ევროკავშირმა გაზის საცავების 90% დაგეგმილ ვადაზე ადრე შეავსო. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა.
„ეს დაგვეხმარება უსაფრთხოდ ვიყოთ ამ ზამთარში რუსული გაზის გარეშე. ჩვენ ვაგრძელებთ პარალელურად მუშაობას უფრო მრავალფეროვან ენერგომომარაგებაზე მომავლისთვის,“ წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე.
2022 წელს ქვეყნები შეთანხმდნენ, 15%-ით შეამცირონ გაზის მოხმარება 2022-2023 წლების ზამთრის გადასატანად. ამ მცდელობებმა შეამცირა გაზის მოთხოვნა თითქმის 18%-ით, დანაზოგის ნახევარი კი შინამეურნეობებზე მოდიოდა. რუსეთის ფედერაციის გაზზე უარის კომპენსაციის მიზნით, ამ ზაფხულს გერმანიამ LNG ტერმინალების მშენებლობის დაჩქარება დაამტკიცა.
2022 წლის 30 მაისს ევროკავშირმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტი აკრძალა. გარდა ამისა, ევროკავშირის ოპერატორებს აეკრძალათ მესამე ქვეყნებში რუსული ნავთობის ზღვით ტრანსპორტირების დაზღვევა და დაფინანსება.
ევროკავშირმა ასევე აკრძალა ნავთობგადამამუშავებელ წარმოებაში გამოყენებული კონკრეტული საქონლის და ტექნოლოგიების რუსეთისთვის მიყიდვა, მიწოდება, გადაზიდვა ან ექსპორტი. მან, ამასთან, შესაბამისი მომსახურებების მიწოდებაც შეზღუდა.
ექსპორტზე ამგვარი აკრძალვის დაწესებით, ევროკავშირი აზარალებს რუსეთის ნავთობის სექტორს და არ აძლევს მას ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების განახლების საშუალებას.
2022 წლის 15 მარტს კი, ევროკავშირმა რუსეთის ენერგეტიკის სექტორში ახალი ინვესტიციების ჩადება აკრძალა. მან, ამასთან, დააწესა ექსპორტის კომპლექსური შეზღუდვები ენერგეტიკის სფეროში გამოყენებულ აღჭურვილობაზე, ტექნოლოგიებსა და მომსახურებაზე.
სანქციების 2022 წლის 8 აპრილს დაწესებული მეხუთე პაკეტით აიკრძალა ყველა ფორმის რუსული ქვანახშირის იმპორტი. ეს აკრძალვა რუსული ქვანახშირის ექსპორტის მეოთხედს შეეხება, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ყოველწლიური შემოსავლის სახით 8 მილიარდ ევროს დაკარგავს.
2022 წლის 6 ოქტომბერს მიღებული სანქციების მერვე პაკეტმა ევროკავშირის კანონმდებლობაში იმის საფუძველი შემოიტანა, რომ დაწესდეს ზღვრული ფასი რუსული ნავთობის მესამე ქვეყნებში ზღვით ტრანსპორტირებაზე და დამატებითი შეზღუდვები ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტების მესამე ქვეყნებში ზღვით ტრანსპორტირებაზე.
მძიმე სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ მას შემდეგ ამოქმედდა, რაც რუსეთი გასული წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა.
- გერმანია რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლდა - შოლცი
- იტალია აღარ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე - ენერგეტიკის მინისტრი