ისრაელი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ეგვიპტე და იორდანია დაუყოვნებლივ დატოვონ

ისრაელი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ეგვიპტე და იორდანია, მაროკოში კი, ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს არააუცილებელი მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს.

მიზეზი ისრაელის სიმბოლოების მიმართ მტრული და ძალადობრივი ქმედებების ზრდაა.

„ომის გაგრძელების გამო, ბოლო დღეებში მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში, განსაკუთრებით კი, ახლო აღმოსავლეთის არაბულ ქვეყნებში, საპროტესტო გამოსვლების რაოდენობამ იმატა, რაც ებრაელების მიმართ ძალადობაში გამოიხატა,“ -აცხადებს ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო.


ეგვიპტესა და იორდანიაში საფრთხის დონე 4-მდე გაიზარდა და ისრაელის ყველა მოქალაქეს მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ ეს ქვეყნები. მაროკოში საფრთხის დონე 3-მდე გაიზარდა და ისრაელი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ მოგზაურობას თავი აარიდონ.


შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები.


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.


9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.


12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.

13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.

პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.