კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე ყოფილმა პარტიზანმა, გუსტავო პეტრომ გაიმარჯვა

კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე ყოფილმა პარტიზანმა, გუსტავო პეტრომ გაიმარჯვა. მოქმედმა სენატორმა არჩევნების მეორე ტურში მემარჯვენე სამშენებლო მაგნატი, როდოლფო ერნანდესი დაამარცხა.

არჩევნების შედეგებით, გუსტავო პეტრომ მიიღო ხმების 50.5% და მეტოქე 700 000-ზე მეტი ხმით დაამარცხა და კოლუმბიის პირველი მემარცხენე ლიდერი გახდა. გუსტავო პეტრომ არჩევნების შედეგებს ღვთის და ერის გამარჯვება უწოდა. დასავლური მედია წერს, რომ არჩეული პრეზიდენტის თანამოაზრე ფრანსია მარკესი, მარტოხელა დედა და ყოფილი დიასახლისი გახდება კოლუმბიის პირველი შავკანიანი ქალი ვიცე-პრეზიდენტი.

პარტიზანული მოძრაობის „ემ-19“-ის ყოფილმა წევრმა, გუსტავო პეტრომ საარჩევნო კამპანიის დროს პირობა დადო, რომ უფასო საუნივერსიტეტო განათლებით, საპენსიო რეფორმით და არაპროდუქტიულ მიწაზე მაღალი გადასახადების დაწესებით უთანასწორობას შეებრძოლება. პეტრომ ასევე პირობა დადო, რომ სრულად განახორციელებს 2016 წლის სამშვიდობო შეთანხმებას, რომელმაც დაასრულა 50-წლიანი კონფლიქტი კომუნისტურ პარტიზანულ ჯგუფთან, „ფარკ“-სთან, და შეეცდება მოლაპარაკებებს ჯერ კიდევ აქტიურ მარქსისტ-ლენინური დაჯგუფების, „ეროვნული განთავისუფლების არმიის“ მეამბოხეებთან.