თეგი: გურჯაანი

გურჯაანში, 8 წლის გოგოს მიკროავტობუსი დაეჯახა

გურჯაანში, ცხრა აპრილის ქუჩაზე 8 წლის გოგოს მიკროავტობუსი დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებული მშობლებმა კლინიკაში თავად გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.  მას თავის შიდა დახურული ტრავმები აღენიშნება. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.  

გურჯაანში ავარიის შედეგად, ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

გურჯაანში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა, მისი მეუღლე და 7 წლის შვილი კი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ავტომანქანაში მყოფი ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მიღებული დაზიანებებით კი 7 წლის ბავშვი და მეუღლე გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი იყო მობილიზებული.  

გურჯაანის მერმა თანამდებობა დატოვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, ზურაბ უტიაშვილმა თანამდებობა დატოვა. მუშაობას ჯანდაცვის სფეროში გააგრძელებს, სადაც ის არჩევამდე მუშაობდა. „ვუბრუნდები ჯანდაცვის სფეროს, სადაც „ქართული ოცნების" გუნდთან ერთად გავაგრძელებ საქმიანობას ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების სამსახურში. ჩემს მშობლიურ მუნიციპალიტეტს - გურჯაანს, განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში და რასაკვირველია, ვრჩები გურჯაანისა და გურჯაანელების მხურვალე გულშემატკივრად", - დაწერა ზურაბ უტიაშვილმა. Facebook-ზე. უტიაშვილი გადადგომის მიზეზებზე არ საუბრობს. ის გურჯაანის მერის თანამდებობაზე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს აირჩიეს. მერის მოვალეობას მოადგილე, ლერი გელენავა შეასრულებს.  

ძლიერი სტიქია გურჯაანში (ვიდეო)

გურჯაანში ამ დრომდე დატბორილია ქალაქის ცენტრალური, თავისუფლების ქუჩა. გზაზე გადაადგილება აკრძალულია. რადიო თავისუფლების ცნობით, დაზიანებულია ლაგოდეხიდან გურჯაანში შესასვლელი გზის ნაწილი, რის გამოც მოძრაობა აკრძალულია. ძლიერი წვიმის დროს მდინარე ნავთისხევმა მოვარდნილი წყლის ნაკადი ვერ გაატარა, ჯებირებიდან გადმოვიდა და ქალაქის ნაწილი დატბორა. გურჯაანის მერიის ოფიციალური ინფორმაციით, დატბორილია ათეულობით საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, კომერციული ფართები და სხვა ნაგებობები, რომლებიც თავისუფლების ქუჩაზე მდებარეობს. ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემები არ მოიპოვება იმის შესახებ, რამდენი ავტომობილი დააზიანა მოვარდნილმა წყალმა, თუმცა ადგილობრივების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს რომ წყალმა წაიღო სულ მცირე 10 ავტომანქანა, რომლებიც ავტოსადგომებზე იყო გაჩერებული. სტიქიის გამო დაზიანებულია ელექტროენერგიის სადენებიც. „ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ელექტროენერგია არ მიეწოდება 5000-მდე აბონენტს. გურჯაანის მერიაში შეიქმნა სტიქიის შემსწავლელი კომისია.  

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია: გურჯაანში წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად მუშაობა გრძელდება

გურჯაანში წყალდიდობის შედეგად დაზიანებულია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. ძლიერი სტიქია გურჯაანში (ვიდეო) მათივე ცნობით, გურჯაანის მოსახლეობას წყალმომარაგება შეფერხებით მიეწოდება. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე, რეგიონის მასშტაბით, ადგილზე მობილიზებული ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. „15 ივნისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ქალაქ გურჯაანში მდინარეების – ნავთისხევისა და ახტალისხევის ადიდება გამოიწვია. მოვარდნილმა წყლის ნაკადმა ქალაქის ნაწილი დატბორა. წყალდიდობის შედეგად დაზიანებულია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები. წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ალექსანდრე თევდორაძე, მოადგილესთან, აკაკი მშვიდობაძესთან ერთად, სტიქიის ზონაში ჩავიდა, გურჯაანისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა და წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ობიექტები მოინახულა. კომპანიის ხელმძღვანელობა სტიქიის შემდეგ ადგილზე გაეცნო გურჯაანის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტების მდგომარეობასაც. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდნენ. ამ ეტაპზე, რეგიონის მასშტაბით, ადგილზე მობილიზებული ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კახეთის სერვისცენტრის თანამშრომლებთან ერთად, კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლები არიან ჩართული. სტიქიის შედეგად გურჯაანის მოსახლეობას წყალი შეფერხებით მიეწოდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

გურჯაანში ავარიისას ერთი ოჯახის სამი წევრი, მათ შორის, 4 წლის ბავშვი დაიღუპა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიისას ერთი ოჯახის სამი წევრი დაიღუპა. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, შემთხვევა სოფელ ახაშენში გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა კაცი მსუბუქი ავტომობილით მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად სახლის მიმართულებით გადაადგილდებოდა, როდესაც ტრაქტორს დაეჯახა და ამობრუნდა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპნენ, მეორე მოზარდი კიმ საავადმყოფოშია მოთავსებული. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.  

დღეს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები იმართება

გორი-კასპის ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები ტარდება, გურჯაანში კი, მერს ირჩევენ. გორი-კასპის საარჩევნო ოლქში ორი კანდიდატია რეგისტრირებული: გიორგი სოსიაშვილი (,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“) და მამუკა ტუსკაძე (პარტია „სოციალური სამართლიანობისთვის“). №32 გორის საარჩევნო ოლქში 68 უბანია გახსნილი და 94 987 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 52 უბანზე არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდება, 16 უბანზე კი ტრადიციულად მოხდება ხმის მიცემა. ოლქში სპეციალური უბანი გახსნილი არ არის, თუმცა, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლები, სპეციალური სიის საფუძველზე, საკუთარ არჩევანს გორის №12 უბანზე დააფიქსირებენ. ,,ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემის და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 52 საარჩევნო უბანზე ჩატარდება (ამ უბნებზე რეგისტრირებულია ამომრჩეველთა 84 %), 16 უბანზე კი კენჭისყრა აქამდე არსებული წესით გაიმართება, თუმცა, აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.რაც შეეხება იმას, თუ რის მიხედვით განისაზღვრა ტრადიციული და ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურები ამა თუ იმ უბანზე, ეს არის ცესკოს მიერ დადგენილი წესი, რომელმაც განსაზღვრა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიიდან 20 კმ-ის რადიუსში მდებარე საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა ელექტრონული წესით მოხდება, ხოლო დანარჩენ უბნებზე ხმის მიცემის ტრადიციული პროცედურა ჩატარდება,“ - განაცხადა #32 გორის ოლქის თავმჯდომარემ მალხაზ მირუაშვილმა. №30 კასპის საარჩევნო ოლქში კი 39 079 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ოლქის თავმჯდომარის, ნანა ნონიაშვილის ინფორმაციით, 29 საარჩევნო უბნიდან, გორი-კასპის მაჟორიტარის შუალედური არჩევნები 23 უბანზე ელექტრონული, 6-ზე კი ტრადიციული წესით ჩატარდება. შეგახსენებთ, გორის და კასპის მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გორი-კასპის მაჟორიტარმა გიორგი ხოჯევანიშვილმა საპარლამენტო მანდატი ვადაზე ადრე დატოვა. გურჯაანში მერის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება კი, მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც არჩეულმა მერმა ზურაბ უტიაშვილმა მიმდინარე წლის 8 ივნისს თანამდებობა დატოვა. მუნიციპალიტეტში 36 საარჩევნო უბანი ზუსტად დილის 08:00 საათზე შეფერხების გარეშე გაიხსნა. აქედან 28-ში ხმის მიცემა, თანამედროვე ტექნოლოგიებით მიმდინარეობს, 6 კი კენჭისყრა კვლავ ტრადიციული მეთოდით ტარდება. ოლქში 50 200 ამომრჩეველია რეგისტრირებული.  

მოკლული 14 წლის გოგოს დედასა და ბიძას აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედას და ბიძას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მადონა მაისურაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ბრალდების მხარე პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. გამოძიების თანახმად, 2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული არასრულწლოვნის ბიძისთვის. მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს. სამართალდამცველებმა დაზარალებულის ბიძა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 11 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ ორივე პირს ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე წარუდგინა. როგორც ცნობილია, 14 წლის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. პროკურატურამ ბრალი მოკლული 14 წლის გოგოს დედასაც წარუდგინა  

გურჯაანში 13 წლის არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე დაკავებულ ბიძას ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ 13 წლის არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმის ტერიტორიაზე, ბრალდებულმა 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა. „მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში. თავად ბრალდებული კახეთის ერთ-ერთ კლინიკაში კომაშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანის ბიძამ (მამის ძმა) გოგოს გაუპატიურების შესახებ შეიტყო, მოძალადე კაცი ცივი იარაღით დაჭრა, თავად კი პოლიციას ჩაბარდა. მას პატიმრობა შეუფარდეს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი უსაფრთხო გარემოში იმყოფება და მასთან ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ფსიქოლოგი მუშაობს.