ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, არავის უთქვამს, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის 40 მილიონი ლარის გადახდა ბიუჯეტიდან მოხდებოდა - ითქვა, რომ სტუდენტებს ვალი გაუნულდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ვალი ჩამოეწერებათ.
შესაბამისი განცხადება გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში “ევროოპტიმისტების“ წევრებთან შეხვედრისას გააკეთა.
როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხატია დეკანოიძემ და რომან გოცირიძემ განაცხადეს, საბიუჯეტო ცვლილებებში ასახული არ იყო პრემიერი-მინისტრის მიერ დავალიანების მქონე სტუდენტებისათვის მიცემული დაპირება.
ამასთან დაკავშირებით კაკაურიძემ განაცხადა, რომ უნივერსიტეტებისთვის 20%-იანი შეთავაზება გაკეთდა და თუ უნივერსიტეტს 20%-ად უღირს რომ სტუდენტი, რომელიც სწავლის საფასურს ვერ იხდის, 20% გადაუხადო, ვალი ამ პირობით ჩამოიწერება.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მაგალითად საბანკო სექტორი მოიყვანა და აღნიშნა, რომ საბანკო სექტორში არსებობს დავალიანებები, რომელთა ამოღება არ ხდება, ხდება ჩამოწერა, ხოლო ზოგ შემთხვევაში ბანკს აწყობს, რომ რაღაც ღირებულებით გაიყიდოს.
„სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს არ განუცხადებია, რომ თანხას ბიუჯეტიდან სრულად ჩვენ გადავიხდით. პრემიერმა თქვა, რომ სტუდენტებს დავალიანება ჩამოეწერებათ. პრემიერს არ უთქვამს, რომ 40 მილიონ ლარს დავხარჯავთ - პრემიერმა თქვა, რომ ვალი არის 40 მილიონი ლარი, რომელიც სტუდენტებს ჩამოეწერებათ. ის თუ რამდენს დავხარჯავთ, დაახლოებით ორ თვეში გამოჩნდება, როდესაც პროცესი დასრულდება. ბიუჯეტიდან დიდი და მნიშვნელოვანი თანხის დამატება საჭირო არ იქნება. განათლების სამინისტრო თავისი რესურსით ამ თანხების დაფინანსებას უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, 40 მილიონი ლარი არ დაიხარჯება.
20%-იანი ანაზღაურება სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ უნივერსიტეტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ გამოსყიდვა გააკეთოს - ეს ვალდებულება, სტუდენტების მიმართ მოთხოვნა დათმოს და სახელმწიფო ამ თანხას არ მოსთხოვს.
თუ რომელიმე უნივერსიტეტს ამის გაკეთება არ ენდომება, ვერავინ აიძულებს. არავინ არავის არაფერს აძალებს. თუ კერძო უნივერსიტეტებს არ ენდომებათ, მათ შეუძლიათ ამაზე უარი თქვან, თუმცა დარწმუნებულია ვარ, რომ შეთავაზება უნივერსიტეტებისთვის მისაღები იქნება,“ - განაცხადა კაკაურიძემ.