ძლიერმა წვიმამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ისევ შექმნა პრობლემები.

ლანჩხუთის მერიის ინფორმაციით, მეწყრული პროცესები განვითარდა, დატბორილია ოჯახები, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა. სოფელ ხორეთში მდინარემ დროებითი გზა წაიღო. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია საგანგებო შტაბი, ხოლო მერიის შესაბამისი სამსახურები სტიქიის ზონაში იმყოფებიან. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტშიც.


როგორც “გურია ნიუსს” მერმა დავით შარაშიძემ განუცხადა, უხვმა ნალექმა რამდენიმე ადგილას მეწყერის ჩამოწოლა გამოიწვია, რის შედეგადაც სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები რამდენიმე ოჯახი გარესამყაროს მოწყდა, ხოლო ერკეთის საბავშვო ბაღი სველი წერტილის გარეშე დარჩა.


„ძლიერი წვიმის შედეგად ჩოხატაურის რამდენიმე სოფელს ზიანი მიადგა. მაგალითად, ხიდისთავში  მეწყერი ჩამოწვა და რამდენიმე ლოკაცია წიფნაგვარას და ზენობნის მიმართულებით ჩაკეტილია. მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაო. ასევე, პრობლემები შეგვექმნა გუთურსა და ერკეთში.


რამდენიმე ლოკაციაზე მიწა ჩამოიშალა გუთურში, რის შედეგადაც, პრობლემები შეექმნა რამდენიმე  ოჯახს. ასევე, ერკეთში გვაქვს კიდევ სამი ადგილი, სადაც უხვმა ნალექმა პრობლემა შექმნა. მაგალითად, ერკეთის საბავშვო ბაღს სველი წერტილი წაართვა, მიწა ჩაშალა.

პრობლემები შეიქმნა ასევე ხევში. რამდენიმა ოჯახი იქაც ჩაიკეტა. ტექნიკა უკვე მუშაობს. პირველ რიგში, სამუშაოს ვახორციელებთ იქ, სადაც ჩაკეტილია სოფლები, ოჯახები, მოსახლეობა. შემდეგ, უკვე თუკი სადმე  სხვადასხვა ინფრასტრუქტურას შეექმნა პრობლემა,  დავიწყებთ იმის აღდგენას,” განაცხადა მერმა.


სტიქია იყო აჭარაშიც. შეკვეთილში, მდინარე ნატანებთან, ხიდის ნაწილი ჩაინგრა. ამასთან, ბათუმის მერიის ცნობით, იწმინდება სანიაღვრე არხები და ცხაურები.

მათივე ინფორმაციით, ქალაქთან შემოერთებულ რამდენიმე ლოკაციაზე მიწის მასა მსუბუქად ჩამოიშალა.

„მერიის შესაბამისი სამსახურები განაგრძობენ უწყვეტ რეჟიმში მუშაობას,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.