ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით მჟავანაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის წევრები კურორტ გომის მთაზე მიწებს ითვისებენ.
,,კურორტი ფაქტიურად გაწირეს და ამის ნათელი მაგალითი არის წულუკიანის მიერ გაკეთებული განცხადება, ეს მოხდა ჯერ კიდევ 2020 წლის 3 აგვისტოს, მაშინ როდესაც ის ავიდა გომის მთის დასათვალიერებლად და გასცა ბრძანება, პრაქტიკულად დააკანონა უკანონობა და ადამიანებს საშუალება მისცა ხმების სანაცვლოდ იქ მიეთვისებინათ მიწები. ეს ბოროტად გამოიყენა ,,ქართული ოცნების ადგილობრივმა წრმომადგენლებმა.
მაგალითად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს პირდაპირ დეკლარაციაში უწერია მივითვისეო და ეს სახელმწიფომ დაურეგისტრირა. პროკურატურის გავრცელებულ მეორე განცხადებას ვკითხულობთ, სადაც 24 ადამიანს ედავებიან სისხლის სამართლის დანაშაულს. ვინც ,,ქოცი“ იყო დაურეგისტრირეს და ვინც არ მოეწონათ იმათ კიდევ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააკისრეს. ეს არის დანაშაული, დანაშაული არ უნდა წაახალისო“, - განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით მჟავანაძემ.
ამასთან, ხმაურისა და ფიზიკური დაპირისპირების გამო სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.