შეთანხმება არაფერს ამბობს ყარაბაღის სტატუსის შესახებ - ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სატელევიზიო მიმართვისას ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის დადებული ომის შეწყვეტის შეთანხმება არაფერს ამბობს მთიანი ყარაბაღის სტატუსის შესახებ. ინფორმაციას აზერბაიჯანული APA ავრცელებს.

“განცხადება არაფერს ამბობს მთიანი ყარაბაღის სტატუსის შესახებ, მაგრამ სად არის სომხური მხარის მოთხოვნები, რომ ყარაბაღი დამოუკიდებელი უნდა გამხდარიყო? როცა მე მათ ავტონომია შევთავაზე, მათ უარი განაცხადეს. <ეს დამოუკიდებელი სახელმწიფოა>, მითხრეს სომხებმა. შეთანხმებაში არცერთი სიტყვა არაა სტატუსის შესახებ. რა მოხდა? არცერთი სიტყვა არ არის ამის შესახებ და არც იქნება, სანამ მე პრეზიდენტი ვარ.”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

მანამდე, ბრიტანული BBC-ის ეთერში ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხურ მოსახლეობას შეეძლო ესარგებლა თვითმმართველობის უფლებით, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანი სრულად აღადგენდა კონტროლს მთიან ყარაბაღზე. ალიევის თქმით შესაძლებელი იყო მუნიციპალური მმართველობა და/ან კულტურული ავტონომია.

სომხეთს, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ომის დასრულების შეთანხმებას ხელი დღეს ღამით მოეწერა, რასაც ერევანში საპროტესტო აქციები მოჰყვა, სადაც პრემიერ მინისტრისა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. მეორე მხრივ, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მიღწეული შეთანხმება აზერბაიჯანის ისტორიული გამარჯვებაა.

შეთანხმების მიხედვით, სომხეთი იღებს ვალდებულებას აზერბაიჯანს გადასცეს მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქს მიღმა არსებული აზერბაიჯანული რაიონები, რომლებსაც ახლა სომხეთი აკონტროლებს. ასევე სომხურმა ძალებმა უნდა დატოვონ მთიანი ყარაბაღიც. კონფლიქტის ზონაში შედის რუსი მშვიდობისმყოფელთა ჯგუფი. აგრეთვე, სომხეთი იღებს ვალდებულებას რომ უზრუნველყოფს/არ შეაფერხებს ნახიჩევანისა და დანარჩენი აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას.

"1. 2020 წლის 10 ნოემბრის მოსკოვის დროით 00:00 საათიდან ცეცხლის სრულად შეწყვეტაზე და საბრძოლო მოქმედებების დასრულებაზე მთიანი ყარაბაღის ზონაში. აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა, შემდგომში – მხარეები, მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე დარჩებიან.

2. აღდამის რაიონი და სომხეთის მიერ ყაზახის რაიონში დაკავებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიები დაუბრუნდება აზერბაიჯანის მხარეს 2020 წლის 20 ნოემბრამდე.

3. მთიანი ყარაბაღის გამყოფი ხაზისა და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ, რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი მცირე ზომის იარაღით აღჭურვილი 1 960 სამხედრო მოსამსახურით, 90 ჯავშანტექნიკითა და 380 ერთეული საავტომობილო და სპეციალური ტექნიკით განლაგდება.

4. რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი სომხეთის სამხედრო ძალის გაყვანის პარალელურად განლაგდება. რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის ადგილზე ყოფნის ვადა 5 წლით განისაზღვრება, შემდეგი 5 წლის პერიოდით ავტომატურად განახლების პირობით, იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი მხარე არ განაცხადებს ამ დებულების გამოყენების შეწყვეტის შესახებ ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე.

5. კონფლიქტის მხარეების მიერ შეთანხმებების შესრულებაზე კონტროლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, სამშვიდობო ცენტრი შეიქმნება, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას გააკონტროლებს.

6. სომხეთის რესპუბლიკა 2020 წლის 15 ნოემბრამდე აზერბაიჯანის რესპუბლიკას ქალბაჯარის რაიონს, 1-ელ დეკემბრამდე კი ლაჩინის რაიონს გადასცემს, თუმცა დაიტოვებს ლაჩინის დერეფანს, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის და ამავდროულად არ შეეხება ქალაქ შუშას. მხარეების შეთანხმების მიხედვით, უახლოეს სამ წელიწადში განისაზღვრება გეგმა ლაჩინის დერეფანში მოძრაობის მარშრუტთან დაკავშირებით, რომელიც სტეფანაკერტსა და სომხეთს შორის კავშირს უზრუნველყოფს, სადაც რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი ამ მარშრუტის უსაფრთხოების დასაცავად განლაგდება. აზერბაიჯანის რესპუბლიკა ლაჩინის კორიდორში მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთის უსაფრთხო გადაადგილების დაცვას უზრუნველყოფს.

7. იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები ბრუნდებიან მთიანი ყარაბაღისა და მიმდებარე ტერიტორიებზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისის კონტროლით.

8. მხარეებს შორის სამხედრო ტყვეების, სხვა დაკავებული პირებისა და გარდაცვლილთა ცხედრების გაცვლა მოხდება.

9. რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი განიბლოკება. სომხეთის რესპუბლიკა უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, რათა ორგანიზება გაეწიოს მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთების შეუფერხებლად გადაადგილებას ორივე მიმართულებით. სატრანსპორტო კონტროლს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ორგანოები განახორციელებენ. მხარეების შეთანხმებით, ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა განხორციელდება, რომელიც ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებთან დააკავშირებს“, – ნათქვამია შეთანხმების ტექსტში, რომელსაც ხელს აწერენ სომხეთის პრემიერი, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტები.