საქართველოს პროკურატურამ 13 წლის არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმის ტერიტორიაზე, ბრალდებულმა 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა.
„მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
თავად ბრალდებული კახეთის ერთ-ერთ კლინიკაში კომაშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანის ბიძამ (მამის ძმა) გოგოს გაუპატიურების შესახებ შეიტყო, მოძალადე კაცი ცივი იარაღით დაჭრა, თავად კი პოლიციას ჩაბარდა. მას პატიმრობა შეუფარდეს.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი უსაფრთხო გარემოში იმყოფება და მასთან ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ფსიქოლოგი მუშაობს.