თეგი: ოზურგეთი

ომბუდსმენის აპარატი: გორის, ოზურგეთისა და ქუთაისის უსახლკარო პირთა სოციალურ საცხოვრისებში არსებული პირობები მინიმალურადაც კი ვერ აკმაყოფილებს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებას

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, გორის, ოზურგეთისა და ქუთაისის უსახლკარო პირთა სოციალური საცხოვრისებში არსებული პირობები მინიმალურადაც კი ვერ აკმაყოფილებს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს გორის, ოზურგეთის და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას - მაქსიმალურად დაჩქარებული წესით განიხილოს ყოფილი ნარკოლოგიურის ცენტრში მცხოვრები უსახლკარო და სოციალურად დაუცველი ოჯახების სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციის საკითხი. „2022 წლის თებერვლისა და მარტის თვეში საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა გორის, ოზურგეთისა და ქუთაისის უსახლკარო პირთა სოციალური საცხოვრისები შეამოწმა და დაადგინა, რომ სოციალურ საცხოვრისებში არსებული პირობები მინიმალურადაც კი ვერ აკმაყოფილებს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებას. ოზურგეთის და ქუთაისის სოციალურ საცხოვრისებში იდენტიფიცირებულ პრობლემებზე საუბარია საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშში. გარდა ამისა, სახალხო დამცველმა დამატებით, წერილობით მიმართა სამივე ადგილობრივ თვითმმართველობას და ბენეფიციართა ობიექტებიდან დაუყოვნებლივ განსახლება და ადამიანის ღირსების შესაბამისი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოითხოვა. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის მოთხოვნა არცერთმა მუნიციპალიტეტმა არ გაიზიარა, რითაც კიდევ ერთხელ იქნა უგულებელყოფილი უსახლკაროთა უფლება სათანადო საცხოვრებელზე. ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში განთავსებულ გორის სოციალურ საცხოვრისში განსაკუთრებით შემაშფოთებელი მდგომარეობაა. შენობა, რომელშიც 80-მდე ოჯახი ცხოვრობს, საცხოვრებელად დღემდე არ გარდაქმნილა, მოსახლეებმა საკუთარი ოთახები თვითონ გადააკეთეს, კუსტარულად; შესაბამისად, მუდმივ საცხოვრებელად უვარგისია. საცხოვრისს არ აქვს საკანალიზაციო და სადრენაჟო სისტემები; არ არის მოწყობილი სამზარეულო და ინდივიდუალური სველი წერტილები. მაცხოვრებლებს ხელი არ მიუწვდებათ სუფთა წყალზე. ამ პირობებში წარმოუდგენელია ჰიგიენის დაცვა და კვების პროდუქტების უსაფრთხოდ შენახვა. ობიექტში არსებული უკიდურესად მწვავე სანიტარულ-ჰიგიენური პირობები ხელს უწყობს პარაზიტოლოგიური დაავადებების, მწერების, მღრღნელებისა და ქვეწარმავლების გავრცელებას, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის შენობის მობინადრეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის შეფასებით, გორის სოციალურ საცხოვრისში სრულად უგულებელყოფილია საცხოვრებლის სათანადოობის სტანდარტები. შედეგად, მობინადრეებს შემაშფოთებლად მძიმე, ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში უწევთ ცხოვრება. აქ არსებული ინფრასტრუქტურული გარემო სრულიად მოუხერხებელია შშმ პირებისთვის. მობილობის შეზღუდვის მქონე და ეტლით მოსარგებლე პირები, ფიზიკური გარემოს მიუწვდომლობის გამო, თვეების მანძილზე მაღალ სართულზე არიან გამოკეტილი და ეზღუდებათ გადაადგილების უფლება. მძიმე სანიტარულ-ჰიგიენური პირობები განსაკუთრებულად ღირსების შემლახავია შშმ პირებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ თვითმოვლას და ვერც შესაბამისი ასისტენტისა და მომვლელის სერვისით სარგებლობენ. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებას მინიმალურადაც კი ვერ აკმაყოფილებს ყოფილი სამშობიაროს შენობაში განთავსებული ოზურგეთის სოციალური საცხოვრისი. მიუხედავად ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისა, 50-მდე ოჯახი მაინც უკიდურესად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. შენობაში გაუმართავია სადრენაჟო სისტემა და ძლიერი ნესტის შედეგად დაბინძურებულია ჰაერი. განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაა შენობის პირველ სართულზე, სადაც აყრილია იატაკი, დაობებულია კედლები და ჭერი, წვიმის დროს გუბდება წყალი და ჰაერი ისე მძიმდება, რომ პერიოდულად სუნთქვა შეუძლებელი ხდება. შექმნილ მდგომარეობაში მობინადრეები ხშირად ავადდებიან, განსაკუთრებით ბავშვები და ხანდაზმულები. შენობას არ აქვს მისასვლელი გზა, გარე პერიმეტრი არ არის კეთილმოწყობილი და არც გასართობი სივრცეებია ბავშვებისთვის. ქუთაისის სოციალური საცხოვრისი ყოფილი კავშირგაბმულობის შენობაშია განთავსებული. 90 ოჯახი პრივატული გარემოს გარეშე, გამუდმებული საყოფაცხოვრებო ხმაურის პირობებში ცხოვრობს. მცირე ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართები არასაკმარისია და შენობა გადატვირთულია; სადრენაჟო სისტემის არარსებობის გამო ჰაერი მუდმივად ნესტიანი და დაბინძურებულია. შენობა ვერ აკმაყოფილებს საცხოვრებლის ფუნქციებს და მაცხოვრებლებისთვის არ არის შექმნილი ღირსეული პირობები. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ სათანადო საცხოვრებლის უფლება მხოლოდ ჭერის ქონას, ანუ თავშესაფრით უზრუნველყოფას არ ნიშნავს. სათანადო საცხოვრებლის უფლება გულისხმობს ნებისმიერ ადგილას უსაფრთხო, მშვიდობიან და ღირსეულ პირობებში ცხოვრების უფლებასა და შშმ პირთათვის სერვისებით სრული მისაწვდომობის უზრუნველყოფას. შესაბამისად, აღნიშნული უფლება მოიცავს არა მხოლოდ საცხოვრისით, არამედ სათანადო საცხოვრისით დაკმაყოფილების ვალდებულებას, რაზეც ზემოხსენებული დაწესებულების მობინადრეებს ხელი არ მიუწვდებათ. საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს გორის, ოზურგეთის და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას - მაქსიმალურად დაჩქარებული წესით განიხილოს ყოფილი ნარკოლოგიურის ცენტრში მცხოვრები უსახლკარო და სოციალურად დაუცველი ოჯახების სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციის საკითხი, რაც მოცემულ შემთხვევაში გულისხმობს ობიექტიდან მათ განსახლებას და ადამიანის ღირსების შესაბამისი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ოზურგეთში 50 წლამდე ასაკის ქალი, სავარაუდოდ, ყოფილმა ქმარმა მოკლა

ოზურგეთში 50 წლამდე ასაკის ქალი, სავარაუდოდ, ყოფილმა ქმარმა მოკლა. წინასწარი ინფორმაციით, დამნაშავე უკვე დაკავებულია. რა გახდა მკვლელობის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. „გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. მეტს ვერაფერს გეტყვით. მიმდინარეობს გამოძიება და ყველაფერი ამის შემდეგ გახდება ცნობილი“, – განაცხადა გურიის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე აკაკი მაისურაძემ. ამასთან, ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.  

ოზურგეთში, ქალის მკვლელობისთვის, ყოფილი ქმარი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.ტ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ოზურგეთში 50 წლამდე ასაკის ქალი, სავარაუდოდ, ყოფილმა ქმარმა მოკლა დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილ მეუღლეს - 1984 წელს დაბადებულ შ.ზ.-ს ბასრი საგნის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.პოლიციამ ი.ტ. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად არის ამოღებული.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით მჟავანაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის წევრები კურორტ გომის მთაზე მიწებს ითვისებენ. ,,კურორტი ფაქტიურად გაწირეს და ამის ნათელი მაგალითი არის წულუკიანის მიერ გაკეთებული განცხადება, ეს მოხდა ჯერ კიდევ 2020 წლის 3 აგვისტოს, მაშინ როდესაც ის ავიდა გომის მთის დასათვალიერებლად და გასცა ბრძანება, პრაქტიკულად დააკანონა უკანონობა და ადამიანებს საშუალება მისცა ხმების სანაცვლოდ იქ მიეთვისებინათ მიწები. ეს ბოროტად გამოიყენა ,,ქართული ოცნების ადგილობრივმა წრმომადგენლებმა. მაგალითად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს პირდაპირ დეკლარაციაში უწერია მივითვისეო და ეს სახელმწიფომ დაურეგისტრირა. პროკურატურის გავრცელებულ მეორე განცხადებას ვკითხულობთ, სადაც 24 ადამიანს ედავებიან სისხლის სამართლის დანაშაულს. ვინც ,,ქოცი“ იყო დაურეგისტრირეს და ვინც არ მოეწონათ იმათ კიდევ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააკისრეს. ეს არის დანაშაული, დანაშაული არ უნდა წაახალისო“, - განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით მჟავანაძემ. ამასთან, ხმაურისა და ფიზიკური დაპირისპირების გამო სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.  

პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის, ტარების ფაქტზე ერთ პირს, მეორე პირს გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 სექტემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში, ვ.გ.-მ პირადი დაპირისპირების გამო, „მაკაროვი“-ს სისტემის პისტოლეტიდან ავტომანქანაში მყოფი გ.რ.-ს მიმართულებით გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად მიღებული დაზიანებით დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. „ვინაიდან ვ.გ. თავს არიდებს გამოძიებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ის სამართალდამცველებმა 12 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით (მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ოზურგეთში 84 წლის ქალი საკუთარ სახლში დაჭრილი იპოვეს

ოზურგეთში, საკუთარ სახლში 84 წლის ქალი დაჭრილი იპოვეს. ამ ეტაპზე დამნაშავე დაკავებული არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, 84 წლის ქალს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუცა გამოძიების პროცესში არ არის გამორიცხული, მუხლი გადაკვალიფიცირდეს, რადგან არსებობს ეჭვი, რომ ეს ფემიციდის მცდელობა იყო.  

ოზურგეთში, ავტოავარიას შუა ხნის კაცი ემსხვერპლა

ოზურგეთში აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას შუა ხნის კაცი ემსხვერპლა.  გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ბორდიურს დაეჯახა, რის შედეგადაც, მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული. ამ ეტაპზე, მომხდარზე დამატებითი დეტალები უცნობია.  

ძლიერმა წვიმამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ისევ შექმნა პრობლემები. ლანჩხუთის მერიის ინფორმაციით, მეწყრული პროცესები განვითარდა, დატბორილია ოჯახები, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა. სოფელ ხორეთში მდინარემ დროებითი გზა წაიღო. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია საგანგებო შტაბი, ხოლო მერიის შესაბამისი სამსახურები სტიქიის ზონაში იმყოფებიან. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტშიც. როგორც “გურია ნიუსს” მერმა დავით შარაშიძემ განუცხადა, უხვმა ნალექმა რამდენიმე ადგილას მეწყერის ჩამოწოლა გამოიწვია, რის შედეგადაც სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები რამდენიმე ოჯახი გარესამყაროს მოწყდა, ხოლო ერკეთის საბავშვო ბაღი სველი წერტილის გარეშე დარჩა. „ძლიერი წვიმის შედეგად ჩოხატაურის რამდენიმე სოფელს ზიანი მიადგა. მაგალითად, ხიდისთავში  მეწყერი ჩამოწვა და რამდენიმე ლოკაცია წიფნაგვარას და ზენობნის მიმართულებით ჩაკეტილია. მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაო. ასევე, პრობლემები შეგვექმნა გუთურსა და ერკეთში. რამდენიმე ლოკაციაზე მიწა ჩამოიშალა გუთურში, რის შედეგადაც, პრობლემები შეექმნა რამდენიმე  ოჯახს. ასევე, ერკეთში გვაქვს კიდევ სამი ადგილი, სადაც უხვმა ნალექმა პრობლემა შექმნა. მაგალითად, ერკეთის საბავშვო ბაღს სველი წერტილი წაართვა, მიწა ჩაშალა. პრობლემები შეიქმნა ასევე ხევში. რამდენიმა ოჯახი იქაც ჩაიკეტა. ტექნიკა უკვე მუშაობს. პირველ რიგში, სამუშაოს ვახორციელებთ იქ, სადაც ჩაკეტილია სოფლები, ოჯახები, მოსახლეობა. შემდეგ, უკვე თუკი სადმე  სხვადასხვა ინფრასტრუქტურას შეექმნა პრობლემა,  დავიწყებთ იმის აღდგენას,” განაცხადა მერმა. სტიქია იყო აჭარაშიც. შეკვეთილში, მდინარე ნატანებთან, ხიდის ნაწილი ჩაინგრა. ამასთან, ბათუმის მერიის ცნობით, იწმინდება სანიაღვრე არხები და ცხაურები. მათივე ინფორმაციით, ქალაქთან შემოერთებულ რამდენიმე ლოკაციაზე მიწის მასა მსუბუქად ჩამოიშალა. „მერიის შესაბამისი სამსახურები განაგრძობენ უწყვეტ რეჟიმში მუშაობას,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.