გურჯაანში ამ დრომდე დატბორილია ქალაქის ცენტრალური, თავისუფლების ქუჩა. გზაზე გადაადგილება აკრძალულია. რადიო თავისუფლების ცნობით, დაზიანებულია ლაგოდეხიდან გურჯაანში შესასვლელი გზის ნაწილი, რის გამოც მოძრაობა აკრძალულია.
ძლიერი წვიმის დროს მდინარე ნავთისხევმა მოვარდნილი წყლის ნაკადი ვერ გაატარა, ჯებირებიდან გადმოვიდა და ქალაქის ნაწილი დატბორა.
გურჯაანის მერიის ოფიციალური ინფორმაციით, დატბორილია ათეულობით საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, კომერციული ფართები და სხვა ნაგებობები, რომლებიც თავისუფლების ქუჩაზე მდებარეობს.
ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემები არ მოიპოვება იმის შესახებ, რამდენი ავტომობილი დააზიანა მოვარდნილმა წყალმა, თუმცა ადგილობრივების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს რომ წყალმა წაიღო სულ მცირე 10 ავტომანქანა, რომლებიც ავტოსადგომებზე იყო გაჩერებული.
სტიქიის გამო დაზიანებულია ელექტროენერგიის სადენებიც. „ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ელექტროენერგია არ მიეწოდება 5000-მდე აბონენტს.
გურჯაანის მერიაში შეიქმნა სტიქიის შემსწავლელი კომისია.