თსუ-ის სტუდენტები, რომლებსაც უნივერსიტეტის კანცელარია აქვთ დაკავებული, პროტესტს აგრძელებენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილს, მეორე დღეა, დაკავებული აქვს უნივერსიტეტის კანცელარია და უნივერსიტეტის გაფიცვას ითხოვენ. სტუდენტების განცხადებით, ისინი კანცელარიიდან იქამდე არ გამოვლენ, ვიდრე უნივერსიტეტი მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტის, აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ვახუშტი მენაბდის განცხადებით, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა იყო მორატორიუმის გამოცხადება გამოსახლებაზე, ასევე, კაკო ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას გათავისუფლება, რომლებსაც სასამართლომ 25 იანვარს პატიმრობა შეუფარდა.

კაკო ჩიქობავა თსუ-ის პროფესორია. გიორგი ხასაია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.


„უნივერსიტეტის სტუდენტებმა დაიკავეს თსუ-ის პირველი კორპუსი. ჩვენ მოვედით აქ იმისთვის, რომ სტუდენტებს მხარი დავუჭიროთ. ჩვენი მოთხოვნა არის ერთიანი და ეს მოთხოვნა უწინარესად არის მორატორიუმის გამოცხადება მოსახლეობაზე და ასევე ჩვენი ორი მეგობრის, კაკო ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას გათავისუფლება, გუშინ მათ სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთი მხრივ, სადავოდ არ ხდიდნენ წაყენებულ ბრალს, ხოლო მეორე მხრივ, მზად იყვნენ აენაზღაურებინათ ზიანი, სასამართლომ ისინი უსამართლოდ დატოვა წინასწარ პატიმრობაში. ეს არის ჩვენთვის გასაგები პოზიცია, რომ დაისჯება ყველა, ვინც წინ აღუდგება ამ ალიანსს, რომელიც არსებობს ხელისუფლებასა და სამევახშეო სისტემას შორის.

ჩვენ ვითხოვთ ცვლილებებს, რომ ეს რეფორმები, რომელიც მოითხოვს რეფორმებს ეროვნული ბანკის ფუნქციებში, კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში და გამოსახლების პროცედურებთან დაკავშირებით, გახდეს დემოკრატიული და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი,” - განუცხადა ვახუშტი მენაბდემ მედიას 26 იანვარს.


დემონსტრანტების თქმით, რექტორი ჯაბა სამუშია წუხელ რამდენიმე მათგანს შეხვდა და განუცხადა, რომ თსუ-ის სტუდენტებს მხოლოდ მას შემდეგ შეხვდება სხვა აუდიტორიაში, რაც კანცელარიას ყველანი დატოვებენ და „ძალადობას შეწყვეტენ.“ დემონსტრანტებმა მისი ეს მოთხოვნა არ გაიზიარეს და ამბობენ, რომ კანცელარიაში სადისკუსიო სივრცე აქვთ მოწყობილი და მშვიდობიანად გამოხატავენ პროტესტს.

ცნობისთვის, დაკავებულებს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ილიას უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამამ ღრმა შეშფოთება გამოხატა ხასაიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე და სახელმწიფოს მისი დროულად გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

თსუ-ში შეკრებილები რექტორისა და უნივერსიტეტისგან ითხოვენ, გაავრცელონ ამავე უნივერსიტეტის პროფესორის, კაკო ჩიქობავას მხარდამჭერი განცხადება.