აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები მუშაობს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევაზე, რომელიც ღაზაში ბრძოლის მინიმუმ ექვსი კვირით შეჩერებას გამოიწვევს. ჯო ბაიდენის თქმით, შეთანხმების ძირითადი კომპონენტები „უკვე მაგიდაზეა" და შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ის განხორციელდეს.
„შეთანხმება მოიტანს დაუყოვნებელ და მდგრად სიმშვიდეს ღაზის სექტორისთვის სულ მცირე ექვსი კვირის განმავლობაში, რაც შემდეგ შეგვიძლია, გამოვიყენოთ რაღაც უფრო ხანგრძლივის შესაქმნელად", - აღნიშნა ბაიდენმა თეთრ სახლში, იორდანიის მეფე აბდულა II-თან შეხვედრის შემდეგ.
„ბოლო ერთი თვის განმავლობაში მე მქონდა ზარები პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან, ისევე როგორც ეგვიპტისა და კატარის ლიდერებთან იმისთვის, რომ წინსვლა მომხდარიყო. შეთანხმების ძირითადი ელემენტები მაგიდაზეა. არის ხარვეზები, რომლებიც რჩება, მაგრამ მოვუწოდე ისრაელის ლიდერებს, გააგრძელონ მუშაობა შეთანხმების მისაღწევად. შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს მოხდეს,“ - განმარტა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, იორდანიის მეფე აბდულა II-თან შეხვედრაზე განიხილეს რაფაჰთან დაკავშირებული სიტუაცია და ღაზის სექტორისთვის დახმარების მიწოდების უზრუნველყოფის საკითხი.
„იქ ბევრი იძულებით გადაადგილებული ადამიანი იმყოფება, რომლებიც ძალადობას ჩრდილოეთისკენ გაექცნენ და ახლა ისინი რაფაჰს აფარებენ თავს, დაუცველები და უსუსურები. მათ დაცვა სჭირდებათ. ჩვენ თავიდანვე ცხადად განვაცხადეთ, რომ ვეწინააღმდეგებით ღაზადან პალესტინელების იძულებით გადაადგილებას,“ - აღნიშნა ბაიდენმა.
იორდანიის მეფე აბდულა აცხადებს, რომ აუცილებელია ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და სამართლიანი და ყოვლისმომცველი მშვიდობის დამყარება.
მან დაგმო ისრაელის სამხედრო ოპერაცია რაფაჰში და ხაზი გაუსვა, რომ ეს აუცილებლად გამოიწვევს კიდევ ერთ ჰუმანიტარულ კატასტროფას.
„არ შეიძლება, დავუშვათ ისრაელის თავდასხმა რაფაჰზე. სიტუაცია ისედაც აუტანელია მილიონზე მეტი ადამიანისთვის, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ რაფაჰში გადავიდნენ. არ შეიძლება გვერდზე გავდგეთ და ამის გაგრძელება დავუშვათ,“ - აღნიშნა მეფე აბდულამ.