სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი ალენ სიმონიანი თურქეთის მხრიდან სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისთვის საფრთხეს ვერ ხედავს. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სიმონიანმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, როდესაც სომხეთიდან რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის გაყვანის შესახებ დისკუსიებსა და ამ კონტექსტში შესაძლო რისკებზე ისაუბრა. სიმონიანი ამბობს, რომ არ სურს, რუსული ბაზის საკითხი თურქეთის საფრთხეს დაუკავშიროს.
„არ ვფიქრობ, რომ თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზება რუსული სამხედრო ბაზის განლაგებას უნდა უკავშირდებოდეს; ეს რუსული მხარის მიერ წამოჭრილი პოლიტიკური განხილვის თემაა. თუმცა სომხურმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა ამ განხილვის შედეგის მიუხედავად. მე ვერ ვხედავ თურქეთიდან საფრთხეს სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისთვის. 2025 წლის 8 აგვისტოდან მოყოლებული, სერთოდ ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ,“ - განაცხადა სიმონიანმა.
უშიშროების საბჭოს მდივანს ასევე ჰკითხეს, თუ რატომ რჩება რუსული სამხედრო ბაზა სომხეთში. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სომხეთს არასდროს დაუყენებია სომხეთიდან რუსული სამხედრო ბაზის გაყვანის საკითხი და ეს რუსულმა მხარემ გააკეთა.
„ჩვენ მსგავს საკითხს არ განვიხილავთ და არც განგვიხილავს. ეს მათ დღის წესრიგში შემოტანილი საკითხია, რომლის ნებისმიერი შედეგი ჩვენთვის მისაღებია,“ - აღნიშნა ალენ სიმონიანმა.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მინიშნებას, რომ თუ რუსეთი გაზის ფასს გაზრდის, სომხეთმა შეიძლება, სამხედრო ბაზის მომსახურებისთვის ქირა მოითხოვოს, სიმონიანმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა: „უნდა შევაფასოთ ჩვენი ურთიერთობები... თქვენ ძირითადად სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების ნეგატიურ ასპექტებზე მიუთითებთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს მრავალი სფერო, სადაც სომხეთი და რუსეთი თანამშრომლობენ და სომხეთს, თავის მხრივ, მნიშვნელოვან სარგებელს მოაქვს რუსეთის ეკონომიკისთვის.“
ურთიერთობები თურქეთთან
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ალენ სიმონიანი არ თვლის, რომ თურქეთ-სომხეთის საზღვრის გახსნის პროცესი შეჩერებულია.
„სომხეთის საზღვარი თურქეთთან ღიაა. პროცესი არ შეჩერებულა, შენელდა. ამას უფრო მეტად ვუკავშირებ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული პროცესების დასრულებას, რაც, ჩემი შეფასებით, ცალსახად უახლოესი მომავლის საკითხია. არ არსებობს არანაირი წინაპირობა იმისა, რომ იფიქრო, თითქოს ეს საკითხი არ გადაწყდება ან დამატებით გაჭიანურდება,“ - განაცხადა სიმონიანმა.
უშიშროების საბჭოს მდივანმა განმარტა, რომ თურქეთის მხრიდანაც მიმდინარეობს სამუშაო ამ მიმართულებით, რაც ინფრასტრუქტურის აღდგენისკენაა მიმართული.„ჩვენ ასევე გვაქვს შეხვედრები, ჩვენი ბიზნესმენები მიდიან იქ. ეს არის პროცესი, რომელსაც დადებითი დინამიკა აქვს,“ - აღნიშნა სიმონიანმა.
22 სექტემბერს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ თურქეთმა და სომხეთმა ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში პროგრესს მიაღწიეს.