თურქეთში, ევროპის უდიდესი მიწისქვეშა გაზსაცავი გახსნეს

თურქეთში ექსპლუატაციაში შევიდა ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი გაზსაცავის - სილივრის მეორე ფაზა, რომელიც სახელმწიფო კომპანიის BOTAŞ-ის ბალანსზეა.

ენერგეტიკული ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის ცერემონია 16 დეკემბერს, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით გაიმართა. სილივრი თურქეთის პირველი მიწისქვეშა გაზის კომპლექსია, რომლის ტევადობაც 3,2 მილიარდი კუბური მეტრია, ხოლო  საწარმოო სიმძლავრე დღეში 28 მილიონ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს. 

გაზის საცავის ტევადობის გაზრდის მიზნით, სამუშაოები ჩატარდა 18 ჭაბურღილის გაფართოებაზე, ხოლო ზღვაზე ორი დამატებითი პლატფორმა დამონტაჟდა.

ამრიგად, მეორე ფაზის ამოქმედების შემდეგ, ობიექტის სიმძლავრე გაიზრდება 4,6 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო დღიური წარმოება 75 მილიონ კუბურ მეტრამდე.

ამ ტემპით, გიგანტურ ობიექტს შეუძლია დააკმაყოფილოს თურქეთის ბუნებრივი აირის წლიური მოთხოვნილების დაახლოებით რვა პროცენტი.

ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვებით თურქეთის ბუნებრივი აირის საწყობების სიმძლავრე 10 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.