თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მოუწოდებს, დატოვონ რექტორატი და მოლაპარაკების ფორმატზე გადავიდნენ. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ფინალური გამოცდები 20 ივნისიდან დაიწყება და მოქნილი საგამოცდო გრაფიკით ჩატარდება.
- თსუ-ს პროფესორები: ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას - აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცავი უწყებების მიერ რეაგირება უნდა დაიწყოს
- თსუ-ს სენატის წევრი სტუდენტები: მკვეთრად ვემიჯნებით დესტრუქციულ ქმედებებს, რასაც გუშინ თსუ–ში ჰქონდა ადგილი
„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და ადმინისტრაციამ 14 ივნისს პროტესტის მონაწილე სტუდენტებს კიდევ ერთხელ შესთავაზა შეხვედრა და პროცესის კონსტრუქციულ რეჟიმში გადატანა. ადმინისტრაცია მოუწოდებს სტუდენტებს, დატოვონ რექტორატი და გადავიდნენ მოლაპარაკების ფორმატზე. ასევე, მზადყოფნას გამოთქვამს ყველა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით გამართოს შეხვედრები.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლების პრინციპს და ყოველთვის მზად არის სამუშაო ფორმატში შეხვედრისთვის. ვიმედოვნებთ, რომ სტუდენტთა ჯგუფიც გამოთქვამს მზადყოფნას კონსტრუქციული დიალოგისთვის საუნივერსიტეტო საზოგადოების საერთო ინტერესების დასაცავად.
სტუდენტებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტზე ფინალური გამოცდები 20 ივნისიდან დაიწყება. სტუდენტთა ცოდნის ობიექტური შეფასებისა და თანასწორი პირობების უზრუნველსაყოფად გამოცდები ჩატარდება აუდიტორიებსა და საგამოცდო ცენტრებში. ამ ეტაპზე, როგორც თბილისის, ასევე რეგიონული საგამოცდო ცენტრები სრულ მზადყოფნაშია. გამოცდები ჩატარდება მოქნილი საგამოცდო გრაფიკით, რათა უნივერსიტეტმა ხელი შეუწყოს უკლებლივ ყველა სტუდენტის საგამოცდო პროცესში ჩართულობას“, - აღნიშნულია თსუ-ის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თსუ-ს პირველ კორპუსში სტუდენტები რამდენიმე კვირაა აქტიური პროტესტის გზას მიმართავენ და 4 მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვენ. რომელთაგან ორი დისტანციურად გამოცდების ჩაბარების უფლების მინიჭება და სტუდენტური საცხოვრებლის ხელმისაწვდომობაა. ისინი 10 ივნისს რექტორის კაბინეტის დაკავებას ცდილობდნენ, რა დროსაც კართან მდგარი დაცვის წევრების ცოცხალი ჯაჭვის გარღვევა დაჭირდათ. დაძაბულობისას, ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდა პროფესორი რამაზ ხომერიკი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სტუდენტების პროტესტისას დაშავდნენ უნივერსიტეტის თანამშრმლები, მათგან 4 კლინიკაში გადაიყვანეს.
თსუ-ს სტუდენტურმა მოძრაობამ ბოდიში მოიხადა "პროტესტის გამოხატვის თავისუფლების გადამეტებისთვის". ამასთან, აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენები მედიამ კონტექსტიდან ამოგლეჯილად, მათ პოლიტიკასა და მიზნებს მორგებული კადრებით გააშუქა.