მთავრობის გადაწყვეტილებით, სტატუსშეჩერებულ 30 ათასამდე სტუდენტს დავალიანება გაუნულდება

ჩემი გადაწყვეტილებით, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, გაუნულდებათ დავალიანება და მათ შეეძლებათ, რომ სურვილის შემთხვევაში აღადგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა თავიანთ უნივერსიტეტებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა დაავალა განათლებისა და ფინანსთა მინისტრს, რომ დღესვე დაიწყონ კომუნიკაცია და სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს აღნიშნული საკითხი.

„ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივია, ჩვენი სტუდენტების სწავლა-განათლება. უმაღლესი სასწავლებლების რეფორმა, რომელზეც ახალი მინისტრი მუშაობს აქტიურად. მინდა შევეხო ერთ პრობლემას, რომელიც ყველას აწუხებს. ეს არის ე.წ. სტატუს შეჩერებული სტუდენტების საკითხი. მე მოვიკითხე ეს ინფორმაცია და განათლების მინისტრისგან მოვისმინე დეტალური ინფორმაცია. დაახლოებით 30 000-მდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული სტატუსი. ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, გაუნულდებათ დავალიანება და მათ შეეძლებათ, რომ სურვილის შემთხვევაში აღადგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა თავიანთ უნივერსიტეტებში.

ეს არის დაახლოებით 40 მილიონი ლარის დავალიანება, ამიტომ, მინდა, მე მთავრობის სხდომაზე საჯაროდ მივმართო ჩვენს მინისტრებს, დავავალო განათლებისა და ფინანსთა მინისტრს, რომ დღესვე დაიწყონ კომუნიკაცია და სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს აღნიშნული საკითხი. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს სტუდენტებს მიეცეთ საშუალება, რომ ამ დავალიანების ჩამოწერის შემდეგ კვლავაც შეძლონ მათ, გააგრძელონ სწავლა,“ - განაცხადა პრემიერმა.