ტრანსპორტირებაზე. მძიმე სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ მას შემდეგ ამოქმედდა, რაც რუსეთი გასული წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა. გერმანია რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლდა - შოლცი იტალია აღარ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე - ენერგეტიკის მინისტრი