თეგი: სტუდენტები

მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით, ახალი პროგრამა ამოქმედდება

თბილისის მერია მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით, ახალ პროგრამას იწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, ახალი პროგრამის თანახმად, დაფინანსდებიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილი) წევრი სტუდენტები და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები, რომელთაც განცხადების შეტანის მომენტისთვის თბილისში რეგისტრაცია არანაკლებ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უფიქსირდებათ. „მოგეხსენებათ, რომ უკვე გვაქვს პროგრამა სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის მიზნით, რომლის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლის საფასურს ვუფინანსებთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშემწყობი პროგრამა, რომლითაც ძალიან ბევრ სტუდენტს დავეხმარეთ. ჩვენ 2021 წელს ბიუჯეტი გავაორმაგეთ. საერთო ჯამში, დაახლოებით, 4 000-მდე სტუდენტი დაფინანსდა. ამ პროგრამას ვამატებთ ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებას. თბილისის მერია იწყებს ახალ პროგრამას მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით. რაც შეეხება ახალ პროგრამას, დაფინანსდებიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილი) წევრი სტუდენტები და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები, რომელთაც განცხადების შემოტანის მომენტისთვის, არანაკლებ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, თბილისში რეგისტრაცია უფიქსირდებათ“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, სტუდენტების დაფინანსება სემესტრულად, წელიწადში ორჯერ გაიცემა. „იქნება 100%-იანი, 70%-იანი დაფინანსებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ხელს შეუწყობს სტუდენტებს მრავალშვილიანი ოჯახებიდან და შშმ პირებს. უახლოეს მომავალში მივმართავთ თბილისის საკრებულოს, რომ განახორციელონ სტუდენტთა დაფინანსების წესში შესაბამისი ცვლილებები, რათა მაისში შევძლოთ განცხადებების მიღება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.  

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, დღეს უნივერსიტეტში სტუდენტთა მცირე ჯგუფის საპროტესტო გამოსვლისას „არაერთ ძალადობრივ ქმედებას ჰქონდა ადგილი“. კერძოდ, აღნიშნავენ, რომ აქციის მონაწილეებმა ფიზიკური ზეწოლით დაიკავეს რექტორატი, რა დროსაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ. 4 თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში, ერთს ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს განვითარებული მოვლენების ფონზე მივიღეთ გადაწყვეტილება, მედიასა და საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი პოზიცია და უნივერსიტეტის მიერ სწავლის არადისტანციურ ფორმატში აღდგენის შემდეგ გადადგმული ნაბიჯები. მოგეხსენებათ, რომ პანდემიის დროს სწავლა მიმდინარეობდა ონლაინ ფორმატში. დისტანციური სწავლება იყო გამოსავალი, რომელიც უნივერსიტეტმა აირჩია მაშინ, როცა სხვა გამოსავალი არ არსებობდა. პანდემიის დასრულების შემდეგ კი, ბუნებრივია, უნივერსიტეტი დაუბრუნდა სწავლებისა და მუშაობის ჩვეულ რეჟიმს. ინფორმაცია სასწავლო პროცესების ვადების შესახებ სტუდენტებს 18 თებერვალს მივაწოდეთ. სტუდენტების დიდი ნაწილი 7 მარტიდანვე ითხოვდა სააუდიტორიო სწავლებას. თუმცა, იმ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებისა და ფსიქოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით, რომლებიც თან ახლდა სტუდენტებისა თუ პროფესურის დაბრუნებას ორი წლის შემდეგ აუდიტორიებში, ყველა ფაკულტეტს 2 თვეზე მეტი დრო მიეცა სასწავლო პროცესისათვის მოსამზადებლად. ჩვენ გავითვალისწინეთ ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონში მცხოვრები, აგრეთვე, დასაქმებული სტუდენტების სასწავლო პროცესში სრულყოფილად მონაწილეობისთვის 11 მაისს თსუ რექტორის ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესი 13 მაისიდან შერეული (ჰიბრიდული) ფორმატით წარიმართა, დასკვნითი და დამატებითი გამოცდები კი ჩატარდება არადისტანციურ, სრულად დასწრებით ფორმატში, რადგან ეს არის ცოდნის შემოწმება-შეფასების ყველაზე უფრო თანასწორი, სამართლიანი და ობიქტური ფორმა. გამონაკლისი დაიშვება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. აქვე ხაზგასასმელია კიდევ ერთი გარემოება. საგამოცდო პროცესში სტუდენტთა მხარდასაჭერად რამდენიმე გადაწყვეტილება იქნა მიღებული: გაიხსნა რეგიონული საგამოცდო ცენტრები ახალციხესა და ქუთაისში, სადაც მხოლოდ 160 სტუდენტი დარეგისტრირდა; საერთო საცხოვრებლები საგამოცდო პერიოდში გახდა უფასო; თუ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, რომელიმე სტუდენტი ობიექტური გარემოებების გამო ვერ მოახერხებს საგამოცდო პროცესში ჩართვას, თითოეული ეს შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად შესაბამისი ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ. ჩვენი მთავარი ამოცანაა ხარისხიანი სწავლების უზრუნველყოფა. უნივერსიტეტი უნდა ფიქრობდეს განათლების ხარისხზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონკურენტული და კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რაც სტანდარტულ ვითარებაში სწორედ აუდიტორიული მეცადინეობის პირობებში მიიღწევა. ამ ნაბიჯების მიუხედავად, სტუდენტთა მცირე ჯგუფი დღემდე აგრძელებს პროტესტს სხვადასხვა, მათ შორის გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩატარების მოთხოვნით. სტუდენტთა ამ მცირე ჯგუფთან კომუნიკაცია პირველივე დღეებიდან მიმდინარეობს. მათ 2 შეხვედრა ჰქონდათ რექტორთან, ხოლო 20-მდე შეხვედრა შედგა რექტორის მოადგილესთან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, მის მოადგილესთან, ფაკულტეტების დეკანებთან, ადმინისტრაციული დეპარტამენტების წარმომადგენლებთან. სამწუხაროდ, პროტესტმა მიიღო ძალადობრივი ფორმა. დღეს უნივერსიტეტში სტუდენტთა მცირე ჯგუფის საპროტესტო გამოსვლისას არაერთ ძალადობრივ ქმედებას ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეებმა ფიზიკური ზეწოლით დაიკავეს რექტორატი, რა დროსაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ. 4 თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში, ერთს ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პროფესურას, დეკანს. აქ ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ამ ძალადობის მონაწილენი იყვნენ როგორც სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, ასევე გარეშე პირები. თითოეულ სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ჩატარდება მოკვლევა, თსუ სტუდენტების საკითხი გადაეცემა უნივერსიტეტის ეთიკის კომისიას, გარეშე პირების ქმედებებს კი მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ჩვენ ვემიჯნებით ასეთ ძალადობრივ ქმედებებს და მოვუწოდებთ ახალგაზრდებს, დატოვონ რექტორატი და დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ დიალოგსა და სასწავლო პროცესს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

თსუ სტუდენტებს მოუწოდებს, დატოვონ რექტორატი და მოლაპარაკების ფორმატზე გადავიდნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მოუწოდებს, დატოვონ რექტორატი და მოლაპარაკების ფორმატზე გადავიდნენ. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ფინალური გამოცდები 20 ივნისიდან დაიწყება და მოქნილი საგამოცდო გრაფიკით ჩატარდება. თსუ-ს პროფესორები: ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას - აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცავი უწყებების მიერ რეაგირება უნდა დაიწყოს თსუ-ს სენატის წევრი სტუდენტები: მკვეთრად ვემიჯნებით დესტრუქციულ ქმედებებს, რასაც გუშინ თსუ–ში ჰქონდა ადგილი „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და ადმინისტრაციამ 14 ივნისს პროტესტის მონაწილე სტუდენტებს კიდევ ერთხელ შესთავაზა შეხვედრა და პროცესის კონსტრუქციულ რეჟიმში გადატანა. ადმინისტრაცია მოუწოდებს სტუდენტებს, დატოვონ რექტორატი და გადავიდნენ მოლაპარაკების ფორმატზე. ასევე, მზადყოფნას გამოთქვამს ყველა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით გამართოს შეხვედრები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლების პრინციპს და ყოველთვის მზად არის სამუშაო ფორმატში შეხვედრისთვის. ვიმედოვნებთ, რომ სტუდენტთა ჯგუფიც გამოთქვამს მზადყოფნას კონსტრუქციული დიალოგისთვის საუნივერსიტეტო საზოგადოების საერთო ინტერესების დასაცავად. სტუდენტებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტზე ფინალური გამოცდები 20 ივნისიდან დაიწყება. სტუდენტთა ცოდნის ობიექტური შეფასებისა და თანასწორი პირობების უზრუნველსაყოფად გამოცდები ჩატარდება აუდიტორიებსა და საგამოცდო ცენტრებში. ამ ეტაპზე, როგორც თბილისის, ასევე რეგიონული საგამოცდო ცენტრები სრულ მზადყოფნაშია. გამოცდები ჩატარდება მოქნილი საგამოცდო გრაფიკით, რათა უნივერსიტეტმა ხელი შეუწყოს უკლებლივ ყველა სტუდენტის საგამოცდო პროცესში ჩართულობას“, - აღნიშნულია თსუ-ის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ თსუ-ს პირველ კორპუსში სტუდენტები რამდენიმე კვირაა აქტიური პროტესტის გზას მიმართავენ და 4 მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვენ. რომელთაგან ორი დისტანციურად გამოცდების ჩაბარების უფლების მინიჭება და სტუდენტური საცხოვრებლის ხელმისაწვდომობაა. ისინი 10 ივნისს რექტორის კაბინეტის დაკავებას ცდილობდნენ, რა დროსაც კართან მდგარი დაცვის წევრების ცოცხალი ჯაჭვის გარღვევა დაჭირდათ. დაძაბულობისას, ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდა პროფესორი რამაზ ხომერიკი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი.  მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სტუდენტების პროტესტისას დაშავდნენ უნივერსიტეტის თანამშრმლები, მათგან 4 კლინიკაში გადაიყვანეს. თსუ-ს სტუდენტურმა მოძრაობამ ბოდიში მოიხადა "პროტესტის გამოხატვის თავისუფლების გადამეტებისთვის". ამასთან, აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენები მედიამ კონტექსტიდან ამოგლეჯილად, მათ პოლიტიკასა და მიზნებს მორგებული კადრებით გააშუქა.  

თსუ რექტორისა და სტუდენტების შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინალური გამოცდები 20 ივნისს დაიწყება და 3 საგამოცდო ცენტრში - თბილისში, ქუთაისსა და ახალციხეში ჩატარდება, - ამის შესახებ რექტორისა და სტუდენტების შეხვედრის შემდეგ უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. მათი ინფორმაციით, რექტორისა და სტუდენტების შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ თითოეული მოთხოვნის შესაბამისად ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფები და პლატფორმები, სადაც სტუდენტებს შეეძლებათ, ადმინისტრაციასთან და აკადემიურ პერსონალთან ერთად, სამუშაო ფორმატში განიხილონ აქტუალური საკითხები. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და ადმინისტრაცია პროტესტის მონაწილე სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, მოლაპარაკების ფორმატში ერთობლივად, პუნქტობრივად განიხილეს სტუდენტთა აღნიშნული ჯგუფის მიერ წარმოდგენილი შემდეგი ძირითადი მოთხოვნები: სტუდენტური საერთო საცხოვრებლების საკითხი, უნივერსიტეტის ბიუჯეტის გამჭვირვალობა, რექტორის არჩევის წესი, ფინალური გამოცდების ფორმატი და სხვა. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ თითოეული საკითხის შესაბამისად ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფები და პლატფორმები, სადაც სტუდენტებს შეეძლებათ, ადმინისტრაციასთან და აკადემიურ პერსონალთან ერთად, სამუშაო ფორმატში განიხილონ აქტუალური საკითხები, გამოიჩინონ ინიციატივა და მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი ცვლილებების განხორციელების პროცესში. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ორგანიზებით თემატური სამუშაო ჯგუფები უკვე მზადაა სტუდენტებთან შესახვედრად და კონსტრუქციულ ფორმატში სამუშაოდ. რაც შეეხება ფინალური გამოცდების ფორმატს, თითოეული ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ფინალური გამოცდები იწყება 20 ივნისს 3 საგამოცდო ცენტრში: თბილისში, ქუთაისსა და ახალციხეში. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ობიექტური გარემოებების გამო ვერ ახერხებს საგამოცდო პროცესში მონაწილეობას, მას მიეცემა საშუალება მიმართოს თავისი ფაკულტეტის ადმინისტრაციას, რომელიც ინდივიდუალურად განიხილავს და შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში სტუდენტებს შესთავაზებს გამოცდის გადატანას სექტემბერში. შესაბამისად, სტუდენტთა გარკვეულ ნაწილთან დაკავშირებული სირთულეებიც მოიხსნება“,- ნათქვამია თსუ-ის განცხადებაში.  

2022 წლის მონაცემებით, 32 100-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, მათგან სახელმწიფო გრანტი 6 550-მა მოიპოვა

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების მიხედვით, 32 100-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, მათგან სახელმწიფო გრანტი 6 550-მა მოიპოვა. დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების 77% გახდა სტუდენტი. „2022 წელს სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 32 100-ზე მეტმა გამოსაცდელმა, რაც რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 77%-ზე მეტს შეადგენს. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 550-მდე გამოსაცდელმა, რომელთაგან 100%-იანი გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, 70%-იანი – 1 500-მდე; 50%-იანი გრანტი კი – 4 000-ზე მეტმა გამოსაცდელმა. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე ჩაირიცხა 1 390-მდე გამოსაცდელი; დაფინანსდა 200-ზე მეტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს მომავალ სტუდენტებს, რომ აუცილებელია უახლოეს დღეებში დაუკავშირდნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულების გასაფორმებლად. აბიტურიენტთა პირველი არჩევნის მიხედვით, გასული წლის მსგავსად, ლიდერობს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები: სამართალი, ფსიქოლოგია, ჰუმანიტარული მიმართულებები, ბიზნესის ადმინისტრირება და ჯანდაცვის მიმართულება“, – აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში. ამასთან, მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილმა 22-მა საგამოცდო ცენტრმა 90 000-მდე აპლიკანტი მიიღო, მათ შორის 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი. ძირითადი სესიების პარალელურად მიმდინარეობდა დამატებითი სესიები იმ გამოსაცდელებისათვის, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ.  

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაზე განცხადებების მიღება დღეიდან დაიწყო

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაზე განცხადებები პირველი სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით მიიღება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის დაფინანსების მიზნით, განცხადებების შემოტანა სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების შეეძლებათ. „თბილისის მერიის მიერ დაფინანსდებიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხნენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი და კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, ან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი. გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულაზე. სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში (არაუმეტეს 1 125 ლარი) 50%, 70% ან 100% დაფინანსება“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, პროგრამით პირველკურსელი სტუდენტებიც ისარგებლებენ. „მინდა, ავღნიშნო, რომ სტუდენტთა დაფინანსების პროგრამით პირველკურსელი სტუდენტებიც ისარგებლებენ. მინდა, მივულოცო მათ სტუდენტობა და ვუსურვო წარმატებები ცხოვრების ახალ ეტაპზე“, – აღნიშნა თბილისის მერმა. სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის მიხედვით, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ სტუდენტებს და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს სწავლა უფინანსდებათ სამივე აკადემიურ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა), ასევე, გაიცემა ფინანსური წახალისება სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებული მაგისტრანტებისთვის (თბილისის მერიის სტიპენდია). პროგრამის ფარგლებში, 2021-2022 სასწავლო წელს 3 964 სტუდენტს გაეწია ფინანსური მხარდაჭერა, მათ შორის 2 962 სტუდენტს დაუფინანსდა სწავლა, ხოლო 1 038 წარჩინებულ მაგისტრანტზე თბილისის მერიის სტიპენდია გაიცა.  

თსუ-ის სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების მთავარი მოითხოვენაა, რომ შეიცვალოს რექტორის არჩევის წესი, რომლითაც აკადემიური საბჭო რექტორს ფარული კენჭისყრით ირჩევს. თსუ-ის რექტორი, გიორგი შარვაშიძე თანამდებობას ტოვებს "მაისის სტუდენტური მოძრაობის" წარმომადგენლის საბა ქერქაძის განცხადებით, უნივერსიტეტის მომავალ რექტორად, სავარაუდოდ ჯაბა სამუშიას კანდიდატურა განიხილება, რომელსაც ახლობლები და ნაცნობები წინსწრებით უკვე ულოცავენ რექტორად არჩევას. "აკადემიური საბჭო უნდა დაიშალოს, აშენდეს სტუდენტური საერთო საცხოვრებელი და სახელმწიფომ დააწესოს საბინაო სუბსიდია სტუდენტებისთვის. სტუდენტები აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, საპროტესტო აქციები მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.  

თსუ-ს სტუდენტები რექტორის არჩევის წესის ცვლილებას ითხოვენ

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ. თსუ-ის რექტორი, გიორგი შარვაშიძე თანამდებობას ტოვებს სტუდენტთა ნაწილი ფიქრობს, რომ დღეს უნივერსიტეტი გარკვეული „კლანის" მიერ იმართება, ხოლო ჯაბა სამუშიას რექტორად შესაძლო, დანიშვნა აბსოლუტურად მიუღებელია. სტუდენტების მთავარი მოთხოვნაა - რექტორის არჩევის წესის ცვლილება და სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრების აშენება. "ეს პროცესი არის არალეგიტიმური. ჯაბა სამუშია წინასწარ იყო რექტორის თანამდებობაზე შერჩეული კანდიდატი და უნივერსიტეტში არჩევნები ფორმალურად არის დანიშნული.", - განაცხადა "მაისის სტუდენტური მოძრაობის" წარმომადგენელმა, საბა ქერქაძემ. ცნობისთვის, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არაუმეტეს 6 თვის ვადით დღეს აირჩევს.  

მიხეილ ჩხენკელი სტუდენტებს: თქვენ ხართ თაობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს აშენებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ახალგაზრდებს მიმართავს და მათ სტუდენტთა საერთაშორისო დღეს ულოცავს. „17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღეა – მინდა, თითოეულ სტუდენტს მივულოცო ეს მნიშვნელოვანი თარიღი, რომელიც უკვე მრავალი წელია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სტუდენტებზე ზრუნვა და მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. მჯერა, მომდევნო წლები თქვენთვის განსაკუთრებული შესაძლებლობებითა და პასუხისმგებლობებით სავსე იქნება. გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ თაობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს აშენებს და თქვენი თითოეული გამარჯვებით მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ საქართველოს განვითარებისა და წინსვლის საქმეში. კიდევ ერთხელ გილოცავთ, წარმატებებსა და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს გისურვებთ!“, – აცხადებს მიხეილ ჩხენკელი. 17 ნოემბერს სტუდენტთა საერთაშორისო დღე მსოფლიოში 1946 წლიდან, ხოლო საქართველოში 2009 წლიდან აღინიშნება.  

სტუდენტები სავალდებულო-სამხედრო სამსახურის გავლას სწავლის პარალელურად შეძლებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სტუდენტები სავალდებულო-სამხედრო სამსახურის გავლას სწავლის პარალელურად შეძლებენ. პრემიერ-მინისტრის თქმით, მოქალაქეები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, სტუდენტები წელიწადში ერთი თვის განმავლობაში შეძლებენ, რომ მომზადება სამხედრო ბაზებზე გაიარონ. „23 წლამდე ასაკის სტუდენტებს, ვინც გადაწყვეტს, რომ სამხედრო სამსახური გაიაროს, შესაძლებლობა ექნება, ოთხი წლის განმავლობაში, წელიწადში ერთი თვე მომზადება გაიაროს სამხედრო ბაზებზე. ოთხი წლის თავზე, ამ მომზადების საფუძველზე, მას  გავლილი ექნება სავალდებულო-სამხედრო სამსახური“, – განაცხადა პრემიერმა.  

პოლიტიკას არაფერი ესაქმება აუდიტორიაში, როგორც ლექტორის, ისე სტუდენტის მხრიდან - პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ პოლიტიკას არაფერი ესაქმება აუდიტორიაში. მისივე თქმით, ახალგაზრდობა არ არის გასამართლებელი საბუთი. „რაც შეეხება ჩემს მიერ იმ პროცესის შეფასებას, რომელიც აკადემიურ და საგანმანათლებლო სისტემაშია, ჩვენ ვნახეთ, რომ ეს არის პირდაპირ მართული - „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების შეგზავნა ხდებოდა აუდიტორიებში. თქვენ ინფორმაციას საიდან იღებთ, არ ვიცი, მაგრამ ერთი ფაქტი მოხდა, რომელიც პარლამენტის წევრს ეხება, რომელიც ამავე დროს, ლექტორია - ერთმა სტუდენტმა პროტესტი გაითამაშა, აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი არათუ თსუ-ს სტუდენტი არ არის, საერთოდ სტუდენტი არ არის, სხვა უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და სტატუსი შეჩერებული აქვს, საერთოდ არანაირ კავშირში არ არის თსუ-სთან, მიგზავნილი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან იმისთვის, რომ ლექცია ჩაეშალა", - განაცხადა პაპუაშვილმა.  

წარჩინებული სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა ორმაგდება

დღეიდან, 11 სექტემბრიდან, წარჩინებული სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტიპენდია ორმაგდება. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გაორმაგდება იმ სტუდენტების რაოდენობაც, რომლებიც ისარგებლებენ სტიპენდიით და მათი რიცხვი 2 500-ის ნაცვლად, 5 000 იქნება. „მინდა, კიდევ ერთი დადებითი, პოზიტიური ინფორმაცია გავუზიარო ჩვენს სტუდენტებს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სტუდენტებს მაქსიმალურად ვეხმარებით. პირველი, მინდა გამოვყო ჩვენი განათლების საერთაშორისო ცენტრი, ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ უკვე წლებია, ჯერ კიდევ პირველი პრემიერობის დროს დავაფუძნეთ აღნიშნული ცენტრი, 1000-ზე მეტი საუკეთესო, წარჩინებული სტუდენტი გავუშვით უცხოეთში, საუკეთესო უნივერსიტეტებში და სრულიად უფასოდ ვასწავლეთ მათ. ასევე, შედარებისთვის მინდა გავიხსენო ისიც, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტი, საკუთარ შვილს აფინანსებდა ბიუჯეტიდან და საკუთარ ოჯახის წევრებს აფინანსებდნენ ბიუჯეტიდან, უფინანსებდნენ სწავლას, ეს არის განსხვავება. ჩვენ 1000-ზე მეტი საუკეთესო, წარჩინებული სტუდენტი შევარჩიეთ და ვასწავლეთ უცხოეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ბრუნდებიან, ზოგი ბრუნდება, ზოგი არა მარტო სახელმწიფო უწყებაში, არამედ კერძო სტრუქტურებში საქმდებიან და ეს ჩვენი სიმდიდრე და სიძლიერეა. ჩვენ ამ პროექტს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ, ახალი მინისტრი მუშაობს ამ მიმართულებით. მეორე მიმართულებით რაც გვაქვს, ეს არის ადგილზე ნიჭიერი, წარჩინებული, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების დაფასება, მათი წახალისება ერთგვარი, სტიპენდიების სახით. დღეს მოქმედი პროგრამა ითვალისწინებს, დაახლოებით, 2500-ს სტუდენტზე 150 ლარის სტიპენდიას. ჩვენ ამ სტიპენდიას გავაორმაგებთ, დღეიდან გახდება 300 ლარი თითოეულ სტუდენტზე და 5000 წარჩინებული სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას. ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება სიმბოლური იყოს, მაგრამ ეს არის ჩვენი მხრიდან ჟესტი, დაფასება ჩვენი სტუდენტების. ეს კრიტერიუმები, რომლებიც შემუშავდება, დამტკიცდება მინისტრის ბრძანებით,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

მთავრობის გადაწყვეტილებით, სტატუსშეჩერებულ 30 ათასამდე სტუდენტს დავალიანება გაუნულდება

ჩემი გადაწყვეტილებით, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, გაუნულდებათ დავალიანება და მათ შეეძლებათ, რომ სურვილის შემთხვევაში აღადგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა თავიანთ უნივერსიტეტებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა დაავალა განათლებისა და ფინანსთა მინისტრს, რომ დღესვე დაიწყონ კომუნიკაცია და სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს აღნიშნული საკითხი. „ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივია, ჩვენი სტუდენტების სწავლა-განათლება. უმაღლესი სასწავლებლების რეფორმა, რომელზეც ახალი მინისტრი მუშაობს აქტიურად. მინდა შევეხო ერთ პრობლემას, რომელიც ყველას აწუხებს. ეს არის ე.წ. სტატუს შეჩერებული სტუდენტების საკითხი. მე მოვიკითხე ეს ინფორმაცია და განათლების მინისტრისგან მოვისმინე დეტალური ინფორმაცია. დაახლოებით 30 000-მდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული სტატუსი. ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, გაუნულდებათ დავალიანება და მათ შეეძლებათ, რომ სურვილის შემთხვევაში აღადგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა თავიანთ უნივერსიტეტებში. ეს არის დაახლოებით 40 მილიონი ლარის დავალიანება, ამიტომ, მინდა, მე მთავრობის სხდომაზე საჯაროდ მივმართო ჩვენს მინისტრებს, დავავალო განათლებისა და ფინანსთა მინისტრს, რომ დღესვე დაიწყონ კომუნიკაცია და სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს აღნიშნული საკითხი. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს სტუდენტებს მიეცეთ საშუალება, რომ ამ დავალიანების ჩამოწერის შემდეგ კვლავაც შეძლონ მათ, გააგრძელონ სწავლა,“ - განაცხადა პრემიერმა.  

ფინანსთა მინისტრის მოადგილე: არავის უთქვამს, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის 40 მილიონი ლარის გადახდა ბიუჯეტიდან მოხდებოდა

ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, არავის უთქვამს, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის 40 მილიონი ლარის გადახდა ბიუჯეტიდან მოხდებოდა - ითქვა, რომ სტუდენტებს ვალი გაუნულდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ვალი ჩამოეწერებათ. შესაბამისი განცხადება გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში “ევროოპტიმისტების“ წევრებთან შეხვედრისას გააკეთა. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხატია დეკანოიძემ და რომან გოცირიძემ განაცხადეს, საბიუჯეტო ცვლილებებში ასახული არ იყო პრემიერი-მინისტრის მიერ დავალიანების მქონე სტუდენტებისათვის მიცემული დაპირება. ამასთან დაკავშირებით კაკაურიძემ განაცხადა, რომ უნივერსიტეტებისთვის 20%-იანი შეთავაზება გაკეთდა და თუ უნივერსიტეტს 20%-ად უღირს რომ სტუდენტი, რომელიც სწავლის საფასურს ვერ იხდის, 20% გადაუხადო, ვალი ამ პირობით ჩამოიწერება. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მაგალითად საბანკო სექტორი მოიყვანა და აღნიშნა,  რომ საბანკო სექტორში არსებობს დავალიანებები, რომელთა ამოღება არ ხდება, ხდება ჩამოწერა, ხოლო ზოგ შემთხვევაში ბანკს აწყობს, რომ რაღაც ღირებულებით გაიყიდოს. „სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს არ განუცხადებია, რომ თანხას ბიუჯეტიდან სრულად ჩვენ გადავიხდით. პრემიერმა თქვა, რომ სტუდენტებს დავალიანება ჩამოეწერებათ. პრემიერს არ უთქვამს, რომ 40 მილიონ ლარს დავხარჯავთ - პრემიერმა თქვა, რომ ვალი არის 40 მილიონი ლარი, რომელიც სტუდენტებს ჩამოეწერებათ. ის თუ რამდენს დავხარჯავთ, დაახლოებით ორ თვეში გამოჩნდება, როდესაც პროცესი დასრულდება. ბიუჯეტიდან დიდი და მნიშვნელოვანი თანხის დამატება საჭირო არ იქნება. განათლების სამინისტრო თავისი რესურსით ამ თანხების დაფინანსებას უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, 40 მილიონი ლარი არ დაიხარჯება. 20%-იანი ანაზღაურება სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ უნივერსიტეტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ გამოსყიდვა გააკეთოს - ეს ვალდებულება, სტუდენტების მიმართ მოთხოვნა დათმოს და სახელმწიფო ამ თანხას არ მოსთხოვს. თუ რომელიმე უნივერსიტეტს ამის გაკეთება არ ენდომება, ვერავინ აიძულებს. არავინ არავის არაფერს აძალებს. თუ კერძო უნივერსიტეტებს არ ენდომებათ, მათ შეუძლიათ ამაზე უარი თქვან, თუმცა დარწმუნებულია ვარ, რომ შეთავაზება უნივერსიტეტებისთვის მისაღები იქნება,“ - განაცხადა კაკაურიძემ. მთავრობის გადაწყვეტილებით, სტატუსშეჩერებულ 30 ათასამდე სტუდენტს დავალიანება გაუნულდება  

თსუ-ის სტუდენტები, რომლებსაც უნივერსიტეტის კანცელარია აქვთ დაკავებული, პროტესტს აგრძელებენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილს, მეორე დღეა, დაკავებული აქვს უნივერსიტეტის კანცელარია და უნივერსიტეტის გაფიცვას ითხოვენ. სტუდენტების განცხადებით, ისინი კანცელარიიდან იქამდე არ გამოვლენ, ვიდრე უნივერსიტეტი მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტის, აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ვახუშტი მენაბდის განცხადებით, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა იყო მორატორიუმის გამოცხადება გამოსახლებაზე, ასევე, კაკო ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას გათავისუფლება, რომლებსაც სასამართლომ 25 იანვარს პატიმრობა შეუფარდა. კაკო ჩიქობავა თსუ-ის პროფესორია. გიორგი ხასაია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. „უნივერსიტეტის სტუდენტებმა დაიკავეს თსუ-ის პირველი კორპუსი. ჩვენ მოვედით აქ იმისთვის, რომ სტუდენტებს მხარი დავუჭიროთ. ჩვენი მოთხოვნა არის ერთიანი და ეს მოთხოვნა უწინარესად არის მორატორიუმის გამოცხადება მოსახლეობაზე და ასევე ჩვენი ორი მეგობრის, კაკო ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას გათავისუფლება, გუშინ მათ სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთი მხრივ, სადავოდ არ ხდიდნენ წაყენებულ ბრალს, ხოლო მეორე მხრივ, მზად იყვნენ აენაზღაურებინათ ზიანი, სასამართლომ ისინი უსამართლოდ დატოვა წინასწარ პატიმრობაში. ეს არის ჩვენთვის გასაგები პოზიცია, რომ დაისჯება ყველა, ვინც წინ აღუდგება ამ ალიანსს, რომელიც არსებობს ხელისუფლებასა და სამევახშეო სისტემას შორის. ჩვენ ვითხოვთ ცვლილებებს, რომ ეს რეფორმები, რომელიც მოითხოვს რეფორმებს ეროვნული ბანკის ფუნქციებში, კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში და გამოსახლების პროცედურებთან დაკავშირებით, გახდეს დემოკრატიული და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი,” - განუცხადა ვახუშტი მენაბდემ მედიას 26 იანვარს. დემონსტრანტების თქმით, რექტორი ჯაბა სამუშია წუხელ რამდენიმე მათგანს შეხვდა და განუცხადა, რომ თსუ-ის სტუდენტებს მხოლოდ მას შემდეგ შეხვდება სხვა აუდიტორიაში, რაც კანცელარიას ყველანი დატოვებენ და „ძალადობას შეწყვეტენ.“ დემონსტრანტებმა მისი ეს მოთხოვნა არ გაიზიარეს და ამბობენ, რომ კანცელარიაში სადისკუსიო სივრცე აქვთ მოწყობილი და მშვიდობიანად გამოხატავენ პროტესტს. ცნობისთვის, დაკავებულებს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ილიას უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამამ ღრმა შეშფოთება გამოხატა ხასაიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე და სახელმწიფოს მისი დროულად გათავისუფლებისკენ მოუწოდა. თსუ-ში შეკრებილები რექტორისა და უნივერსიტეტისგან ითხოვენ, გაავრცელონ ამავე უნივერსიტეტის პროფესორის, კაკო ჩიქობავას მხარდამჭერი განცხადება.