რატომ შეიძლება თქვას საქართველოს მთავრობამ გაზსაცავის პროექტზე უარი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ პარლამენტში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა დიდი ზომის გაზსაცავის პროექტის განხორციელებაზე სავარაუდოდ, უარს იტყვის.

მისივე თქმით, ამ პროექტის ნაცვლად, მთავრობა მცირე ზომის გაზსაცავის მშენებლობის შესაძლებლობაზე მსჯელობს და გაზსაცავის პარალელურად, განიხილება გათხევადებული გაზის (LNG) ტერმინალის მშენებლობის საკითხიც.

Europetime-ს საქართველოს ენერგეტიკული აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, ექსპერტმა მურმან მარგველაშვილმა განუცხადა, რომ შესაძლოა, ეკონომიკის სამინისტროს ამ განცხადების საფუძველი შესაბამისი კვლევებია.

  • „რადგან ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ეს შეფასება გააკეთა, ალბათ, შესაბამისი კვლევა აქვს. თუმცა მე მივიჩნევდი, რომ საქართველოსთვის გაზსაცავს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა და ახლაც აქვს. თუ ხარ სრულად დამოკიდებული გარე ფაქტორებზე, სუსტი ხარ. თუ გინდა დამოუკიდებელი ქვეყანა, შესაბამისი დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების მექანიზმები უნდა შექმნა. რადგან მთავრობა უარს ამბობს დიდი გაზსაცავის პროექტზე, იმედია, რომ აქვთ შესაბამისი დასაბუთება“, -  ამბობს მურმან მარგველაშვილი.

ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ  გაზსაცავის პროექტის მშენებლობის დაფინანსებას საქართველოს მთავრობა რამდენიმე დონორისგან, მოზიდული ფულით აპირებდა. 

ცნობილია, რომ 2018 წელს გაფორმდა €150 მილიონი ევროს ღირებულების საკრედიტო შეთანხმება KFW-სთან. თუმცა, პანდემიის პერიოდში ამ თანხიდან €120 მილიონი მთავრობამ მიმდინარე ხარჯებზე გადაამისამართა და პროექტისთვის მხოლოდ €30 მილიონი დატოვა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, €30 მილიონი სეისმური კვლევებისა და დასაბუთებისთვის საკმარისი იყო, თუმცა ახალ რეალობაში [უკრაინის ომის ფონზე] ამხელა გაზსაცავი შესაძლოა, საქართველოსთვის აღარ იყოს საჭირო.

„იმისთვის, რომ ქვეყნის გაზმომარაგება მოხდეს ორი თვის ვადით, ეს შესაძლოა, უფრო მცირე გაზსაცავით და LNG ტერმინალით განხორციელდეს, რომლის პროექტმაც მნიშვნელობა უკვე შეიძინა. რუმინეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, თურქმენეთი - ეს დერეფანი ამ კუთხით შეიძლება, საინტერესო იყოს. ჩვენ ამ ალტერნატივებიდან გამომდინარე დონორ ორგანიზაციებსა და მათ საკონსულტაციო კომპანიებს ვკითხეთ, იქნებ, რამე ალტერნატივა იყოს. ეს უფრო მოქნილი, სწორი და იაფიც იქნება“, - აცხადებს მიქაუტაძე.

მისივე თქმით, საქართველოს არ აქვს იმხელა რესურსი, რომ ნახევარი მილიარდი ევრო გაზსაცავში მშენებლობაში დახარჯოს. 

საქართველოს მთავრობა რომ აზერბაიჯათან პარტნიორობით, თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობის პროექტზე მუშაობს, ამის შესახებ 2022 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი. 

„ცნობილია, რომ საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი, 2015 წელს განიხილავდნენ, ერთობლივ პროექტს, რომლის თანახმადაც, კასპიის ზღვიდან მოპოვებული გაზი, ევროპას საქართველოს გავლით უნდა მიეღო. ჩვენს ტერიტორიაზე უნდა მომხდარიყო გაზის გათხევადება და განხორციელებულიყო ექსპორტი რუმინეთში. სამწუხაროდ, ეს პროექტი ვერ განხორციელდა“, - აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, არსებულ ვითარებაში, ევროპა დაინტერესებულია მიწოდების ალტერნატიული წყაროებით.

  • „ამიტომ, ეს პროექტი, 2022 წელს უფრო მეტად აქტუალური გახდა“.

შეგახსენებთ, რომ პროექტ AGRI-ს თანახმად, რომლის განხორციელებაც 2015 წელს იგეგმებოდა, აზერბაიჯანული გაზი გაზსადენის მეშვეობით, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ყულევის ტერმინალს უნდა მიეღო, სადაც მისი გათხევადება უნდა მომხდარიყო.

კონსტანცაში ტრანსპორტირების შემდეგ, გათხევადებული გაზს კვლავ ბუნებრივ აირად გარდაქმნიდნენ, რის შემდეგაც, არსებული გაზსადენებით, მისი ევროპაში ექსპორტი მოხდებოდა.

პროექტის რეალიზაცია ორ ეტაპად უნდა მომხდარიყო, რაც ითვალისწინებდა 2 მილიარდი კუბური მეტრიდან 8 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდებას. წინასწარი მონაცემებით, პროექტის ღირებულება 1,2 მილიარდიდან 4,5 მილიარდ ევრომდე შეადგენდა.

კონკრეტულად, ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე რა ბერკეტებს დაკარგავს საქართველო გაზსაცავის გარეშე და რა ეფექტს მოიტანს გათხევადებული გაზის (LNG) ტერმინალის მშენებლობა?

Europetime-ს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გია არაბიძემ განუცხადა, რომ დღეს გაზსაცავის მშენებლობის ფასები, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საკმაოდაა გაზრდილი, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს პროექტი ხელს უწყობს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. 

„გაზსაცავი სჭირდება ყველას. ძალიან მნიშვნელოვანია და სტრატეგიულია, განსაკუთრებით მოხმარების გრაფიკებისათვის. თვითონ გაზსაცავის იდეა ხელს უწყობს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

რომ გადავიდეთ ეკონომიკურ მხარეზე, აქ უკვე გათვლებია - რა ჯდება ამ პროექტის განხორციელება. ალტერნატივად გაზის გათხევადებული ტერმინალის მოწყობა საკმაოდ კარგი პროექტია. ვფიქრობ, ამასაც შეუძლია გაზსაცავის ჩანაცვლება. აქ მთავარია ეკონომიკური გათვლები“, - ამბობს არაბიძე. 

ამ დრომდე არსებული გათვლებით, გაზსაცავის პროექტის საინვესტიციო ღირებულება $250 მლნ-ს აღემატებოდა, რაც ევროპის საინვესტიციო ბანკისა (EIB) და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) კრედიტებით უნდა დაფინანსებულიყო.

სამშენებლო სამუშაო სამგორის სამხრეთ თაღის საბადოზე იყო დაგეგმილი. არსებული პროექტის მიხედვით, გაზსაცავში 300 მლნ კუბური მეტრი გაზის შენახვაა შესაძლებელი.