საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები ამერიკელ სენატორებს, რობ პორტმანსა და ჯინ შაჰინის შეხვდნენ.
როგორც ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა,მხარეებმა შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მისი თქმით, მათ სენატორებს უთხრეს, რომ ორი კრიმინალი უკვე გათავისუფლებულია, ამნისტიის კანონი დამტკიცდება ძალიან მალე
"ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენს პარტნიორებს - ვუთხარით, რომ ორი კრიმინალი არის უკვე გათავისუფლებული, ვუთხარით, რომ ამნისტიის შესახებ კანონი დამტკიცდება ძალიან მალე და ვუთხარით ასევე ის, რომ იმუნიტეტთან დაკავშირებული რეგულაციებიც დამტკიცდება ძალიან მალე და შესაბამისად შეთანხმების ეს პუნქტი უკვე აღსრულებული იქნება ამ თვის ბოლომდე", - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, სენატორებს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით იმაში, რომ მთელ რიგ სენატის მიერ დამტკიცებულ აქტებში არის საქართველოს მყარი მხარდაჭერა ასახული.
"მათი როლი მნიშვნელოვანი იყო შიდა პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესების კუთხით. ჩვენ სენატორ შაჰინთან შეხვედრა გვქონდა ცოტახნით ადრე, ვიდრე ხელი მოეწერებოდა აპრილის შეთანხმებას და ამ დისკუსიამ, ამ შეხვედრამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმაში, რომ სწორი ნაბიჯები გადავდგით საბოლოო ჯამში და ხელი მოვაწერეთ იმ შეთანხმებას, რომელიც წაადგება ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ეს იყო გამარჯვება არამარტო ჩვენი გუნდისთვის, "ქართული ოცნებისთვის", არამედ ეს იყო გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის და ამ პროცესში სენატორ შაჰინს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვოდა.
ჩვენ ხაზი გავუსვით მიშელის დოკუმენტის აღსრულებას, მათ შორის ხელმოწერის და შემდეგ აღსრულების მნიშვნელობას და ამასთან დაკავშირებით გავცვალეთ ინფორმაცია და გვქონდა საინტერესო დისკუსია. შევეხეთ, რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტის ყველა ასპექტს - ეს იყო საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა და ა.შ. გვქონდა დისკუსია ყველა ასპექტთან დაკავშირებით, გავაცანი ჩვენი გეგმები და იყო ინფორმაციების გაცვლა.
ჩვენ კონკრეტიკაზე არ გვისაუბრია, ჩვენ ვისაუბრეთ ზოგად საკითხებზე. ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენს პარტნიორებს - ვუთხარით, რომ ორი კრიმინალი არის უკვე გათავისუფლებული, ვუთხარით, რომ ამნისტიის შესახებ კანონი დამტკიცდება ძალიან მალე და ვუთხარით ასევე ის, რომ იმუნიტეტთან დაკავშირებული რეგულაციებიც დამტკიცდება ძალიან მალე, შესაბამისად შეთანხმების ეს პუნქტი უკვე აღსრულებული იქნება თავიდან ბოლომდე ამ თვის ბოლომდე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხემძღვანელობით საქართველოს ეწვია
სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ