ავსტრიის უმსხვილესმა ოპერატორმა RAG Austria AG-მა რუსულ „გაზპრომს“, ქვეყანაში ყველაზე მსხვილი გაზსაცავის მართვის უფლება საბოლოოდ ჩამოართვა.
ავსტრიის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში ბუნებრივი გაზის დეფიციტის გამო მიიღო. ავსტრიის კანონმდებლობის თანახმად, ქვეყანაში გაზის დეფიციტის დროს, ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, გაზსაცავების მართვა ადგილობრივ ოპერატორებს გადასცეს. ამასთან, „გაზპრომის“ მიერ ობიექტის მართვისას გაზსაცავი ცარიელი იყო. ავსტრიის უმსხვილესი ოპერატორის მართვაში გადასვლის შემდეგ, გაზსაცავის შევსება 1-ელი აგვისტოდან დაიწყება.
11 ივლისიდან, რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეაჩერა. რის შემდეგაც, ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მოხმარების 15%-ით შემცირების გეგმა წარმოადგინა.
21 ივლისს, რუსეთმა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი1“-ით ბუნებრივი გაზის მიწოდება განაახლა, თუმცა გაზსადენი მხოლოდ 40%-იანი დატვირთვით მუშაობს. 25 ივლისს კი, „გაზპრომმა“ Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ განაცხადა, შედეგად ევროპისთვის გაზის მიწოდება კიდევ 20%-ით შემცირდა.