მოკლული 14 წლის გოგოს დედასა და ბიძას აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედას და ბიძას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე მადონა მაისურაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ბრალდების მხარე პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.


გამოძიების თანახმად, 2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული არასრულწლოვნის ბიძისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.


სამართალდამცველებმა დაზარალებულის ბიძა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 11 ოქტომბერს დააკავეს.

პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ ორივე პირს ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე წარუდგინა.

როგორც ცნობილია, 14 წლის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.