იორდანია აცხადებს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში „უცხოური ობიექტები“ მოიგერია

იორდანიის მთავრობა მხარეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ თავშეკავება და რეგიონულ დაძაბულობას დისციპლინითა და პასუხისმგებლობით გაუმკლავდნენ. იორდანიის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ბიშერ ხასავნე თავმჯდომარეობდა, იორდანიის ოფიციალურმა პირებმა ხაზი გაუსვეს დეესკალაციის მნიშვნელობას და მოუწოდეს ყველა მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით და გამოავლინონ თავშეკავება საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.


მინისტრთა კაბინეტმა განაცხადა, რომ იორდანიამ ქვეყნის საჰაერო სივრცეში, მოქალაქეებისა და საცხოვრებელი ადგილების დაცვის მიზნით, უცხოური ობიექტები მოიგერია.

”მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ფრაგმენტი სხვადასხვა ადგილას დაეცა, მნიშვნელოვანი დაზიანება ან დაზარალება არ დაფიქსირებულა," - განაცხადა იორდანიის მინისტრთა კაბინეტმა.


მათივე განმარტებით, სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი კომისია უწყვეტად აფასებს სიტუაციას მას შემდეგ, რაც იორდანიის საჰაერო სივრცე დროებით დაიხურა. ისრაელმა, იორდანიამ, ერაყმა და ლიბანმა თავიანთი საჰაერო სივრცეები ხელახლა გახსნეს მას შემდეგ, რაც დროებით დახურეს გუშინ ღამით, ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ. შეფერხებულია ფრენები ისრაელის მიმართულებითაც. აბუ -დაბიში მოქმედი ავიაკომპანია Etihad Airways-ის განცხადებით, კვირას იორდანიასა და ისრაელში დაგეგმილი ფრენები გააუქმა. ამასთან, Swiss International Air Lines-მა შეაჩერა ფრენები თელ-ავივის მიმართულებით და პირიქით.


შეგახსენებთ, ისრაელმა 13 აპრილს განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის, ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმისას დაშავდა ერთი ადამიანი. დაშავებულია 7 წლის გოგო, რომელიც კლინიკაში მკურნალობს.


ცნობისთვის, ისრაელს ირანი შურისძიებით მას შემდეგ დაემუქრა, რაც პირველ აპრილს სირიაში, დამასკოში ირანის საკონსულოზე მიტანილ დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას ერთ წევრთან ერთად ემსხვერპლა. ისრაელს ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელი და მისი მოკავშირეები ირანის თავდასხმებს ელოდნენ. ისრაელი საპასუხო დარტყმებით დაიმუქრა. CNN-ის ცნობით, აშშ არ აპირებს ირანზე საპასუხო თავდასხმაში მონაწილეობას.


ირანის მოკავშირეები

შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლა ისრაელის მეზობელი ლიბანის სამხრეთს, ფაქტობრივად, აკონტროლებს. თეირანის მოკავშირეები ასევე არიან ერაყში მოქმედი შიიტური დაჯგუფებები და იემენელი „ჰუსიტები.“