თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი: „სილივრის“ გაზსაცავი ევროპაში უმსხვილესი გახდება

მიწისქვეშა გაზსაცავის შესაძლებლობების გასაფართოებლად, თურქეთში მუშაობა გრძელდება, - ამის შესახებ Anadolu წერს.

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ფათიჰ დონმეზის განცხადებით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე „სილივრის“ ბუნებრივი აირის მიწისქვეშა საწყობის სიმძლავრის გაფართოების პროექტი ამ ობიექტს ევროპაში უმსხვილეს გაზსაცავად გადააქცევს.

„დღეს „სილივრს“ შეუძლია 3,2 მილიარდი კუბური მეტრის დაგროვება, მაგრამ მალე ეს მაჩვენებელი 4,6 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. ჩვენ ასევე გავზრდით გაზმომარაგების მოცულობას 28 მილიონი კუბური მეტრიდან 75 მილიონ კუბურ მეტრამდე დღეში“, - განაცხადა ფათიჰ დონმეზმა.

მისივე თქმით, პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.