თეგი: იორდანია

ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში დაიწყო. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ამანის დედოფალ ალიას სახელობის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრს იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ტურიზმის მინისტრი ნაიეფ ალ ფაიეზი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ზაზა კანდელაკი დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი პრინც ღაზისთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში. მიწაზე, რომლის ფართობი ოთხი ათასი კვადრატული მეტრია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ასევე გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.  

პრემიერი: მეფე აბდულა II-ს მადლობა გადავუხადე ქრისტეს ნათლობის ადგილზე მიწის გადმოცემისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფე აბდალა II-ს წმინდა მიწაზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოსთვის მიწის გადაცემისთვის, მადლიერების ნიშნად, საქართველოს სახელით, ოქროს საწმისის ორდენი გადასცა. „დიდი მადლობა, თქვენო სამეფო აღმატებულებავ! ჩემთვის დიდი პატივია პირადად რომ გხვდებით. მადლობა ჩვენი მოწვევისა და მიღებისთვის. საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადმოცემის შესახებ თქვენი ძალიან გულუხვი გადაწყვეტილებისთვის მადლობას მოგახსენებთ ჩვენი მთავრობის, ქვეყნისა და ხალხის სახელით. თქვენო სამეფო აღმატებულებავ, გადაჭარბების გარეშე მინდა გითხრათ, რომ  ეს არის უდიდესი საჩუქარი და სიხარული მთელი ერისთვის. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ამისთვის. მადლობა! ასევე მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ურთიერთობის მნიშვნელობას. ნამდვილად კარგი შესაძლებლობა მოგვეცა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობისა და სამომავლო განვითარების განსახილველად. სწორედ ამიტომ ჩამოვედი დელეგაციით, მინისტრებით. ასე რომ, კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას,“- მიმართა მთავრობის მეთაურმა მეფე აბდალა II-ს.  პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ წმინდა მიწაზე საქართველოსთვის გადმოცემულ მიწის ნაკვეთზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავებას და ქართველი და იორდანელი ხალხის ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ ცნობადობის გაზრდას.  შეხვედრაზე მთავრობის ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა მისი აღმატებულება პრინც ღაზის, ასევე იერუსალიმის პატრიარქისა და იორდანიის არქიეპისკოპოსის როლს საქართველოსთვის მიწის გადაცემის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პრემიერმა აღნიშნა, რომ პრინც ღაზის პირადი წვლილი გადამწყვეტი იყო საბოლოო შეთანხმების მიღწევაში და საქართველო ამას ძალიან აფასებს.  პრემიერ-მინისტრის შეფასებით, უდიდესი ისტორიული მოვლენაა, რომ საერო და სასულიერო ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, 300 წლის შემდეგ საქართველო წმინდა მიწას უბრუნდება. საქართველოს მფლობელობაში არსებულ მიწაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება. შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს შორის არსებულ მაღალი დონის თანამშრომლობას და გამოითქვა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა. საუბარი შეეხო ორ მეზობელ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და საკვანძო ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობასა და უსაფრთხოებას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ახლო აღმოსავლეთის საკითხების პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მეფე აბდალას პირად როლს და არაბულ ქვეყნებთან ისტორიული კავშირების აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.  მთავრობის მეთაურმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფე აბდალა მეორეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მოიწვია.  

არაბთა გაერთიანებული საამიროები, იორდანია და ისრაელი ერთობლივ ენერგეტიკულ პროექტს იწყებენ

გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის 27-ე კონფერენციაზე, რომელიც შარმ-ელ-შეიხში 6-დან 18 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, იორდანიასა და ისრაელს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.  მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის თანახმად, ისრაელი იორდანიაში ჰაშიმიტური სამეფოს ელექტროსადგურიდან, მზის ენერგიის შეძენას გეგმავს. სადგურის მშენებლობას ემირატების კომპანია აფინანსებს. იორდანია, თავის მხრივ, ისრაელიდან წყალს ხმელთაშუა ზღვის გამწმენდი ქარხნიდან შეისყიდის. შეგახსენებთ, რომ ეს არის ყველაზე დიდი თანამშრომლობა ისრაელსა და იორდანიას შორის 1994 წლის სემდეგ, როდესაც ორ სახელმწიფოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო.  

იორდანიამ ღაზისთვის, სამედიცინო დახმარებით დატვირთული პირველი თვითმფრინავი გაგზავნა

იორდანიის ჰაშიმიტური საქველმოქმედო ორგანიზაციის, სახელმწიფო დახმარების სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავი, რომელიც ღაზისთვის განკუთვნილი სამედიცინო დახმარებით არის დატვირთული, იორდანიიდან გაფრინდა. დახმარება მოიცავს მედიკამენტებს და სამედიცინო აღჭურვილობას საავადმყოფოებისა და ჯანდაცვის სააგენტოებისთვის, რომლებიც პალესტინის ტერიტორიაზე მოქმედებენ. დახმარება ჯერ ეგვიპტეში ჩავა და შემდეგ ხელისუფლებას გადაეცემა ღაზაში, რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით.  

ენტონი ბლინკენი იორდანიაში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელიდან იორდანიაში ჩავიდა, სადაც მეფე აბდულა II-ს და პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს, შეხვდება. როგორც მდივანმა გუშინ განაცხადა, იორდანიის გარდა ის ეგვიპტეს, არაბთან გაერთიანებულ საამიროებსა და კატარს ეწვევა. `ყოველ ასეთ შეხვედრაზე ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნებისთვის დაჟინებას, რათა აღვკვეთოთ კონფლიქტის გაფართოება და "ჰამასზე" მათი ბერკეტები გამოვიყენოთ ტყვეების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გასათავისუფლებლად," - განაცხადა ბლინკენმა ისრაელში გამართულ პრესკონფერენციაზე. იორდანეს დასავლეთი ნაპირი და ღაზის სექტორი, ასევე აღმოსავლეთი იერუსალიმი ისრაელმა 1967 წლის ომის დროს დაიკავა. პალესტინელებს სურთ, რომ ეს სამი ტერიტორია მათი მომავალი სახელმწიფოს ნაწილი იყოს. სამშვიდობო მოლაპარაკებებმა ათწლეულების განმავალობაში შედეგი არ გამოიღო. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.  

ისრაელი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ეგვიპტე და იორდანია დაუყოვნებლივ დატოვონ

ისრაელი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ეგვიპტე და იორდანია, მაროკოში კი, ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს არააუცილებელი მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს. მიზეზი ისრაელის სიმბოლოების მიმართ მტრული და ძალადობრივი ქმედებების ზრდაა. „ომის გაგრძელების გამო, ბოლო დღეებში მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში, განსაკუთრებით კი, ახლო აღმოსავლეთის არაბულ ქვეყნებში, საპროტესტო გამოსვლების რაოდენობამ იმატა, რაც ებრაელების მიმართ ძალადობაში გამოიხატა,“ -აცხადებს ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო. ეგვიპტესა და იორდანიაში საფრთხის დონე 4-მდე გაიზარდა და ისრაელის ყველა მოქალაქეს მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ ეს ქვეყნები. მაროკოში საფრთხის დონე 3-მდე გაიზარდა და ისრაელი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ მოგზაურობას თავი აარიდონ. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

იორდანიამ ისრაელიდან ელჩი გაიწვია

იორდანიამ ისრაელიდან ელჩი გაიწვია. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გადაწყვეტილება ღაზის სექტორში შექმნილი ვითარების გამო, პროტესტის ნიშნად მიიღეს. „ელჩი თელ-ავივში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, „თუ ისრაელი შეაჩერებს ომს ანკლავზე და დაასრულებს „მის მიერ გამოწვეულ ჰუმანიტარულ კრიზისს“, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა აიმან საფადიმ. „ეს არის იორდანიის პოზიციის გამოხატვა, რომელიც უარყოფს და გმობს ისრაელის ომს ღაზის სექტორში; რომელიც კლავს უდანაშაულო ადამიანებს და იწვევს უპრეცედენტო ჰუმანიტარულ კატასტროფას,“ - აღნიშნა საფადიმ. კოლუმბიამ და ჩილემ ისრაელიდან ელჩები გაიწვიეს, ბოლივია ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს  

აშშ ღაზის სექტორში ექვსკვირიან ზავს ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები მუშაობს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევაზე, რომელიც ღაზაში ბრძოლის მინიმუმ ექვსი კვირით შეჩერებას გამოიწვევს. ჯო ბაიდენის თქმით, შეთანხმების ძირითადი კომპონენტები „უკვე მაგიდაზეა" და შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ის განხორციელდეს. „შეთანხმება მოიტანს დაუყოვნებელ და მდგრად სიმშვიდეს ღაზის სექტორისთვის სულ მცირე ექვსი კვირის განმავლობაში, რაც შემდეგ შეგვიძლია, გამოვიყენოთ რაღაც უფრო ხანგრძლივის შესაქმნელად", - აღნიშნა ბაიდენმა თეთრ სახლში, იორდანიის მეფე აბდულა II-თან შეხვედრის შემდეგ. „ბოლო ერთი თვის განმავლობაში მე მქონდა ზარები პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან, ისევე როგორც ეგვიპტისა და კატარის ლიდერებთან იმისთვის, რომ წინსვლა მომხდარიყო. შეთანხმების ძირითადი ელემენტები მაგიდაზეა. არის ხარვეზები, რომლებიც რჩება, მაგრამ მოვუწოდე ისრაელის ლიდერებს, გააგრძელონ მუშაობა შეთანხმების მისაღწევად. შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს მოხდეს,“ - განმარტა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, იორდანიის მეფე აბდულა II-თან შეხვედრაზე განიხილეს რაფაჰთან დაკავშირებული სიტუაცია და ღაზის სექტორისთვის დახმარების მიწოდების უზრუნველყოფის საკითხი. „იქ ბევრი იძულებით გადაადგილებული ადამიანი იმყოფება, რომლებიც ძალადობას ჩრდილოეთისკენ გაექცნენ და ახლა ისინი რაფაჰს აფარებენ თავს, დაუცველები და უსუსურები. მათ დაცვა სჭირდებათ. ჩვენ თავიდანვე ცხადად განვაცხადეთ, რომ ვეწინააღმდეგებით ღაზადან პალესტინელების იძულებით გადაადგილებას,“ - აღნიშნა ბაიდენმა. იორდანიის მეფე აბდულა აცხადებს, რომ აუცილებელია ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და სამართლიანი და ყოვლისმომცველი მშვიდობის დამყარება. მან დაგმო ისრაელის სამხედრო ოპერაცია რაფაჰში და ხაზი გაუსვა, რომ ეს აუცილებლად გამოიწვევს კიდევ ერთ ჰუმანიტარულ კატასტროფას. „არ შეიძლება, დავუშვათ ისრაელის თავდასხმა რაფაჰზე. სიტუაცია ისედაც აუტანელია მილიონზე მეტი ადამიანისთვის, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ რაფაჰში გადავიდნენ. არ შეიძლება გვერდზე გავდგეთ და ამის გაგრძელება დავუშვათ,“ - აღნიშნა მეფე აბდულამ.  

იორდანიამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ირანის მხრიდან ისრაელზე საჰაერო თავდასხმის გამო, იორდანიამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დღეს იორდანიამ განაცხადა, რომ დროებით ხურავს თავის საჰაერო სივრცეს ყველა შემომავალი, გამავალი და ტრანზიტული თვითმფრინავისთვის და თქვა, რომ სიტუაციის განახლება განიხილება განვითარებული მოვლენების შესაბამისად. ისრაელის წინააღმდეგ ირანის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის ფონზე ისრაელი, ერაყი და ლიბანი საჰაერო სივრცეს ხურავენ. შეგახსენებთ, ისრაელი ადასტურებს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით დრონები გაუშვა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობაზე დაყრდნობით BBC და CNN წერენ. ისრაელი აცხადებს, რომ მისი თავდაცვის ძალები (IDF) და საჰაერო ძალები გეგმურ ზომებს მიმართავენ, რათა თავდასხმას სათანადოდ გაუმკლავდნენ. აშშ-ში უსაფრთხოების გუნდი იკრიბება. სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მდივანი ასევე იქნებიან შეხვედრაზე, რომელსაც ჯო ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან გამართავს. ვაშინგტონი განიხილავს ირანის თავდასმხას ისრაელზე. როგორც CNN წერს, შეერთებული შტატების მიერ განთავსებული აქტივები რეგიონშია, რაც ირანის თავდასხმებისგან თავდაცვას უზრუნველყოფს. საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც აშშ-ის ძალებს დაიცავენ, განლაგებულია ერაყში, სირიასა და იორდანიაში. ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ „საპასუხო დარტყმები“ განხორციელდა ისრაელის სამიზნეებზე.“ ირანის Press TV-ის ცნობით, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა (IRGC) „დაიწყო უპილოტო თვითმფრინავების ფართო დარტყმები „ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ (ტერმინი, რომელსაც ირანი იყენებს ისრაელის აღსაწერად) სამიზნეებზე.“ ამასთან, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ “რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები მრავალი დანაშაულის საპასუხოდ არის გაშვებული.“ „სიონისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი მრავალი დანაშაულის საპასუხოდ, მათ შორის დამასკოში ირანის საელჩოს საკონსულო განყოფილებაზე თავდასხმისა და სირიაში ჩვენი ქვეყნის მეთაურებისა თუ სამხედრო მრჩევლების ჯგუფის დაღუპვის საპასუხოდ, ისლამური რევოლუციის გუშაგთა საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა ათობით რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონკრეტულ სამიზნეებზე,“ – აღნიშნულია განცხადებაში. ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელი ირანისგან პირდაპირი დარტყმისთვის მზადაა და თეირანს პასუხს გასცემს.

იორდანია აცხადებს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში „უცხოური ობიექტები“ მოიგერია

იორდანიის მთავრობა მხარეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ თავშეკავება და რეგიონულ დაძაბულობას დისციპლინითა და პასუხისმგებლობით გაუმკლავდნენ. იორდანიის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ბიშერ ხასავნე თავმჯდომარეობდა, იორდანიის ოფიციალურმა პირებმა ხაზი გაუსვეს დეესკალაციის მნიშვნელობას და მოუწოდეს ყველა მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით და გამოავლინონ თავშეკავება საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მინისტრთა კაბინეტმა განაცხადა, რომ იორდანიამ ქვეყნის საჰაერო სივრცეში, მოქალაქეებისა და საცხოვრებელი ადგილების დაცვის მიზნით, უცხოური ობიექტები მოიგერია. ”მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ფრაგმენტი სხვადასხვა ადგილას დაეცა, მნიშვნელოვანი დაზიანება ან დაზარალება არ დაფიქსირებულა," - განაცხადა იორდანიის მინისტრთა კაბინეტმა. მათივე განმარტებით, სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი კომისია უწყვეტად აფასებს სიტუაციას მას შემდეგ, რაც იორდანიის საჰაერო სივრცე დროებით დაიხურა. ისრაელმა, იორდანიამ, ერაყმა და ლიბანმა თავიანთი საჰაერო სივრცეები ხელახლა გახსნეს მას შემდეგ, რაც დროებით დახურეს გუშინ ღამით, ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ. შეფერხებულია ფრენები ისრაელის მიმართულებითაც. აბუ -დაბიში მოქმედი ავიაკომპანია Etihad Airways-ის განცხადებით, კვირას იორდანიასა და ისრაელში დაგეგმილი ფრენები გააუქმა. ამასთან, Swiss International Air Lines-მა შეაჩერა ფრენები თელ-ავივის მიმართულებით და პირიქით. შეგახსენებთ, ისრაელმა 13 აპრილს განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის, ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმისას დაშავდა ერთი ადამიანი. დაშავებულია 7 წლის გოგო, რომელიც კლინიკაში მკურნალობს. ცნობისთვის, ისრაელს ირანი შურისძიებით მას შემდეგ დაემუქრა, რაც პირველ აპრილს სირიაში, დამასკოში ირანის საკონსულოზე მიტანილ დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას ერთ წევრთან ერთად ემსხვერპლა. ისრაელს ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელი და მისი მოკავშირეები ირანის თავდასხმებს ელოდნენ. ისრაელი საპასუხო დარტყმებით დაიმუქრა. CNN-ის ცნობით, აშშ არ აპირებს ირანზე საპასუხო თავდასხმაში მონაწილეობას. ირანის მოკავშირეები შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლა ისრაელის მეზობელი ლიბანის სამხრეთს, ფაქტობრივად, აკონტროლებს. თეირანის მოკავშირეები ასევე არიან ერაყში მოქმედი შიიტური დაჯგუფებები და იემენელი „ჰუსიტები.“